Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჩალიკაშვილი "ოცნებიდან" გასულ დეპუტატებს საპარლამენტო კომისიის შექმნაში მხარდაჭერას სთხოვს


პანკისის სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი თხოვნით მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გასულ დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას. დეპუტატებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა დეპუტატებთან, თინა ბოკუჩავასა და ელენე ხოშტარიასთან ერთად, პარლამენტის შენობის წინ მიმართა მას შემდეგ, რაც პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცეს.

„გაერთიანებული ოპოზიცია, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, - ეს პარტიები სრულიად მხარს მიჭერს, რომ შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია. დანარჩენი მინდა პირადად მივმართო დიდი თხოვნით იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე „ქართული ოცნებიდან“ გამოვიდნენ და არიან, ასე ვთქვათ, გარეთ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისი მიმართვის ადრესატები, კერძოდ, არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე, მარიამ ჯაში, ზვიად ძიძიგური, ბიძინა გეგიძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ნინო გოგუაძე, გიორგი მოსიძე, გიორგი ბეგაძე, გედევან ფოფხაძემ, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი და ზაზა ხუციშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ადამიანები მხარს დაუჭერენ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას.

„როდესაც ფორმალურადაც კი პროკურატურამ დაასრულა გამოძიება, ერთადერთი ბერკეტი, რაც გაგვაჩნია, არის ის, რომ შეიქმნას კომისია და აქ გაირკვეს სიმართლე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე“, - განაცხადა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ. დეპუტატ ელენე ხოშტარიას შეფასებით კი, პარლამენტში ოპოზიციური ძალებისა და უმრავლესობიდან გასული დეპუტატების სახით არის იმის რესურსი, რომ კომისია შეიქმნას.

„მე ვფიქრობ, რომ დღეს პარლამენტში, ამ უკვე დაჩეხილ პარლამენტში ამის რესურსი არის, თუ ეს დამოუკიდებელი დეპუტატები და ოპოზიციური ძალები ამ კომისიის შექმნას მოაწერენ ხელს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან დღეს, 29 იანვარს შეუძლოდ გახდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხზე ბრიფინგის გამართვას პარლამენტის შენობაში აპირებდა, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა არ შეუშვეს.

მოსალოდნელი პროვოკაციის თავიდან არიდების არგუმენტით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მიიღო.

პროკურატურამ თემირლან მაჩლიკაშვილის მიმართ, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყვიტა. მიზეზად კი დასახელდა საქმეში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, რისთვისაც აქციებს მართავენ პარლამენტის შენობის წინ. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG