Accessibility links

site logo site logo

„ქართული ოცნება“ აშშ-ის საელჩოს პასუხობს და ოპონენტებს დიალოგისკენ მოუწოდებს


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით „ქართული ოცნება“ ოპონენტებს დიალოგის მაგიდასთან იწყვევს, რისი მოლოდინიც აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას.

მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს, რომელმაც მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

„ვუერთდებით საელჩოს გულისტკივილს, რომ სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგს დაემთხვა, თუმცა აღვნიშნავთ, რომ მართლმსაჯულების განხორციელების პრეროგატივა გააჩნია დამოუკიდებელ სასამართლოს და არა პოლიტიკოსებს ან რომელიმე პოლიტიკოსს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ქართული ოცნების" მიმართვის ტექტის თანახმად, რომელიც მამუკა მდინარაძემ წაიკითხა ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგის პროცესში დეესკალაციისა თუ კონსენსუსის მიღწევისთვის ოპტიმალური გზა იპოვოს ყველამ.

„გვსურს ცალსახად და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის თავშესაფარი და ინდულგენცია ვერ იქნება. „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სამოხელეო დანაშაულის, განსაკუთრებით კი გადასახადის გადამხდელთა თანხების არამიზნობრივად გამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს რეაგირება იყოს უკიდურესად მკაცრი და შეურიგებელი“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

აშშ-ის საელჩო საქართველოში 11 თებერვალს გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას. საელჩოს განცხადებაში საუბარია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგზე და ნათქვამია, რომ ოპოზიციის ლიდერის დაკავება მას რისკის ქვეშ აყენებს.

„აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

10 თებერვალს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გვიან ღამით, უგულავა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გიგი უგულავას დაპატიმრების გამო, ოპოზიციურმა პარტიებმა შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG