Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთელია: მე არ გახლავარ არცერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი მოლაპარაკებებში


არასამთავრობო ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას.

„მე არ გახლავარ არცერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში“, - წერს ბათუ ქუთელია.

საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში საკუთარ საქმიანობას განმარტავს.

„ჩემი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ანალიტიკური პროდუქტების შექმნა და შესაბამისი მომსახურების გაწევა დაინტერესებული უცხოური კომპანიებისათვის. ამჟამად ვმუშაობ რამდენიმე ამერიკულ კომპანიასთან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე ჩემი ანალიტიკური პროდუქტები არის პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების თუ სხვა პროფილის. ერთ-ერთი ასეთი კომპანია „ორიონ სტრატეჯი“. ყველა ეს საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე ამერიკული კანონმდებლობით. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე „ორიონ სტრატეჯი“ გააკეთებს დამატებით განმარტებებს.

ჩემი ანალიტიკური მომსახურეობის სანდოობა და საიმედოობა დაკავშირებულია ჩემს განლილ კარიერასთან, რეპუტაციასთან, შესრულებული საქმის ხარისხთან და მიუკერძოებლობასთან“, - აღნიშნავს ქუთელია.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამერიკულ ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ შორის გაფორმებული კონტრაქტის შესახებ ილაპარაკა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამაში, რა თქმა უნდა, გასაოცარი, უჩვეულო და სკანდალური არაფერია, რომ არა იმ პირის ვინაობა, ვინც კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად არის მითითებული - ბათუ ქუთელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ საზოგადოებას წარუდგინა დოკუმენტი, რომელზეც, მისი თქმით, „ნათლად ჩანს, რომ ბათუ ქუთელიას არავითარი ხელმოწერა ამ კონტრაქტზე არ არის, აქ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ხელმოწერა".

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, ბათუ ქუთელია „ორიონ სტრატეჯი"-სთან საკონტაქტო პირად არის დასახელებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG