Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე კონგრესმენების წერილებზე: კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი და ასეთი განცხადებები


კახა კალაძე, თბილისის მერი
კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ კონგრესმენების ტონი კატეგორიულად მიუღებელია და მათ განცხადებები სცდება მეგობრული ურთიერთობების ფარგლებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოგზავნილი წერილების საკითხის კომენტირებისას თბილისის მერმა განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლები მეგობარ ქვეყანას ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ:

„განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, სცდება ყოველგვარ ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას. იცით, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლები ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ მეგობარ ქვეყანას. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ერთი საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიას.

ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს არსებობდა ეს პრობლემა და ძალიან კარგად ვიცი, რას წარმოადგენს ეს კომპანია. მხედველობაში მაქვს „ფრონტერა“. ჩვენ დავიწყეთ საარბიტრაჟო საქმის წარმოება და დარწმუნებული ვარ, კარგად იციან, რომ ისინი აუცილებლად წააგებენ ამ საქმეს, რის გამოც თავიანთი ლობიზმი გააძლიერეს.

თუმცა, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს და აუცილებლად დავიცავთ ჩვენს კომპანიებს, როდესაც მართალი ვართ. ზუსტად ამიტომ არის საქმე არბიტრაჟში, განიხილება და დარწმუნებული ვარ, ნავთობის და გაზის კორპორაცია ამ დავაში გაიმარჯვებს. კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი და კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გასული წლის ბოლოდან რამდენიმე ამერიკელმა კონგრესმენმა მიმართა გიორგი გახარიას საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების კრიტიკით. კონგრესმენების კრიტიკა შეეხებოდა დემოკრატიული პროცესების უკუსვლას, ეკონომიკური კეთილდღეობის შემცირებას, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას და სხვა.

XS
SM
MD
LG