Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ ხელოვნურ თანამგზავრს გაუშვებს „მომდევნო რამდენიმე საათში“


იმამ ხომეინის სახელობის კოსმოდრომი სემნანში. ირანი
იმამ ხომეინის სახელობის კოსმოდრომი სემნანში. ირანი

ირანის მინისტრთა კაბინეტმა გამოაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა 9 თებერვალს ხელოვნურ თანამგზავრს გაუშვებს. ამის ფონზე თეირანის ოფიციალური წარმომადგენლები უფრო მკაცრ რიტორიკას მიმართავენ 1979 წლის ისლამური რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით.

წინა დღის ცნობებზე დაყრდნობით, გამოითქვა ვარაუდი, რომ თანამგზავრის გაშვება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. მაგრამ ირანის ინფორმაციის და კომუნიკაციების ტექნოლოგიის მინისტრმა, ჯავად აზარი-ჯაჰრომიმ 9 თებერვალს განაცხადა, რომ თანამგზავრი „ზაფარი“ ორბიტაზე დღეს გავა სემნანიდან, 7400 კილომეტრის სიჩქარით. ამის თაობაზე იტყობინება ირიბის სააგენტო, რომელსაც იმოწმებს როიტერსი. ჯაჰრომიმ ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ „სახელითა ალაჰისა... საათების თვლა დავიწყეთ თანამგზავრ „ზაფარის“ ორბიტაზე გაშვებამდე“.

შარშან, სულ მცირე, ორი ირანული თანამგზავრის გაშვება ჩაიშალა. აშშ-ის ოფიციალური პირები, რომლებიც ირანის მიმართ „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას მიმართავენ (მას მერე, რაც ვაშინგტონმა 2018 წელს დატოვა ბირთული შეთანხმება, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ თეირანისთვის სანქციების გაუქმებას გულისხმობს), ფიქრობენ, რომ თეირანის კოსმოსური პროგრამა ბალისტიკური რაკეტების განვითარების პროგრამის ნაწილია, და რომ ამ ტექნიკას ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლია.

ირანი ამ ბრალდებას უარყოფს.

ირანის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა, მორთეზა ბერარიმ განაცხადა 1 თებერვალს, რომ ქვეყანა სულ მალე გაუშვებს თანამგზავრ „ზაფარის“. მისი თქმით, 113-კილოგრამიან თანამგზავრს ორბიტაზე, დედამიწიდან 530 კილომეტრში გაიყვანს „სიმორყის“ ტიპის რაკეტა. თანამგზავრი დღეში 15 ბრუნს გააკეთებს დედამიწის გარშემო.

რვა თებერვალს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი გამოვიდა მოწოდებით, გაძლიერდეს ირანის თავდაცვა, რადგან, მისი სიტყვებით, „ომის და საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სიძლიერეა საჭირო“.

ბერარიმ განაცხადა, რომ თანამგზავრების პროგრამის პირველი ამოცანაა სურათების შეგროვება, რათა მოხერხდეს მიწისძვრების შესწავლა, ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილება და სასოფლო-სამეურნეო რესურსების განვითარება.

XS
SM
MD
LG