Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხულორდავა: ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ დადებითი განწყობა კრიტიკულმა ჩაანაცვლა


სტრასბურგში გამართული შეხვედრები ცხადყოფს, რომ ზოგადი განწყობა დამძიმებულია, კრიტიკულია საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული საკამათო პოლიტიკური ნაბიჯების გამო, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დამოუკიდებელი დეპუტატი, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.

ამჟამად ის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, იმყოფება სტრასბურგში, სადაც 12-13 თებერვალს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა იმართება. საქართველოს დელეგაციამ სხდომის დაწყებამდე არაერთი შეხვედრა გამართა ევროპარლამენტარებთან, ხელმძღვანელ პირებსა თუ ცალკეულ ჯგუფებთან.

თამარ ხულორდავას შთაბეჭდილებით, ევროპარლამენტში უარყოფითია რეაქციები „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტის გამო და მთავარ პრობლემად კვლავაც რჩება „ქართული ოცნების“ მიერ შეუსრულებელი დაპირება არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ, ზოგადი განწყობა დამძიმებულია, კრიტიკულია და ამას ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული საკამათო პოლიტიკური ნაბიჯები განაპირობებს. გიგი უგულავას დაკავება, ამ პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ცუდად არის აღქმული. ყველა ხედავს რომ ეს ხელს არ შეუწყობს დიალოგს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ სპექტრს შორის. მთავარ პრობლემას კვლავაც წარმოადგენს უკანდახევა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ ხულორდავამ.

მანამდე, მან სოციალურ ქსელ ფეისბუკში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ ძალიან დადებითი განწყობა კრიტიკული განწყობით არის შეცვლილი.

„გული მწყდება, რომ უაღრესად დადებითი განწყობა ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ კრიტიკულმა განწყობამ ჩაანაცვლა. საწყენია, რომ შრომით და რეფორმებით მოპოვებული ძალისხმევა საეჭვო პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო უბრალოდ იკარგება და ამას ეწირება ჩვენი ქვეყნის სახელი და რეპუტაცია“, - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი.

თამარ ხულორდავამ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა, სხვა რამდენიმე კოლეგასთან ერთად, 2019 წლის 14 ნოემბერს დატოვა. ამ დღეს პარლამენტის სხდომაზე ჩავარდა პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. დაპირების შეუსრულებლობის გამო „ქართული ოცნება“ მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა როგორც ევროპიდან, ასევე შეერთებული შტატებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG