Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში არსებულ ტენდენციას დემოკრატიულ კურსზე უარის თქმად აფასებს


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი გიგი უგულავას დაპატიმრებას აფასებს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენებად.

„როდესაც რამდენიმე თვე რჩება უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე და ხდება ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაპატიმრება, მით უმეტეს, როცა ამ ფაქტს წინ უძღვის საარჩევნო სისტემაზე საჯაროდ გაცემული პირობის დარღვევა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების უმწვავესი კრიტიკა, ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად, ხოლო შექმნილი ტენდენცია - როგორც ხელისუფლების მხრიდან (გამიზნულად თუ გაუაზრებლად - აღარ აქვს მნიშვნელობა) მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმად, რასაც ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუკის გვერდზე.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ამ აზრზეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, განურჩევლად იმისა, ჯდება თუ არა გიგი უგულავა მის პოლიტიკურ გემოვნებაში: „აქვე დავაზუსტებ, რომ პირადად ჩემი და „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური მრწამსი იყო და რჩება კარდინალურად განსხვავებული“.

„ასეთი ქმედებებით ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას შემდგომი პოლარიზაციის ზრდაზე. მოვუწოდებ მას, იღონოს ყველაფერი, რათა მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია, საზოგადოების პოლარიზაციის თავიდან აცილება და უმნიშვნელოვანესი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

10 თებერვალს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გვიან ღამით, უგულავა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გიგი უგულავას დაპატიმრების გამო, ოპოზიციურმა პარტიებმა შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG