Accessibility links

ვიქტორ იანუკოვიჩის ქონება ანექსირებულ ყირიმში


ლიუდმილა იანუკოვიჩის კუთვნილი სუპერმარკეტი სევასტოპოლში

ანტონ მესნიანკო

რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, ეს ხუთ-ნახევარი წელია, სევასტოპოლში ცხოვრობს უკრაინის დამხობილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, მუეღლე, ლიუდმილა.

როგორც ირკვევა, ლიუდმილა იანუკოვიჩი, რომელიც თავს არიდებს პუბლიკასთან გამოჩენას, იალტის მახლობლად ფეშენებელურ კერძო სახლში ცხოვრობს.

ყირიმში ლაპარაკობენ იმაზეც, რომ იანუკოვიჩის ცოლს უნდა ეკუთვნოდეს ელიტური პროდუქციის მაღაზია სევასტოპოლში, სადაც, სხვათა შორის, შესაძლებელია ევროკავშირიდან შესატანად აკრძალული პროდუქციის შეძენა, ხოლო ანექსირებულ ნახევარკუნძულზე, ერთ-ერთი სამხედრო მემორიალის ტერიტორიაზე, უნდა მდებარეობდეს იანუკოვიჩის უმცროსი შვილის საფლავიც.

ვიქტორ იანუკოვიჩ უმცროსის საფლავი
ვიქტორ იანუკოვიჩ უმცროსის საფლავი

რუს და უკრაინელ მოხელეთა ნავსაყუდელი

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსმა მოხელეებმა და ოლიგარქებმა მასობრივად დაიწყეს ნახევარკუნძულზე სახლების, ბინებისა და მიწის ნაკვეთების შეძენა.

თუმცა ადგილი გამოჩნდა უკრაინის ყოფილი პოლიტიკური და ბიზნეს ელიტისთვისაც.

გავლენიანი რუსებისა და უკრაინის დევნილი მაღალჩინოსნების რეზიდენციები ყირიმში ერთმანეთის მეზობლად მდებარეობენ. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული უსაფრთხო თავშესაფრად იქცა იმ უკრაინელი მოხელეებისა და ბიზნესმენებისათვის, რომლებიც ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში არიან.

ბოლო წლებში ნახევარკუნძულზეა დაბინავებული „ვერხოვნა რადას“ ყოფილი წევრი, ოლეგ ცარიოვი, 2014-2015 წლებში ე.წ. „ნოვოროსიის პარლამენტის“ თავმჯდომარე.

მშვიდად ეწევა ბიზნესს ყირიმში უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პაველ ლებედევი.

მსხვილ აქტივებს ინარჩუნებს ოლიგარქი დმიტრი ფირტაში. როგორც ზემოთ ითქვა, ნახევარკუნძული მუდმივი ბინადრობის მისამართია ვიქტორ იანუკოვიჩის მეუღლის, ლიუდმილა იანუკოვიჩისათვის.

თვალუწვდენელი სახლ-კარი ზღვის ნაპირზე

პუტინების წყვილისგან განსხვავებით, იანუკოვიჩის ოჯახს არ გაუკეთებია რაიმე განცხადება ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ, არაერთი ცნობის თანახმად, ვიქტორ და ლიუდმილა იანუკოვიჩები ჯერ კიდევ უკრაინის „ღირსების რევოლუციამდე“ დაშორდნენ ერთმანეთს.

ყოველ შემთხვევაში, „შპიგელთან“ ინტერვიუში ვიქტორ იანუკოვიჩმა აღიარა, რომ 2014 წლის თებერვალში იგი, ყირიმის გავლით, რუსეთში გაიქცა თანამცხოვრებ ქალთან ერთად.

დღესდღეობით ვიქტორ იანუკოვიჩი პოდმოსკოვიეში, ყოფილი საბჭოთა მარშლის, სემიონ ბუდიონის, კუთვნილ ვილაში ცხოვრობს, მისმა ყოფილმა ცოლმა კი, ლიუდმილამ, ყირიმში დარჩენა არჩია.

პრეზიდენტობის დროს ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი ოჯახი ყირიმში მნიშვნელოვან აქტივებს ფლობდა და, როგორც წესი, ის უკავშირდებოდა მათი უფროსი შვილის, ალექსანდრეს, სტრუქტურებს.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ალექსანდრე, ძმასთან ერთად, ფლობდა ავტოგასამართი სადგურების ქსელს, რამდენიმე აგარაკს ბალაკლავაში, სიმეიზეში, ასევე იალტისა და სევასტოპოლის შემოგარენში.

2014 წლის შემდეგ იანუკოვიჩებს მოუხდათ მთელი ამ ქონების დიდ ნაწილთან გამოთხოვება.

კერძოდ, უკრაინის ექს-პრეზიდენტისდაუმთავრებელი რეზიდენცია აიას კონცხზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მეგობრებს ჩაუვარდათ ხელში, ბალაკლავის ვილები კი ნაციონალიზებული იქნა.

მეუღლესთან განშორების შემდეგ, ლიუდმილა იანუკოვიჩს დიდ იალტაში ერგო საოჯახო ვილა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვა „ჩაის დასალევ სახლს“ უწოდებდა. ამ მოკრძალებული სახელის მიღმა კი იმალება საკურორტო სოფელ ოტრადნოეში მდებარე 1,2 ჰექტარის მამული.

ამ ნაკვეთზე მიმოფანტულია: სამსართულიანი ვილა, 2345 კვადრატული მეტრის ფართობით; დასასვენებელი კოტეჯები ზღვის ნაპირზე, სახლები დაცვის თანამშრომლებისა და მომსახურე პერსონალისთვის, სპა-ცენტრები, დამხმარე და სხვა ნაგებობები.

პეიზაჟს ავსებს საპარკო ზონა, ხელოვნური ჩანჩქერითა და ბარბექიუს ზონით. ამ ვეებერთელა მამულის მოძებნა, თანამგზავრით გადაღებულ სურათების მიხედვით, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.

მაგრამ ლიუდმილა იანუკოვიჩის ვილასთან მიახლოება რთულია, რადგან სახლ-კართან მისასვლელი გზები მასიური რკინის კარებითაა დაბლოკილი.

სახლი ზღვასთან და ლიუდმილას „ჰამონი“

დღეისთვის, 70 წლის ლიუდმილა იანუკოვიჩი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, მთელი ტერიტორია კი გაძლიერებული დაცვის ქვეშაა.

როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, სახლ-კარის საკუთრების უფლებას ფლობს ფირმა, რომელსაც ალექსანდრ იანუკოვიჩთან დაახლოებული პაველ ლებედევი, უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სპეცსამსახურების ვეტერანები განაგებენ.

ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილ ცოლს, მდიდრული სახლ-კარის გარდა, ყირიმში კერძო ბიზნესიც აქვს. შუამავლების საშუალებით, სავარაუდოდ, ლიუდმილა უნდა ფლობდეს ელიტური პროდუქციის მაღაზიათა ქსელს სევასტოპოლში. გასტრონომი, სახელწოდებით „მერკური“, ცნობილია იმით, რომ მოხერხებულად შეძლო გვერდი აევლო სანქციებისათვის. ქსელში შემავალი მაღაზიები უხვად ვაჭრობენ ფრანგული ყველითა და ესპანური ხორცის დელიკატესებით, მათ შორის შებოლილი ღორის ბარკლებით („ჰამონებით“).

აკრძალული პროდუქცია "მერკურის" დახლზე
აკრძალული პროდუქცია "მერკურის" დახლზე

სევასტოპოლის საზედამხედველო სამსახურები ცდილობენ არ შეიმჩნიონ, რომ „მერკური“ აშკარად არღვევს რუსეთის ხელისუფლების დადგენილებას ევროკავშირის ქვეყნებიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანის აკრძალვის თაობაზე.

ადრე სუპერმარკეტში რამდენჯერმე შევიდნენ საბაჟოს თანაშრომლები და ამოიღეს „აკრძალული“ პროდუქცია, მაგრამ ძალიან მალე სანქცირებული პროდუქცია კვლავ ჩნდებოდა „მერკურის“ დახლებზე.

ელიტური ნეკროპოლი

იანუკოვიჩები სამარადისოდ დააკავშირა ყირიმთან ოჯახურმა ტრაგედიამ, რომელიც 2015 წლის მარტში დატრიალდა. უკრაინის ექს-პრეზიდენტის უმცროსი შვილი, ასევე ვიქტორი, ბაიკალის ტბაში დაიხრჩო. მან ვერ მოასწრო იმ მანქანის სალონიდან გამოღწევა, რომელიც ყინულის ჩატყდომის შედეგად წყალში ჩაიძირა.

გადაწყვიტეს უმცროსი ვიქტორ იანუკოვიჩი ყირიმში დაეკრძალათ, რათა დედას შვილის საფლავის მონახულების შესაძლებლობა ჰქონოდა.

33 წლის პოლიტიკოსისა და ავტომბრბოლელის საფლავი მე-19 საუკუნეში აშენებულ სევასტოპოლის ძმათა სასაფლაოზე მდებარეობს. ამ ნეკროპოლში დაკრძალული არიან გენერლები ტოტლებენი და ხრულიოვი, 1845-55 წლებში ქალაქის დასაცავად ბრძოლებისა თუ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული სამხედროები, ასევე წყალქვეშა გემ „კომსომოლეცისა“ და „კურსკის“ ავარიის დროს დაღუპული მეზღვაურები.

ვიქტორ იანუკოვიჩ უმცროსის საფლავი უცხო თვალისათვის შეუმჩნეველ ადგილზე მდებარეობს. ელიტური სასაფლაოს ამ უბანზე შესვლა შეზღუდულია: ტერიტორია შემოვლებულია ქვის ღობით, ხოლოს მასიური რკინის კარი - მეტწილად ჩარაზული.

სევასტოპოლის სამხედრო სასაფლაოს შესასვლელი
სევასტოპოლის სამხედრო სასაფლაოს შესასვლელი

2018 წელს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის შვილის საფლავზე დადგეს შავი მარმარილოს ბიუსტი, რომელსაც შავი მარმარილოსავე თაღი ამშვენებს. სასაფლაოზე რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ლიუდმილა იანუკოვიჩი სასაფლაოზე ხშირად არ დადის.

ბოლოს უკრაინის ყოფილი პირველი ლედი შარშან მარტში იმყოფებოდა სასაფლაოზე, შვილის დაღუპვის წლისთავზე.

შვილის ტრაგედიამ სევასტოპოლელებს დაავიწყათ ის წყენა, რომელიც მათ უკრაინის ექს-პრეზიდენტის მიმართ ჰქონდათ, პირველ ყოვლისა, იმის გამო, რომ ლაჩრულად გაიქცა ქვეყნიდან.

ამჯერად ადგილობრივების საუბარში თანაგრძნობის სიტყვებიც გაისმის. ზოგიერთი ხელმძღვანელობს პრინციპით, რომ „მკვდრებზე ან კარგს ლაპარაკობენ, ან - არაფერს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG