Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: რაც კადრებში ვნახე ამაზრზენია, იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესად შევაფასებდი


გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

რაც კადრებში ვნახე ამაზრზენია, - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოსა და დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის ლევან იზორიას ძმის, ვახტანგ იზორიას დაკავების ვიდეოს კომენტირებისას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამას არანაირი გამართლება არ აქვს და უარესი შეფასება ექნებოდა მისი ძმა რომ ყოფილიყო:

„მე რაც ამ კადრებში ვნახე, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი. ამას არა აქვს არანაირი გამართლება. იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა. იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, პოლიციელები ყოველდღიურად თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრების და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ეს იყო უბრალოდ ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებზე ვნახე“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

რამდენიმე დღის წინ, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა 2014 წლის ვიდეოჩანაწერი, რომლის თანახმად, საპატრულო პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი აკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახო (კიტა) იზორიას და მას მალევე ათავისუფლებენ საპატრულო პოლიციის ავტომანქანიდან.

გიორგი დვალიშვილმა „მთავარ არხს“ უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, დაიწყო მისი დევნა - დააქვეითეს, სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს, მოგვიანებით კი, რეორგანიზაციის საბაბით, კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს.

დვალიშვილის ამ განცხადების საფუძველზე თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

27 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლევან იზორია დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს და გერმანიაში ელჩად ინიშნება. იზორიამ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ძმის დაკავება უსაფუძვლო იყო და, სავარაუდოდ, არსებობს ჩანაწერის სრული ვერსია, რომელიც ნათელს მოჰფენს ინციდენტის წარმოშობის მიზეზებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG