Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიიღო


კელი დეგნანი, ვახტანგ გომელაური
კელი დეგნანი, ვახტანგ გომელაური

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს შეხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

"ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე საკითხზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურები, რეფორმები - თუ რა რეფორმები გატარდა, მომავალში რას ვგეგმავთ, რა რეფორმების გატარებას. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე ამერიკულ ოფისებთან, რომ გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა. შევეხეთ ჩვენთვის მტკივნეულ საკითხს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა, დაკარგული ტერიტორიები, თუ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, რა მდგომარეობაა და როგორ ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზთან. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი“, - განაცხადა ელჩთან შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

თავის მხრივ, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორისაა სასაზღვრო მიმართულებით მუშაობა:

„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, სადაც საშუალება მოგვეცა, უსაფრთხოების და მრავალი სხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განგვეხილა საქართველოსა და აშშ-ს შორის, რომლებიც უკვე წლებია, არსებობს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხია სასაზღვრო მიმართულებით მუშაობა. ბოლო რამდენიმე წელიწადში აშშ-მა 600 მილიონ დოლარამდე გამოყო საქართველოს სასაზღვრო სექტორის აღჭურვისა და კადრების გადამზადებაში შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობისთვის. საქართველო ყურადღებას ამახვილებს საზღვაო და სახმელეთო საზღვრების დაცვაზე. აშშ კვლავ მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს, დაეხმარება საზღვრის დაცვის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებაში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი საქართველოში 29 იანვარს ჩამოვიდა. ელჩმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელები 31 იანვარს გადასცა.

ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი თეთრმა სახლმა 2019 წლის სექტემბერში წარადგინა, იმავე წლის დეკემბერში კი აშშ-ის სენატმა საბოლოო თანხმობა მისცა მის კანდიდატურას საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე.

XS
SM
MD
LG