Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა გაფართოების პროცესში წევრი ქვეყნების გასააქტიურებლად


ბლოკის გაფართოების პროცესის მართვისთვის ევროკომისიამ შეიმუშავა ახალი მეთოდოლოგია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს აძლევს ნებას ითამაშონ უფრო აქტიური როლი ევროკავშირის გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დროს.

რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტების ცნობით, სავარაუდო გეგმა გამოქვეყნდება 5 თებერვალს, სამზე მეტი თვის თავზე მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ოქტომბერში კვლავ შეაჩერა ჩრდილოეთ მაკედონიის და ალბანეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.

პარიზი ამტკიცებს, რომ სკოპიემ და ტირანამ ვერ მიაღწიეს საკმარის პროგრესს კორუფციის შემცირებისა და კანონის უზენაესობისკენ მიმართული რეფორმების მხრივ.

ამ გადაწყვეტილებამ, რომლის ინიციატორი იყო საფრანგეთი, ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, იმედი გაუცრუა და შეშფოთება გამოიწვია დასავლეთ ბალკანეთის ექვს სახელმწიფოში, რომლებიც ესწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებას.

ევროკომისიის დოკუმენტში, სახელწოდებით „გაწევრიანების პროცესის გაძლიერება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, რომელთა პერსპექტივა ევროკავშირში ნდობას იმსახურებს“, - ბრიუსელი სთავაზობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უფრო სისტემური წვლილის შეტანას გაწევრიანების პროცესში ადგილებზე ექსპერტების, პირდაპირი ჩართულობის, ყოველწლიური მოხსენებებისა და სექტორალური ექსპერტიზის საშუალებით.

„წევრ სახელმწიფოებს შესაძლებლობა ექნებათ უფრო რეგულარული მონიტორინგი გაუწიონ და მიმოიხილონ საერთო პროგრესი“, - ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.

რეფორმების მხრივ წარმატებული ასპირანტი სახელმწიფოებისათვის გათვალისწინებულია ფინანსური სტიმულირების შემდგომი გაზრდა. ხოლო რეფორმების შეჩერება ან უკანდახევა კი, პირიქით, გამოიწვევს დაფინანსების შეჩერებასა და მოლაპარაკებების შეწყვეტას.

სავარაუდო გეგმა ჯერ უნდა განიხილონ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და მოამზადონ ის დასამტკიცებლად ბრიუსელის მარტის სამიტისათვის, რომლის შემდეგაც მაისში დაგეგმილია ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის ლიდერების ზაგრების სამიტი.

მხარდაჭერის შემთხვევაში ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდება ალბანეთთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, კოსოვოსთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, და არა სერბიასა და მონტენეგროსთან -მიმართებით, რომლებმაც უკვე დაიწყეს ბრიუსელთან მოლაპარაკებები გაწევრიანების თაობაზე. ამ ორი ქვეყნისათვის, „სავარაუდო ცვლილებები, შესაძლოა, შეთანხმდეს ბელგრადსა და პოდგორიცასთან არსებული ჩარჩოს ფარგლებში“, - ნათქვამია ევროკომისიის ახალი გეგმის პროექტში.

4 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბარში, ევროკავშირის პრესმდივანმა, ანა პიზონერომ, აღნიშნა, რომ შეთავაზებული იდეით ბრიუსელი ცდილობს ბლოკთან მიერთების პროცესი „გახადოს უფრო პროგნოზირებადი“ და „დინამიური“, თუმცა უცვლელი რჩება ევროკავშირში გაწევრიანების პირობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG