Accessibility links

logo-print logo-print

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს ისევ მოსამართლე არევაძე განიხილავს


თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებმა და ადვოკატებმა მოსამართლე გიორგი არევაძის აცილება მოითხოვეს, რადგან, მათი განცხადებით, მოსამართლემ სხდომები უპრეცედენტო ინტენსივობით დანიშნა. გიორგი არევაძემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ეს არ არის საკმარისი მიზეზი მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შესატანად. არევაძის განცხადებითვე, თუ დაცვის მხარისთვის რომელიმე თარიღი მიუღებელი იქნება, ამაზე მსჯელობა შეიძლება.

მოსამართლის აცილების შუამდგომლობის გარდა, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ მოითხოვა სხდომების გადადება, სანამ პროკურატურა არ გასცემს პასუხს პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, კახა კოჟორიძის მიერ, პროკურატურაში 17 იანვარს შეტანილ განცხადებას. ის ეხება „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე, რომელიც „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესაც განიხილავდა, ვანო ზარდიაშვილთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და იქ გადაწყდა მისი აცილების საკითხი.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ადვოკატ კორძაძის საპასუხოდ მოსამართლე არევაძემ განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში არასდროს ყოფილა, არასდროს უნახავს გიორგი გახარია და მასთან შეხება არ ჰქონია.

რაც შეეხება უშუალოდ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების საქმეს, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ 2019 წელს აღძრულ საქმეს.

მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. მათთვის დახმარების გაწევაში ბრალდებულია ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი, რომელიც საქმეს, ასევე, აბსურდულს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG