Accessibility links

site logo site logo

ლევან იზორიას თქმით, პოლიციამ მის ძმას ხელბორკილი უსაფუძვლოდ დაადო


საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსმა ლევან იზორიამ ძმასთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ ილაპარაკა POSTV-ის ტოკშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

„მე ამ ინციდენტის შესახებ გავიგე მისი ამოწურვის შემდეგ. არ გამჩენია უკმაყოფილების განცდა რომელიმე პოლიციელის მიმართ. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სისტემის ფარგლებში ეს ადამიანი დაწინაურდა. ამ ადამიანს ჰქონდა ყველანაირი პირობები თავისი საქმიანობის განხორციელებისთვის. ასე რომ, ზეწოლა, ჩარევა, დასჯა, მუქარა, ან ფსიქოლოგიურად გარკვეული უკმაყოფილების გამოხატულება გამორიცხული და ყოვლად მიუღებელი იყო. მეტიც, შეიძლება, ეჭვი გამჩენოდა ამ კონკრეტული პოლიციელის მოქმედების მართლზომიერებაში. ანუ რამდენად სამართლებრივად მოხდა დაკავება [ჩემი ძმის]. რა იყო დაკავების საფუძველი. დაინტერესების შემთხვევაში ყველა გაიგებს, რომ ეს იყო სრულიად უსაფუძვლო, თამამად შემიძლია, ვთქვა. ხელბორკილს ადებენ ადამიანს, როდესაც აკავებენ, გარკვეულ დანაშაულის ნიშნებს ხედავენ“, - აღნიშნავს იზორია და განმარტავს, - „როდესაც ადამიანი არც ფიზიკურად გეხება, არც შეურაცხყოფას გაყენებს, პირიქით მოგიწოდებს კორექტულობისკენ, ეს კამათი გადადის აგრესიაში, მიუხედავად იმისა, რომ არ არის დანაშაულის ნიშნები, აძლევ მას ასეთ კვალიფიკაციას, რომ უნდა დააკავო“.

ლევან იზორია, რომელსაც 2014 წელს, ინციდენტის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ამბობს: „ის, რომ ადამიანი ემოციას, აგრესიას გამოხატავს, ეს არ არის ლამაზი და პირველ რიგში ჩემთვის, ვინც განსაკუთრებული პატივისცემითა და მოწიწებით ვარ პოლიციელების მიმართ განწყობილი“.

იზორია ვარაუდობს, რომ არსებობს ჩანაწერის სრული ვერსია, რომელიც ნათელს მოჰფენს ინციდენტის წარმოშობის მიზეზებს.

23 იანვარს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეო, რომელიც 2014 წელს არის გადაღებული და სადაც ჩანს, როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახო იზორიას. დაკავებიდან მალევე, ვახო იზორიას საპატრულო პოლიციის ავტომანქანიდანვე ათავისუფლებენ.

გიორგი დვალიშვილი ტელეკომპანია „მთავარს“ უყვება, რომ მას შემდეგ, რაც ვახო იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, დაიწყო მისი დევნა - დააქვეითეს, სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს, მოგვიანებით კი, რეორგანიზაციის საბაბით, კადრების განყოფილებას გადასცეს.

პროკურატურის თანახმად, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გიორგი დვალიშვილის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG