Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: 12-მდე ანალიზი გაკეთდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ადგილზე დადგენაა შესაძლებელი


ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინეთის გარეთ 25 ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 227 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. მათ რიცხვში, ამირან გამყრელიძის თანახმად, არ შედის იაპონიის საკრუიზო გემზე ინფიცირების 61 შემთხვევა, რომელიც დღეს, 7 თებერვლის დილას დადასტურდა. ამირან გამყრელიძემ მედიასთან აღნიშნა, რომ საქართველო რჩება დაბალი რისკის ქვეყნების რიგში.

„ამ ეტაპზე ჯერჯერობით ჩვენ ვართ კიდევ ეგრეთ წოდებული დაბალი რისკის ქვეყნად მიჩნეული, იმიტომ რომ ჯერჯერობით ჩვენთან ამ ეტაპისთვის ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის ინფექციის შემთხვევა არ ყოფილა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, 7 თებერვალს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილია ჩინეთის ორი მოქალაქე, რომელთაც შესაბამისი სინჯები უკვე აიღეს და დღეს დადგინდება, რა ტიპის ვირუსით არიან ისინი დაავადებულები.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადგენა გახდა შესაძლებელი, სულ 12-მდე ანალიზი გაკეთდა, მათ შორის, როგორც შესაძლო კორონავირუსის, ისე სხვა შემთხვევების. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიული თვალსაზრისით მარაგები ბევრია.

7 თებერვლის დილის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსის 3143 ახალი შემთხვევა, მათ შორის 962 მძიმე, გარდაცვლილია 73.

31 დეკემბრიდან მოყოლებული სულ დადასტურებულია ინფიცირების 31 161 შემთხვევა, დაიღუპა 636, გამოჯანმრთელდა 1540 ადამიანი. გარდაცვლილთა შორისაა ექიმი ლი ვენლიანი ჩინეთის ქალაქ უჰანიდან, რომელმაც პირველმა გამოთქვა შიში ახალი კორონავირუსის შესახებ. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე, ამირან გამყრელიძის ინიციატივით, მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

XS
SM
MD
LG