Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI - დეპუტატ ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს


ენზელ მკოიანი, ახალქალაქი - ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი
ენზელ მკოიანი, ახალქალაქი - ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ოჯახის - შვილების, ძმისა და ბიძის სამმა კომპანიამ 2010-2019 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით 2 312 278 ლარი მიიღო. TI-ის თანახმად, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ამ ხნის განმავლობაში მკოიანების კომპანიებთან - „მეეკი“, „ეს ჯი გაზ - კომპანი“ და „ახალგაზი“ - სულ 674 სახელმწიფო შესყიდვა გაფორმდა. მათ შორის 665 პირდაპირი წესით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, ენზელ მკოიანი თავისი მაჟორიტარული ბიუროსთვის საწვავს მხოლოდ ოჯახის კომპანიიდან ყიდულობს. ბიურომ კომპანია „მეეკს“ 4 წელში გაფორმებული პირდაპირი შესყიდვით 78 339 ლარი გადაურიცხა. TI-ის ცნობით, დეპუტატმა აღნიშნული კომპანიის დირექტორთან, საკუთარ ბიძასთან აქედან პირადად გააფორმა 49 000 ლარის ღირებულების გამარტივებულ შესყიდვებზე ხელშეკრულებები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კვლევაში აღნიშნავს, რომ ენზელ მკოანის დეპუტატობის 20 წლის განმავლობაში მისი ძმა და ბიძა, მარტუნ და ნორაირ მკოიანები, სახელისუფლებო პარტიების მსხვილი შემწირველები არიან. კერძოდ, მკოიანებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს 115 000 ლარი შესწირეს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან კი მმართველი პარტიის ყულაბაში 213 000 ლარი აქვთ გადარიცხული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს შპს „მეეკისა“ და შპს „ეს ჯი გაზ - კომპანის“ თითოეული სახელმწიფო შესყიდვა და დაადგინოს, ხომ არ იყო ეს შესყიდვები მათთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და იკვეთება თუ არა კორუფციის შესაძლო კონკრეტული ნიშნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG