Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო ხელისუფლებამ 6 წლის ახალგორელ ბიჭს ე.წ. საზღვარი გაუხსნა


ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან მოსაზღვრე სოფელი ოძისი
ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან მოსაზღვრე სოფელი ოძისი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ჩაკეტილი „საზღვარი“ გახსნა 6 წლის ბიჭისთვის, რომელსაც სამედიცინო გამოკვლევა სჭირდება.

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის და პრესის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარია კოტაევამ დღეს, 31 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიჭს, რომელსაც კანის დაავადება აქვს, ადგილზე მაღალტექნოლოგიურ სამედიციო დახმარებას ვერ გაუწევდნენ, ამიტომ დაკმაყოფილდა მისი მშობლების თხოვნა საქართველოში გამგზავრების შესახებ. კოტაევას თქმით, „რაზდახანის“ პუნქტის გადაკვეთის რთული პროცედურის მიუხედავად, „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ გამოიჩინა ჰუმანური დამოკიდებულება, რადგან საზღვართან დაკავშირებული გადაწყვეტილება ადამიანების ცხოვრებას არ უნდა ართულებდეს“.

კოტაევას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „საზღვრის“ გადაკვეთის შეზღუდვით კმაყოფილი არ არის „ლენინგორის“ ყველა მცხოვრები, მიდგომა ინდივიდუალურია.

დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენი საქართველოსკენ გზა 24 იანვარს გაუხსნა ახალგორის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებს, რომლებიც არ არიან „სამხრეთ ოსეთის“ ან რუსეთის მოქალაქეები და საქართველოს მოქალაქის პენსიას იღებენ. მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასასვლელად ე.წ. საშვებს აძლევენ.

მარია კოტაევას ინფორმაციით, ყოველდღე „საზღვარს“ კვეთს დაახლოებით 25 ადამიანი. ეს რეჟიმი 6 თებერვლამდე იმოქმედებს და შემდეგ „საზღვარი“ ისევ დაიკეტება. დე ფაქტო მთავრობაში აცხადებენ, რომ „ლენინგორელი“ პენსიონერებისთვის ე.წ. საზღვარი ორ თვეში ერთხელ გაიხსნება.

მარია კოტაევა ირწმუნება, რომ ახალგორში საკვები პრიდუქტის და პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტი არ არის, რადგან მაღაზიების მფლობელებს პროდუქცია ცხინვალიდან და ვლადიკავკაზიდან ჩააქვთ. კოტაევას მტკიცებით, ადგილობრივ საავადმყოფოს საკმარისად აქვს ყველა მედიკამენტი, გარდა შაქრიანი დიაბეტისთვის საჭირო პრეპარატებისა.

ახალგორელმა პენსიონერებმა, რომლებმაც ე.წ. საზღვარი 24 იანვარს გადაკვეთეს, რადიო თავისუფლებას უამბეს, რომ რაიონში ცხინვალიდან ჩატანილი პროდუქცია გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე პროდუქტი, რომელსაც გზის დაკეტვამდე ყიდულობდნენ საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს დაკეტა. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, აგვისტოს ბოლოს განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს.

XS
SM
MD
LG