Accessibility links

site logo site logo

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა


გამოქვეყნდა „ევროკომისიის აპარატის სამუშაო დოკუმენტი საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“. ანგარიშში, რომელიც 2019 წლის მდგომარეობას ასახავს, ნათქვამია, რომ გასული წელი დიდი პოლიტიკური აქტიურობით გამოირჩეოდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ზაფხულიდან მოყოლებული მიმდინარეობდა მასშტაბური საზოგადოებრივი საპროტესტო გამოსვლები და გაიმართა საკმაოდ ინტენსიური საპარლამენტო საშემოდგომო სესია დემოკრატიულ კონსოლიდაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კანონმდებლობის მისაღებად.

20 ივნისი და პროპორციული არჩევნები

საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის შესრულების შესახებ ანგარიშში ვრცლად არის ასახული 2019 წლის 20 ივნისიდან განვითარებული მოვლენები. ნათქვამია, რომ „დემონსტრაციები პოლიციამ ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბია, რამაც მძიმე დაზიანებები გამოიწვია და შემდეგი თვეების განმავლობაში მომდევნო დემონსტრაციები განაპირობა“. ამასთან, აღნიშნულია, რომ პროტესტების საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილების წინადადება შემოიტანა, რომლის მიხედვითაც სრულად პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო უკვე 2020 წელს 2024-ის ნაცვლად.

„14 ნოემბერს პარლამენტის კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნამ შემდგომი პოლიტიკური არასტაბილურობა და ქუჩაში გამართული პროტესტი გამოიწვია. საარჩევნო რეფორმის პროცესი შეჩერებულია. ჩიხიდან გამოსასვლელი გზის მოსაძიებლად და არჩევნების წინ შემდგომი ნაბიჯების შესათანხმებლად პოლიტიკური დიალოგის შეხვედრები გაიმართა“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

სასამართლო

დოკუმენტის ნაწილი ეთმობა მართლმსაჯულების საკითხს. „მარტში პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც შერჩევის აუცილებელ კრიტერიუმებს განსაზღვრავდა, მაგრამ ისინი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მხოლოდ ნაწილობრივ ასახავდა. გაიზარდა ხარვეზები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა წარდგენის პროცესში, რაც ასევე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/OIDHR) გამოავლინა. 12 დეკემბერს, პარლამენტმა უვადოდ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატი. მთლიანმა პროცესმა სათანადო გამჭვირვალობა და დამსახურების საფუძველზე არჩევა ვერ უზრუნველყო“, - აღნიშნულია ანგარიშში.

მედიაგარემო და სისხლის სამართლის საქმეები

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საქართველოში მედიაგარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა ივლისში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილების შემდეგ. შეიქმნა ახალი მედიაარხები და პროკურატურამ დაიწყო საქმეების გამოძიება, რომელშიც ზოგიერთი მედიასაშუალების მფლობელები / მენეჯერები ფიგურირებდნენ.

ანგარიშში, ასევე, მოცემულია თიბისი ბანკის ორი თანადამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე. „ზაფხულში პროკურატურამ მათ თერთმეტი წლის წინათ ფულის სავარაუდო გათეთრებასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა. ამავე ტრანზაქციასთან დაკავშირებული ბრალდება ასევე ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის მამას, ბ-ნ ავთანდილ წერეთელს წაუყენეს. სექტემბერში ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ლელო“ დააფუძნეს, რომელიც დეკემბერში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

დისკრიმინაცია და ბავშვთა უფლებები

ევროკომისია, ასევე, მიუთითებს მაისში ანტიდისკრიმინაციულ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რომელიც მიზნად კანონის აღსრულების გაუმჯობესებას ისახავდა. ამის მიუხედავად, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ: „მაინც ხდებოდა დისკრიმინაციის ინციდენტები ლესბოსელ, ჰომოსექსუალ, ბისექსუალ, ტრანსგენდერ და ინეტერსექს (ლგბტი+) პირთა შრომის, ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში. მცირე და სიმბოლური ღირსების მარში (Pride march) შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ 8 ივლისს გაიმართა, მას შემდეგ, რაც ვერ მოხდა ხელისუფლებასთან შეთანხმება სხვა ადგილზე მის გამართვასთან დაკავშირებით. რადიკალურმა მემარჯვენე ჯგუფებმა ღირსების მარშის მონაწილეებზე „ნადირობისკენ“ მათი დაკავების მიზნით მოუწოდეს. წამქეზებლების წინააღმდეგ ჩატარებულ გამოძიებებს შედეგი აქამდე არ მოუტანია“.

დოკუმენტის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ჩვილების (და დედების) სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებლებზე: „მნიშვნელოვანი განსხვავებები შეინიშნება სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფის ბავშვთა კვების სტატუსში. ბავშვთა სიღარიბე კვლავ მაღალია. ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც ძირითადი საჭიროებები არ კმაყოფილდება. 2019 წლის იანვრიდან მთავრობამ ბავშვების ყოველთვიური დახმარება 10-დან 50 ლარამდე გაზარდა და ბავშვებისთვის სასურსათო ვაუჩერები („კვების ბარათები“) შემოიღო. მთლიანობაში, ბავშვთა დაახლოებით მეოთხედი საბავშვო ბაღებში არ დადის, განსაკუთრებით კი ბავშვები, რომლებიც სოციალურად დაუცველ და მარგინალურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან“.

თავშესაფრის მთხოვნელები საქართველოდან

კიდევ ერთი თემა, რომელიც დოკუმენტში მოხვდა, საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა საკითხია. ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში ევროკავშირის / შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მაღალი დარჩა; ის 2018 და 2017 წლებში თავშესაფრის მოთხოვნათა მთლიან რაოდენობას აღემატებოდა და საქართველოს მოქალაქეების რიცხვი ევროკავშირში საერთაშორისო დაცვის მომთხოვნი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის ერთ-ერთი წამყვანია. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნათა გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებული გამოწვევის პროაქტიულად გადაჭრას განაგრძობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG