Accessibility links

კალაძემ შეცდომად შეაფასა საკუთარ განცხადება უგულავას მიერ ბრალის აღიარების შესახებ


თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავება საარჩევნო წელს არ უკავშირდება.

„თუ ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული, შესაბამისად, კანონის ფარგლებში გვიწევს ყველას პასუხისგება. ადამიანურად, რატომ უნდა გამიხარდეს ვინმეს დაჭერა, ციხეში ჩასმა, მაგრამ ჩვენ ვიცით რა დანაშაულთან არის საქმე. არასწორი ინფორმაციაა თითქოს ორჯერ გასამართლდა ერთსა და იგივე საქმეზე. იცით, რომ პროკურატურას ჰქონდა გასაჩივრებული, საქმე დახურული არ იყო და უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი“, - ამბობს კალაძე.

თბილისის მერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც უგულავას შესახებ მის განცხადებას უკავშირდებოდა. „კი, ეს ჩემი შეცდომა იყო, არასწორი განცხადება გავაკეთე“, - აღნიშნა მერმა.

კახა კალაძემ 3 თებერვალს განაცხადა, რომ ქვეყანაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს არავინ დევნის: გიგი უგულავას სადავო რა აქვს? გიგი უგულავამ თვითონ აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა და ამაზე ხელი აქვს მოწერილი. სადავო რა არის, რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რაზე ვსაუბრობთ საერთოდ“.

გიგი უგულავა თბილისის მერისგან იმ მტკიცებულების წარდგენა მოითხოვა, რომელზე დაყრდნობითაც კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყოფილმა მერმა ხელმოწერით აღიარა 50 მილიონი ლარის მოპარვის ფაქტი.

გიგი უგულავამ მედიასთან განმარტა, რომ კახა კალაძე ტყუის, რადგან გამოძიება მას ედავებოდა არა ფულის მოპარვას და სახლში წაღებას, არამედ მერიაში მმართველი პარტიის წარმომადგენლების დასაქმებას.

„მე არანაირი ჩვენება ამ საქმეზე არ მიმიცია, არათუ ბრალი არ მიღიარებია. ამიტომ, გეუბნებით, რომ თქვენ ხართ უწიგნური და ეს სამწუხარო ემპირიული მოცემულობაა და ხართ მატყუარაც, ცდილობთ, ხალხი შეიყვანოთ სიცრუეში", - ამბობდა უგულავა.

11 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG