Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში განახლდა აქცია პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით


ბათუმის მერიის შენობასთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ ორგანიზაცია „ალტერნატივა“-ს და მოძრაობა „შეცვალე“-ს აქტივისტები. ისინი საყვირებით და შეძახილებით: „მონა, მონა!“ ხვდებოდნენ შენობიდან გამოსულ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატებს. მერიასთან მობილიზებული იყო პოლიცია.

აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებული საკონსტიტიციო ცვლილების ჩაგდების გამო. აქტივისტებმა მოითხოვეს, რომ პროპორციული წესით ჩატარდეს როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ამავე მოთხოვნით აქციას შეუერთდნენ უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები.

"უხერხულია, სააკაშვილის პარტიის წევრები რომ მონას გეძახიან", - უთხრა ჟურნალისტებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნება - აჭარას" თავმჯდომარემ, დავით ბაციკაძემ. მან ხაზი გაუსვა აქციის მონაწილეთა სიმცირეს: „დაითვალეთ რამდენი არიან, გაცილებით ცოტა, ვიდრე აქ შეკრებილი ჟურნალისტები. ძალიან უხერხულად იქცევიან, მაგრამ ესაა დემოკრატიის ხიბლი, ყველას აქვს ჩვენს დროში გამოხატვის თავისუფლება".

აჭარის უმაღლეს საბჭოში გასულ წელს დასრულდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები, თუმცა, პლენარული სხდომის დღის წესრიგში ამ დრომდე არ შეუტანიათ. საკითხის განხილვის მოთხოვნით ოპოზიციის საპროტესტო აქცია გასულ წელსაც რამდენჯერმე ჩატარდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შენობა რემონტის შემდეგ ჯერ არ გახსნილა, ამიტომ საბჭო სხდომებს ბათუმის მერიის და საკრებულოს შენობაში ატარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG