Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე: ყველაფერი ისე დადასტურდება, როგორც შოთაძის დასწრება ივანიშვილთან ჩემს შეხვედრაზე


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მიესალმება გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მიერ ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დასწრების ფაქტის დადასტურებას. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ასევე დადასტურდება მის მიერ გაკეთებული სხვა განცხადებებიც:

„მივესალმებით, რომ ირაკლი შოთაძემ დასწრების ფაქტი აღიარა. მეორე მხრივ, ეს იმასაც ადასტურებს, რომ განცხადება, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, არა მარტო ამ ფაქტთან დაკავშირებით, არამედ გახარიას წერილთან დაკავშირებით, ანაკლიასთან დაკავშირებით, ამას ყველაფერს მოეფინება ნათელი, ეს ყველაფერი ისევე დადასტურდება, როგორც დადასტურდა ეს შეხვედრა, რომელიც დაადასტურა შოთაძემ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ ეს სიმართლე იქნება ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე. მისი თქმით, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ იქნება იმის ავანგარდში, რომ საქართველოში ტყუილი დასრულდეს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ 4 თებერვალს საპროკურორო საბჭოში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ყოფნის დროს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში დაესწრო „ქართული ოცნების“ ლიდერის შეხვედრას მამუკა ხაზარაძესა და ვანო ჩხარტიშვილთან.

„ადასტურებთ, რომ თქვენ იმყოფებოდით ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ხაზარაძეც ესწრებოდა?“ - საპროკურორო საბჭოს წევრის ოთარ კახიძის ამ შეკითხვაზე ირაკლი შოთაძემ, კერძოდ, უპასუხა:

„დიახ, ვადასტურებ. ოღონდ მე იქ არ ვიყავი მთავარი პროკურორის რანგში. შემთხვევით მოვხვდი ამ შეხვედრაზე. შეიქმნა უხერხულობა, თუმცა მე დავესწარი ამ შეხვედრას. ეს შეხვედრა ეხებოდა სამოქალაქო დავას ხაზარაძე-ჩხარტიშვილს შორის. მე იქ ხმაც არ ამომიღია. მე იქ მისული ვიყავი არა როგორც მთავარი პროკურორი, არამედ კერძო პირი კონკრეტულ საგანმანათლებლო პროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 12 სექტემბერს განაცხადა, რომ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან სამართლებრივი დავა და 30 მილიონი დოლარის ბედი ბიძინა ივანიშვილისა და გენერალური პროკურორის ჩარევით გადაწყდა. ამ შეხვედრის შესახებ ხაზარაძემ ტვ პირველის გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG