Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის სამხრეთში ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებების დროს რვა ადამიანი მოკლეს


დუნგანი ლტოლვილები ყირგიზეთში, 2020 წლის 8 თებერვალი

რვა ადამიანი მოკლეს შეტაკებების დროს ყახაზეთის სამხრეთში, ჟამბილის ოლქის სოფლებში.

ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით. შინაგან საქმეთა მინისტრის, ერლან თურგიმბაევის თანახმად, შეტაკებისას დაშავდა 40 პირი.

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, პოლიცია და გვადია ვითარებას აკონტროლებენ. მან მთავრობას დაავალა, ზომები მიიღოს არეალში სიმშვიდის დასამყარებლად.

ჩვენი რადიოს ყაზახური სამსახურის კორესპონდენტი ჩავიდა ერთ-ერთ სოფელში, მასანჩიში, სადაც შეტაკება მოხდა, და სადაც მან დარბეული და დამწვარი სახლები და მაღაზიები იხილა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის მიერ გამოგზავნილ ვიდეოზე ჩანან ფარიანი პოლიციელები, რომლებიც მასანჩისკენ მიმავალ გზის გასწვრივ არიან განთავსებული.

დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართულ პრესკონფერენციაზე თურგიმბაევმა თქვა, რომ დაკავებულია 47 პირი. მისივე ცნობით, ძალადობის დროს 30 სახლი, 15 მაღაზია და 20 მანქანაა დაზიანებული.

ყახაზეთის ჟამბილის ოლქში ცხოვრობენ დუნგანები - ჩინური წარმოშობის მაჰმადიანი ეთნიკური უმცირესობა.

რადიო თავისუფლებას ყაზახებმა უამბეს, რომ მოსახლეობის ორ ჯგუფს შორის დიდი ხანია არსებობს გარკვეული ანტაგონიზმი და ყაზახების უკმაყოფილება უკავშირდება დანგანების წარმატებას ბიზნესსა და ვაჭრობაში. მასანჩიში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, დუნგანები უმრავლესობას წარმოადგენენ და აკონტროლებენ ქალაქის ბევრ საწარმოს. შეტაკებები იყო სხვა სოფლებშიც.

რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური იტყობინება ყირგიზი მესაზღვრეების ნათქვამზე დაყრდნობით, რომ ყაზახეთის სოფლებში არეულობის შედეგად ყირგიზეთში ბევრი მანქანა გადავიდა, რომლებსაც, ჩანს, ძალადობის არეალებიდან წამოსული ხალხი გადაჰყავდათ მეზობელ ქვეყანაში.

ყაზახეთში შეტაკებებისის დაშავებულ 20-მდე პირს ყირგიზეთის სამედიცინო პუნქტებში მკურნალობენ.

დაუდგენელია, რამ გამოიწვია ძალადობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG