Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტმა რეზოლუცია ვერ დაამტკიცა


იმის გამო, რომ ტექსტში კრიტიკის შემცველი შეფასებები არ შესულიყო, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ დაბლოკა ყველა ცვლილება და, შედეგად, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ვერ დამტკიცდა დასკვნითი დოკუმენტი, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი ოთარ კახიძე სტრასბურგიდან გავრცელებულ თავის ვიდეომიმართვაში.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ დოკუმენტის თავდაპირველი ტექსტი არაადეკვატური იყო, არ ასახავდა საქართველოში შექმნილ მძიმე რეალობას და ამიტომ, მომზადდა ბევრი კრიტიკული ცვლილების პროექტი და სწორედ ეს ცვლილებები ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“.

„ჩვენი ცვლილებები ეხებოდა პოლიტიკურ დევნას, გიგი უგულავას ბოლოდროინდელ საქმეს, მედიის მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს... ასევე იყო 20 ივნისის ამბები; რა თქმა უნდა, ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან; სასამართლოში მიმდინარე ძალიან მძიმე პროცესები...

მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტარების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი ჩვენს ყველა ცვლილებას... ჩვენი ცვლილებების ჩაგდების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“დააყენა თავისი ცვლილებები. ყველა ამ ცვლილებას უარით უპასუხა ევროპარლამენტმა...

შემდეგ დაიწყო ევროპარლამენტარების მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვა და ეს ცვლილებებიც ჩაუგდეს... შემდეგ უკვე, საბოლოო ტექსტის დამტკიცებაზე ევროპარლამენტარებმა უთხრეს უარი... და ეს არის უპრეცედენტო ამბავი, ჩვენი დიდი გამარჯვება და სრული კრახი „ქართული ოცნების“ დიპლომატიის“, - ამბობს ოთარ კახიძე ვიდეომიმართვაში.

დეპუტატის განმარტებით, საბოლოო ტექსტისა და ცვლილებების მისაღებად საჭიროა ევროპარლამენტის დელეგაციის უმრავლესობისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის უმრავლესობის მხარდაჭერა. სწორედ ამ მექანიზმის გამოყენებით მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“ ცვლილებების დაბლოკვა.

ცვლილებებში დასმული კრიტიკული აქცენტები:

  • ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოში ბოლო დროს განვითარებული სამწუხარო მოვლენები მაშინ, როცა ევროკავშირს ამ პროექტისთვის გამოყოფილი აქვს 300 ათას ევროზე მეტი;
  • 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები: ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენება, ზეწოლა ამომრჩევლებზე, ამომრჩევლების მოსყიდვა - ვალების განულების კამპანია (რაც უკავშირდებოდა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს); ამ არჩევნებზე OSCE/ODIHR-ის შეფასება იყო ბევრად უფრო კრიტიკული, ვიდრე წინა არჩევნების შეფასებები და აღინიშნებოდა დემოკრატიული პროცესების უკან დახევა;
  • 2020 წლის არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების აუცილებლობა და თავშეკავება, მათ შორის, ისეთი ქმედებებისგან, როგორიც არის: პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება;
  • „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საჯარო დაპირების არშესრულება და მოთხოვნა, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის დაინერგოს მხარეებისთვის სანდო ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად პროპორციულ წარმომადგენლობას პარლამენტში;
  • გიგი უგულავას დაპატიმრება (2013 წლის საქმეზე და უკვე მოხდილი სასჯელის პირობებში) და პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებისა და გასამართლების ტენდენცია; ეს შეუძლებელს ხდის დიალოგის გაგრძელებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის;
  • პოლიტიკური ოპონენტების დაკავება და ძველ საქმეებზე გასამართლება (გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, მამუკა ხაზარაძე და სხვები); მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებები მიუთითებს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების გასამართლება შესაძლოა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული; ასეთი საქმეები ძირს უთხრის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას საქართველოში და შესაძლოა სერიოზულად შეუშალოს ხელი ქვეყნის ევროინტეგრაციას;
  • უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ გამწესება მათი კვალიფიკაციის სრულად შეფასების გარეშე; სერიოზული ნაკლოვანებები კანდიდატების შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში;
  • ძალის გადამეტება 20 ივნისისა აქციის (და 14 ნოემბრის აქციის) დაშლისას; 240-მდე მშვიდობიანი მომიტინგის, ჟურნალისტისა და სამართალდამცველის დაშავების ფაქტები; 300-ზე მეტი მომიტინგის დაკავების ფაქტები; ხელისუფლებამ ერთმანეთისგან არ გამიჯნა მოძალადეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი და მშვიდობიანი მომიტინგეები; ხელისუფლების ვალდებულებაა - გამოავლინოს და დასაჯოს დამნაშავეები;
  • დამოუკიდებელი მედია ხშირად ხდება ხელისუფლების წნეხის სამიზნე ამ მედიასაშუალებების დამფუძნებლების გასამართლებისა და დაკავების სახით (ნიკა გვარამია, გიორგი რურუა, ავთანდილ წერეთელი, ზურაბ გუმბერიძე).

ხელისუფლების რეაქცია

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე დეკლარაციის უპრეცედენტო ჩავარდნას ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ხსნის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საბოლოო რეზოლუცია მხარდაჭერილი არ იყო. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში განიხილება როგორც წარმატებები, ასევე ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები. ერთი რამ, რაც პრინციპული და მნიშვნელოვანია და რაც ძალიან უხარია ოპოზიციას -

დღევანდელი რეზოლუციის ჩავარდნა, ეს არ არის რომელიმე პარტიის წარუმატებლობა, ეს არის ქვეყნის წარუმატებლობა. ის ძალისხმევა, რომელსაც ოპოზიცია ქვეყნის „გაშავებისთვის“ და ქვეყნის უკანსვლისთვის ხარჯავს, ანტისახელმწიფოებრივია“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა გიგი უგულავას პატიმრობას შეეხებოდა, რასთან დაკავშირებითაც მმართველმა პარტიამ ევროპარლამენტარებს საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შესთავაზა - „ევროპარლამენტარები მზად არიან, ჩამოვიდნენ ამ მისიის ფარგლებში, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“.

12-13 თებერვალს, სტრასბურგი მასპინძლობდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომას. ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა ევროპარლამენტარების არაერთი კრიტიკული განცხადება, რომელიც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას, ხელისუფლება-ოპოზიციის ჩაშლილ დიალოგსა და ოპოზიციონერების დევნას შეეხება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG