Accessibility links

ახალი ამბები

ლუკაშენკო იმუქრება, რომ დეფიციტის შესავსებად ნავთობს წაიღებს რუსეთის სატრანზიტო ნავთობსადენიდან

თუ რუსეთი მინსკს არ მიაწვდის ნედლეული ნავთობის საჭირო რაოდენობას, მაშინ ბელარუსი საწვავს რუსეთის სატრანზიტო ნავთობსადენიდან გადაქაჩავს. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა 14 თებერვალს, სააგენტო „ბელტას“ ცნობით.

ლუკაშენკოს მხედველობაში ჰქონდა ბელარუსის ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომელიც ევროპას აწვდის 1 მილიონ ტონა რუსულ ნავთობს.

მინსკი აცხადებს, რომ დაგეგმილი 2 მილიონი ტონა ნედლეული ნავთობის ნაცვლად, იანვარში ბელარუსის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსეთისგან მიიღეს მხოლოდ 500 ათასი ტონა ნავთობი.

ბელარუსის მოძველებული ეკონომიკა მძლავრად არის დამოკიდებული რუსეთიდან მიღებულ იაფ ნავთობსა და ასობით მილიონი დოლარის სუბსიდიაზე, ხოლო მოსკოვი, რომელსაც 1999 წლის შეთანხმების თანახმად სურს ბელარუსის უფრო მჭიდრო ინტეგრაცია მის შემადგენლობაში, აძლიერებს ზეწოლას ლუკაშენკოზე.

ბელარუსი რუსეთისგან ნედლ ნავთობს მხოლოდ საბაზრო ღირებულების შესაბამისად მიიღებს, - ამის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი კოზაკმა, სოჭში 7 თებერვალს გამართული სამიტის დასრულების შემდეგ.

ცოტა ხნის წინ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსკოვი დაადანაშაულა მის ქვეყანაზე ზეწოლის მოხდენაში საიმისოდ, რომ ის რუსეთს შეუერთდეს და იქვე განაცხადა, რომ ამას არასოდეს დაუშვებს

ყველა ახალი ამბავი

სამშაბათს მკვეთრად გამწვავდა ვითარება აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე

უკრაინის ჯარების შტაბის ცნობით, სამშაბათს მკვეთრად გამწვავდა ვითარება აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე.

უკრაინის სამხედროების მონაცემებით, ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ სეპარატისტები, რომლებსაც რუსეთი ეხმარება, დილით შეტევაზე გადავიდნენ დასახლებული პუნქტების - ნოვოტოშკოვსკოეს, ორეხოვოს, კრიმსკოესა და ხუტორ ვოლნის რაიონში. ისინი განლაგებული არიან სოფელ ზოლოტოეს მახლობლად, სადაც შარშან მოხდა ძალების დაშორიშორება.

შტაბის თანახმად, მოიერიშეებმა გამოიყენეს შეიარაღება, რომელიც აკრძალულია მინსკის შეთანხმებებით, მათ შორის 120-მილიმეტრის კალიბრის ნაღმსატყორცნები, ასევე ისინი ისროდნენ მსხვილი კალიბრის ტყვიამფრქვევით. ცნობაში ხაზგასმულია, რომ სეპარატისტები მხარეთა შეხების ხაზის გადაკვეთას ცდილობდნენ.

მოგვიანებით შტაბმა კიდევ ერთი ცნობა გაავრცელა, რომლის თანახმად, უკრაინის ჯარებმა მოიგერიეს სეპარატისტების იერიში და სრულად აკონტროლებენ საკუთარ პოზიციებს. ბრძოლები დასრულდა. უკრაინის ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. არის მსხვერპლი სეპარატისტთა შორისაც.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს უწოდა „ცინიკური პროვოკაცია“ და „დონბასის სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობა“. მისი თქმით, უცვლელი რჩება უკრაინის ხელისუფლების კურსი, რომელიც კონფლიქტის დასრულებისკენაა მიმართული,.

სეპარატისტებსა და რუსეთს არ გაუკეთებიათ კომენტარი ინციდენტის თაობაზე.

ირაკლი კობახიძე: "პარლამენტში არიან სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები"

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში არიან ე.წ. „სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები“, რომლებმაც მეორედ გამოიჩინეს თავი პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

„წინა ტოქსიკური შეტევის შემდეგ, თუ რამე უარესს და მდაბიოს მოიფიქრებდნენ, ძნელად წარმოსადგენი იყო, თუმცა ესეც მოახერხეს. საქართველოს პარლამენტში არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც ხელით და გულით დაატარებენ საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჰიმნს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის საბჭოთა კავშირის ბოლო გადმონაშთი საქართველოში და ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ელენე ხოშტარაიამ და ირმა ნადირაშვილმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვის კომონტირებისას.

18 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს, დარბაზში შევიდნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს დეპუტატებმა „ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა. ისინი დარბაზიდან მალევე გაიყვანეს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა.

„აი, ისინიც გამოჩნდნენ, ტაშით მივესალმოთ“, - განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან არჩილ თალაკვაძემ.

ნიდერლანდის სააპელაციო სასამართლომ რუსეთს "იუკოსისთვის" 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

ნიდერლანდის სააპელაციო სასამართლომ კვლავ აღადგინა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულება, 50 მილიარდი დოლარი საკომპენსაციო თანხა გადაუხადოს რუსეთის ყოფილი ნავთობკომპანია „იუკოსის“ აქციონერებს.

18 თებერვლის გადაწყვეტილებამ გააუქმა 2016 წელს ჰააგის საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც გაუქმებული იყო კომპენსაციის განკარგულება.

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის გადაწყვეტილება არ იყო სწორი. ამდენად, კვლავ ძალაში შევიდა საარბიტრაჟო სასამართლოს განაჩენი.

საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსკოვმა 2003 წელს ხელში ჩაიგდო „იუკოსი“ კომპანიისთვის უზარმაზარი გადასახადების დაწესებით. ამავე დროს, პოლიტიკურ არენას ჩამოაშორეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აქტიური კრიტიკოსი, „იუკოსის“ ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი.

ხოდორკოვსკი 2003 წელს დააპატიმრეს. მან ათი წელი გაატარა ციხეში. მას მერე, რაც პუტინმა შეიწყალა, ხოდორკოვსკიმ რუსეთი დატოვა.

რაგბის კავშირი ბიძინა ივანიშვილს, როგორც გამორჩეულ მეცენატს, დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს რაგბის კავშირი ფეისბუკის ოფიციალური გვერდის საშუალებით „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

„საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად საქართველოს სარაგბო თემი, რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მსოფლიო რაგბის მიერ გამორჩეულ მეცენატს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ულოცავს დაბადების დღეს“, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

ირაკლი კობახიძემ ელენე ხოშტარიას დიპლომი გაიხსენა

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალი კოლეგები“ და „საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები“ უწოდა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს, რომლებმაც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აქცია-პერფორმანსი გამართეს. ელენე ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილის აქცია ირაკლი კობახიძემ „საბჭოურ ინტერვენციად“ შეაფასა.

„მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები საქართველოში თავისი ღირებულებებით, პირველ რიგში. სიმბოლურია, რომ ეს ინტერვენცია განახორციელა ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც დიპლომით არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და გარდა დიპლომისა, ის ცხრა წლის განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოში სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეს, მისი განმტკიცების საქმეს და აგრძელებს ამ საქმეს მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, რაც არის ძალიან მძიმე და სამწუხარო“, - განაცხადა კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით დაატარებენ.

ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიას დიპლომზე საუბრისას, სავარაუდოდ, გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ ხოშტარიას დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის თანახმად, ელენე ხოშტარიას სპეციალობა საერთაშორისო ურთიერთობებია.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს, ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი დარბაზში შევიდნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ჩინეთში გარდაიცვალა ქალაქ უჰანის საავადმყოფოს დირექტორი

ჩინეთში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალი კორონავირუსით დაავადების 1886 შემთხვევა. დაავადებულთა საერთო რიცხვი 72 ათასს აჭარბებს. სულ ეპიდემიის დაწყებიდან დაიღუპა 1868 ადამიანი. 12 500-მდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

გარდაცვლილთაგან ერთ-ერთია ქალაქ უჰანის საავადმყოფოს დირექტორი ლიუ ჩჟიმინი. ეპიდემია უჰანიდან გავრცელდა.

მატერიკული ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის ინფექციით დაავადებულია ათასამდე ადამიანი. უმეტესი მათგანი, 619, რეგისტრირებულია იაპონიაში. მათ შორის 454 - სამგზავრო საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე, რომელიც იოკოჰამის პორტში დგას კარანტინში.

აშშ-ში ჩავიდა ორი თვითმფრინავი აშშ-ის ასობით მოქალაქით, რომლებიც Diamond Princess-ზე იმყოფებოდნენ კარანტინში. ახლა ისინი ორკვირიან კარანტინს გაივლიან აშშ-ში. გემზე დაავადებული ამერიკელები იაპონიის საავადმყოფოებში მოათავსეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გამოსვლა საბჭოთა კავშირის ჰიმნით შეაწყვეტინეს

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს, დარბაზში შევიდნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს დეპუტატებმა „ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა. ისინი დარბაზიდან მალევე გაიყვანეს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა.

„აი, ისინიც გამოჩნდნენ, ტაშით მივესალმოთ“, - განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან არჩილ თალაკვაძემ.

„ნახეთ, საწამლავიც არ ჰქონდეთ შემოტანილი სკუნსებს“, - ამ რეპლიკით გამოეხმაურა აქცია-პერფორმანსს სხდომის წამყვანი გია ვოლსკი. „დაემთხვა, იცით, თქვენ ახსენეთ ოკუპაცია და სწორედ რუსეთის ჰიმნით შემოუერთდნენ“, - მიმართა ვოლსკიმ თალაკვაძეს, რომელიც მანამდე საუბრობდა რუსული ოკუპაციის გამო საქართველოს წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე.

პარლამენტის სხდომათა დარბაზს მიღმა ელენე ხოშტარიამ მედიას უთხრა, რომ აქცია-პერფორმანსი იყო იმის დემონსტრირება, რომ არ შეეგუებიან საქართველოში საბჭოთა კავშირის დამკვიდრებას.

პარლამენტის საქმიანობის შესახებ არჩილ თალაკვაძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას ესწრებიან საქართველოს მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

გიორგი გახარიასთვის ირაკლი შოთაძე ღირსეული პროფესიონალია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ღირსეული პროფესიონალი უწოდა ირაკლი შოთაძეს, რომელიც პარლამენტს საპროკურორო საბჭომ წარუდგინა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად.

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ანგარიშის მოსასმენად მინისტრებთან ერთად მისულმა გიორგი გახარიამ მედიას უთხრა, რომ ირაკლი შოთაძემ შეძლო მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება.

გახარიას და მთავრობის წევრებს საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ პარლამენტთან, შოთაძის კანდიდატურის დამტკიცების წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის კენჭისყრა დღეს იგეგმება.

შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისამდე. ირაკლი შოთაძე მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს საპროტესტო აქციები მოჰყვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაურკვეველი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე, მაშინ როცა პროკურატურას კონკრეტული ბრალდებული ჰყავდა.

ლევან გოგიჩაიშვილი: „გავაკეთოთ შოთაძის საქმიანობის მოკვლევის ჯგუფი“

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მოითხოვს, შეიქმნას პარლამენტში ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ირაკლი შოთაძის საქმიანობას ორი ფაქტის გარშემო.

„სად გაგონილა, რომ ორი კერძო პირის საქმის გარჩევას ესწრებოდეს გენერალური პროკურორი? ასევე, რამდენად ეთიკურად მიგაჩნიათ ის ამბავი, რომ ადამიანმა დაიწყო გამოძიება „სილქ-ჯგუფის“ წინააღმდეგ, შემდეგ თვითონ დახურა ეს საქმე, ბოლოს კი ამ ჯგუფის კონსულტანტად მოგვევლინა? თუ პარლამენტს ეყოფა ინსტიტუციური გამბედაობა, მოვითხოვ, გავაკეთოთ ამ ორივე ფაქტის მოკვლევის ჯგუფი“, - განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილმა, რომლის თქმითაც, ირაკლი შოთაძე იმყოფებოდა იმ ადამიანების კოლონაში, რომლებსაც 2012 წელს უნდა ეზეიმათ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება:

„ყველა ჯალათობაში აქვს მიღებული მონაწილეობა, რაც სააკაშვილის დროს ხდებოდა... თუ თქვენ ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავთ, კი ბატონო, ეს თქვენი უფლებაა, ეს თქვენი არჩევანია და შეგიძლიათ იძახოთ, რომ შოთაძე, გაბინაშვილი, ჩინჩალაძე და ალანია ემსახურებოდნენ სახელმწიფოს და არა სააკაშვილს“.

ლევან გოგიჩაიშვილს ბიუროს სხდომაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი.

კამათი მოჰყვა ლევან გოგოჩაიშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას:

„პარლამენტში მინისტრები რომ მოდიან, გაღიმებული სახეებით კი არ უნდა მოდიოდნენ, უნდა ეშინოდეთ იმ პასუხისმგებლობის, რაც მათ პარლამენტმა დააკისრა. არანაირი პატივისცემა ამ პარლამენტში არ არსებობს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ირაკლი სესიაშვილმა მოუწოდა კოლეგას, პოლიტიკური განცხადებები პლენარულ სხდომაზე გააკეთოს:

„ბიუროზე მაგის განხილვის ადგილი არ არის. ბიუროზე განვიხილავთ პროცედურულ საკითხებს. სამშაბათს, პოლიტიკური განცხადებებისას თქვი ეს ყველაფერი“.

სესიაშვილის მიმართვამ ლევან გოგიჩაიშვილის გაღიზიანება გამოიწვია. მან სესიაშვილს მოუწოდა, ძალოვან უწყებებში არსებულ კორუფციას მიხედოს.

„შენ შენს საქმეს მიხედე, რაც გევალება. მიხედე თავდაცვის სამინისტროში კორუფციას, სუს-ში კორუფციას, პროკურატურაში კორუფციას. ნუ განმისაზღვრავ შენ, სად რა ვილაპარაკო“, - უპასუხა გოგიჩაიშვილმა სესიაშვილს.

ფრაქცია "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" პარლამენტის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ ბოიკოტი გამოუცხადა პლენარულ სხდომას, რომელზეც კენჭი უნდა უყარონ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ წარდგენილ ირაკლი შოთაძეს.

„ვემიჯნებით ამ პროცესს და ვთვლით, რომ ის, რაც ხდება დღეს - საუბარია ირაკლი შოთაძის მეორედ მობრუნებაზე ამ სახით პარლამენტში - და ყველაფერი ის, რაც რეალურად ჩვენ ვიხილეთ, როდესაც გადაწყვეტილება არის პოლიტიკური წინასწარ მიღებული და შემდგომში უბრალოდ, სამწუხაროდ, პარლამენტი რაღაც ნოტარიუსის ფუნქციით გამოვიდა რეალურად მთელს ამ პროცესში - ჩვენ ამ პროცესს ვემიჯნებით და ბოიკოტის სახით გამოვხატავთ ამ ჩვენს ნაბიჯს“, - განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ აერთიანებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილ წევრებს: მარიამ ჯაშს, ლევან კობერიძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, გედევან ფოფხაძეს, კობა ნარჩემაშვილსა და ზვიად კვაჭანტირაძეს. ფრაქცია აპროტესტებს პროკურატურის სისტემის ხელმძღვანელად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას.

შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისამდე. ირაკლი შოთაძე მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს საპროტესტო აქციები მოჰყვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაურკვეველი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე, მაშინ, როცა პროკურატურას კონკრეტული ბრალდებული ჰყავდა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას შეუდგა. მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა თექვსმეტ რჩეულს უხმო და მესამე დღეა, თბილისის სპორტის სასახლეში ყოველ დღე ავარჯიშებს. 19 თებერვალს ბერძენი სპეციალისტი პირველი ტურის მატჩისთვის თორმეტკაციან განაცხადს შეავსებს.

საკვალიფიკაციო ეტაპს ქართველი კალათბურთელები 20 თებერვალს გახსნიან, შვეიცარიის ნაკრებთან თბილისში გასამართი თამაშით. 23 თებერვალს კი ბელგრადში შეხვდებიან სერბეთს. ამავე ჯგუფშია ფინეთის ნაკრებიც. ჯგუფური ეტაპი ორ წრედ ჩატარდება და ევროპირველობის საგზურს ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

საქართველოს ნაკრებს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე თამაში განაღდებული აქვს, როგორც შეჯიბრების ერთ-ერთ მასპინძელს, მაგრამ საკვალიფიკაციო რაუნდში მაინც მონაწილეობს, ჩემპიონატს რომ სათანადოდ მომზადებული შეხვდეს. ანალოგიური პრივილეგიით ისარგებლებენ ასევე მასპინძლები: იტალია, გერმანია და ჩეხეთი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, ირაკლი სულხანიშვილი, დავით კაკუშაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბურჯანაძე, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი, გიორგი ტურძილაძე, დუდა სანაძე და თად მაკფადენი. ოპტიმალურ განაცხადს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლია. მათ შორის თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე.

პარლამენტს შესთავაზეს, გენერალური პროკურორობის კანდიდატს კენჭი განხილვის გარეშე უყარონ

ირაკლი შოთაძე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბიუროს მიმართა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევის საკითხს პლენარულ სხდომაზე კენჭი განხილვის გარეშე უყარონ.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოხანაშვილმა თქვა, რომ გუშინ, კომიტეტში შოთაძეს 7 საათს უსმენდნენ და ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეკითხვები დაესვა და პასუხები მოესმინა, მათ შორის იმ "უპასუხისმგებლო ჯგუფებსაც, რომლებმაც პერფორმანსი მოაწყვეს".

„აღარ არის მიზანშეწონილი ეს საკითხი ვაქციოთ პოლიტიკურ თემად მხოლოდ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ირაკლი შოთაძეს 17 თებერვალს მოუსმინა. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 10-დან 8 წევრმა.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისამდე. შოთაძე მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს საპროტესტო აქციები მოჰყვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაურკვეველი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე, მაშინ, როცა პროკურატურას კონკრეტული ბრალდებული ჰყავდა.

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას სურს ილუზიის შექმნა, რომ საზოგადოება რაღაცას აპროტესტებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია იმის ნაცვლად, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას მართავდეს ხელისუფლებასთან, ავითარებს რევოლუციურ სცენარს. მისი სიტყვებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისულ წინადადებას ელოდება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპელი პარტნიორები და სწორედ ისინი მოუწოდებენ მხარეებს დიალოგის მაგიდასთან დაბრუნებისკენ.

„თუმცა, როგორ ჩანს, მათ ამის პასუხისმგებლობა არ აქვთ აღებული თავის თავზე, ერთმანეთში ამაზე ვერ რიგდებიან და ვერ ლაგდებიან და ავითარებენ რევოლუციურ სცენარს და გარეთ, როდესაც მართავენ აქციებს, სადაც თავადვე კადრებენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ თავებს ითვლის თითქოს ვიღაცა და მართლაც 1 მომიტინგეზე 1 ჟურნალისტი, 2 ოპერატორი და რამდენიმე პოლიციელი მოდის, ამ ფონზე უნდათ შექმნან ილუზია, რომ საზოგადოება რაღაცას აპროტესტებს. საზოგადოება პასუხს მოსთხოვს როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ყველა პოლიტიკურ ძალას, თითოეულ მის გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯზე. ჩვენ დაველოდოთ არჩევნებს, სადაც თუ ძალაში დარჩა 73 /77, უდიდესი ალბათობით, მიიღებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აუდიტის სამსახური სუს-ს პირველად შეამოწმებს

აუდიტის სახელმწიფო სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს წელს პირველად შეამოწმებს.

მაკონტროლებელი ორგანოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ გეგმაში აღნიშნულია, რომ სუს-ის 2019 წლის ფინანსურ აუდიტს აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი ჩაატარებს.

ფინანსური აუდიტის ჩატარება, სუს-ის გარდა, ათ უწყებაში იგეგმება. აუდიტის სამსახური 2019 წელს შეისწავლის შემდეგი უწყებების ბიუჯეტს:

- თავდაცვის სამინისტრო;

- შინაგან საქმეთა სამინისტრო;

- იუსტიციის სამინისტრო;

- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

- თბილისის მუნიციპალიტეტი;

- აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები.

გენერალური აუდიტორის, ერეკლე მექვაბიშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის უწყების გეგმა მთლიანობაში 70 აუდიტით განსაზღვრა, რომლითაც იგეგმება ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 91%-ის დაფარვა. აუდიტის სამსახური შესაბამისობის 39, ეფექტიანობის 15, ასევე ორ სისტემურ აუდიტს ჩაატარებს - საჯარო სექტორში ინვენტარიზაციის პროცესისა და გამარტივებული შესყიდვების მართვის მიმართულებით.

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია გენერალური პროკურორობის კანდიდატის წინააღმდეგ

საქართველოს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“, "ლეიბორისტული პარტიის", „ევროპული საქართველოს“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების და მხარდამჭერების აქცია, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ პლაკატი წარწერით: „არა ივანიშვილის მარიონეტს.“ ისინი საყვირებით ხვდებიან ავტომანქანებს, რომლებიც პარლამენტის ეზოში შედიან.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი პროკურატურის ხელმძღვანელად აბრუნებს ადამიანს, რომელიც თანამდებობიდან გადადგა საზოგადოების, მათ შორის თავად „ქართული ოცნების“ მომხრეების აღშფოთების შედეგად. „დღეს ივანიშვილი საზოგადოებას ეუბნება, ფეხებზე მკიდიხართ, რასაც მინდა იმას ვიზამ", - განაცხადა ბოკერიამ.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე იმყოფებიან პოლიციელები, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის შესაძლებლობას არ აძლევენ. ჭიჭინაძის ქუჩაზე შეხლა-შემოხლა იყო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. „ლეიბორისტული პარტიის" წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, დაპირისპირება „პოლიციელის მხრიდან ძველბიჭობამ“ და მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვამ გამოიწვია.

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 11 საათზე დანიშნულ სხდომაზე უნდა გადაწყვიტოს, როდის ეყრება პლენარულ სხდომაზე კენჭი გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს.

ბიუროს სხდომას დასკვნას წარუდგენს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. 17 თებერვალს, კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძის მოსმენის შემდეგ, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 10-დან 8 წევრმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ გენერალური პროკურორობის კანდიდატს კენჭს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრიან. ირაკლი შოთაძეს გენერალური პროკურორობისთვის სჭირდება სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა. მის კანდიდატურას ემხრობიან „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრები.

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა პარლამენტისთვის წარსადგენად 7 თებერვალს, 15 პრეტენდენტიდან შეარჩია საპროკურორო საბჭომ.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისამდე. შოთაძე მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს საპროტესტო აქციები მოჰყვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაურკვეველი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე, მაშინ, როცა პროკურატურას კონკრეტული ბრალდებული ჰყავდა.

რუსული НТВ-ს გამო ბრიტანეთში რეგისტრირებული მედიაჰოლდინგი დააჯარიმეს

დიდი ბრიტანეთის მედიარეგულატორმა Ofcom-მა 20 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა მედიაჰოლდინგი Baltic Media Alliance, რომელიც ევროპაში ავრცელებს რუსული ტელეარხების საერთაშორისო ვერსიებს, მათ შორის "НТВ-Мир Балтия"-ს.

სანქცია უკავშირდება ამ ტელეკომპანიის ეთერში 2018 წლის 2 აპრილს გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მცხოვრები, რუსეთის და ბრიტანეთის ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლას.

Ofcom-მა დაადგინა, რომ სატელევიზიო სიუჟეტის ავტორებმა დაარღვიეს მიუკერძოებლობის პრინციპი, რადგან გააშუქეს მხოლოდ კრიტიკა დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიციის მიმართ, კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის განცხადება და არაფერი უთქვამთ ფართო სპექტრის სხვა მოსაზრებებზე. შესაბამისად, დაირღვა ბრიტანული მედიარეგულატორის მიერ დადგენილი მაუწყებლობის წესები.

ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა, როცა Ofcom-მა დაადგინა ტელეარხების "НТВ-Мир Балтия"-ს და "НТВ-Мир Латвия”-ს მიერ მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა. ევროპაში მათი მაუწყებლობის ლიცენზია აქვს დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ მედიაჰოლდინგ Baltic Media Alliance-ს. მისი მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეა რუსეთის ქალაქ უფაში დაბადებული, ბიზნესმენი ოლეგ სოლოდოვი.

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი, პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 2018 წლის 4 მარტს, ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით.“ მათ გამოჯანმრთელებას რამდენიმე თვე დასჭირდა.

ბრიტანელი გამომძიებლების მიერ დანაშაულში ეჭვმიტანილნი არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ ალექსანდრ პეტროვის და რუსლან ბოშიროვის სახელზე გაცემული პასპორტებით.

გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი Bellingcat-ი ირწმუნება, რომ ამ სახელების მიღმა იმალებიან რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრები ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა. მოსკოვი სკრიპალების მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

"სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტი ლუგანსკელი სეპარატისტების ლიდერს შეხვდა

ცხინვალელი და ლუგანსკელი სეპარატისტების ლიდერები ანატოლი ბიბილოვი და ლეონიდ პასეჩნიკი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იმყოფება უკრაინის ქალაქ ლუგანსკში, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ.

ბიბილოვი 17 თებერვალს შეხვდა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, ლეონიდ პასეჩნიკს. „ლუგანსკის საინფორმაციო ცენტრის“ ცნობით, პასეჩნიკმა ბიბილოვს უთხრა, რომ მათ რესპუბლიკებს შორის თბილი და მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, ბიბილოვმა კი პასეჩნიკს მისი კარგი მეგობარი უწოდა.

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის განცხადებით, "სამხრეთ ოსეთთან" ხელმოწერილია და აქტიურად სრულდება მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შეთანხმება. პასეჩნიკმა ბიბილოვი 9 მაისს ლუგანსკში დაპატიჟა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე.

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის კენჭისყრის დროს პარლამენტის ბიურო დაადგენს

ირაკლი შოთაძე

საქართველოს პარლამენტის ბიურო დღეს, 18 თებერვალს გადაწყვეტს, როდის ეყრება პლენარულ სხდომაზე კენჭი გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს.

ბიუროს სხდომას, რომელიც 11 საათზეა დანიშნული, დასკვნას წარუდგენს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. 17 თებერვალს, კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძის მოსმენის შემდეგ, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 10-დან 8 წევრმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ გენერალური პროკურორობის კანდიდატს კენჭს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრიან. ირაკლი შოთაძეს გენერალური პროკურორობისთვის სჭირდება სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა. მის კანდიდატურას ემხრობიან „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრები.

პროკურატურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დაბრუნებას ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან, დილის 10 საათიდან გააპროტესტებენ პიკეტირების აქციით და „სირცხვილის დერეფნით“.

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა პარლამენტისთვის წარსადგენად 7 თებერვალს, 15 პრეტენდენტიდან შეარჩია საპროკურორო საბჭომ.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისამდე. შოთაძე მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს საპროტესტო აქციები მოჰყვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაურკვეველი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე, მაშინ, როცა პროკურატურას კონკრეტული ბრალდებული ჰყავდა.

იუწყებიან, რომ გაჟონა პეკინის მიერ წარმოებული რელიგიური დევნის დოკუმენტაციამ

მედიაში გავრცელებული ცნობებით, გამოჟონა მასალებმა, რომლებიც აჩვენებს როგორ გადაწყვიტეს ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბანაკებში მოთავსებული ასი ათასობით მუსლიმის ბედი.

გაჟონილ დოკუმენტში მოტანილია ინფორმაცია 311 დაკავებულ ინდივიდზე შორეულ დასავლეთში მდებარე სინიანის რეგიონიდან და დეტალურადაა ჩამოთვლილი მათი წარმომაველობა და რელიგიური წეს-ჩვეულებები - იუწყებიან ბიბისი და ასოშიეიტედ პრესი 17 თებერვალს.

იქვე სვეტებად ჩამოწერილია ცნობები დაკავებულთა ნათესავებზე, მეზობლებზე და მეგობრებზე, საერთო ანგარიშით 2000-ზე მეტ ადამიანზე.

ვაშინგტონში განთავსებული კომუნიზმის მემორიალური ფონდის წამყვანი მკვლევარი, ადრიან ზემზი ამბობს, "ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი ყველაზე მყარი მტკიცებულებაა", რომელიც კი მინახავს, იმის საჩვენებლად, რომ პეკინი "აქტიურად დევნის და სჯის ტრადიციული რელიგიური რწმენის ნორმალურ პრაქტიკებს".

გაეროს შეფასებით, 2019 წელს ერთი მილიონი ეთნიკური უიღური და სხვა ჯგუფების, ძირითადად მუსლიმი მკვიდრი მოსახლე იყო მოთავსებული ობიექტებში, რომლებსაც პეკინი "კონტრტერორისტულ ცენტრებს" უწოდებს. გაეროს ცნობითვე, კიდევ მილიონობით ადამიანი იძულებითაა მოთავსებული ბანაკებში. ჩინეთი ამ ბანაკებს უწოდებს საგანმანათლებლო და უნარების მიმცემ ცენტრებს, რომლებიც ადამიანებს ეხმარება ტერორიზმისგან დისტანციის შენარჩუნებაში და საზოგადოებაში რეინტეგრაციაში.

"მშვიდობით", ბოსნიავ: სერბი ლიდერი დოდიკი იმეორებს სეპარატისტულ მოწოდებას

ბოსნია-ჰერცეგოვინის ბოსნიელ სერბთა ერთეულის დეპუტატები საგანგებო სესიაზე შეიკრიბნენ საიმისოდ, რომ განეხილათ პასუხი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელსაც სერბები ეწინააღმდეგებიან.

ბოსნიაში დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიმდინარე თვეში უარყო რეპუბლიკა სრპსკაში მიღებული კანონი სასოფლო მიწის შესახებ, რომელიც უწინ იუგოსლავიის რესპუბლიკას ეკუთვნოდა. შარშან მიღებული კანონით, ამგვარი მიწა გამოცხადდა რეპუბლიკა სრპსკას საკუთრებად, მაგრამ სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი მფლობელი ბოსნიაა.

17 თებერვალს რეპუბლიკა სრპსკას პარლამენტში გამოსვლისას, მილორად დოდიკმა, ბოსნიის მრავალეთნიკური პრეზიდენტის ინსტიტუტის სერბმა წევრმა, განაცხადა: "მშვიდობით [ბოსნიავ], კეთილი იყოს [რეპუბლიკა სრპსკას] გასვლა".

დოდიკი ხშირად გამოდის მოწოდებით, რეფერენდუმი გაიმართოს რესპუბლიკა სრპსკას სტატუსის შესახებ და აცხადებს, რომ ბოსნიელ სერბებს აქვთ უფლება თავად გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი.

გასულ კვირაში აშშ-მა, სარაევოში ევროკავშირის ოფისმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ განაცხადეს, რომ "ინსტიტუტებიდან ცალმხრივი გასვლა ან მათში გადაწყვეტილების მიღების ბლოკირება, მიუღებელი და კონტრპროდუქტიულია". მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება "საბოლოო და სავალდებულოა და ის უნდა აღსრულდეს".

ირაკლი შოთაძეს მხარი დაუჭირა იურიდიულმა კომიტეტმა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა, ორეტაპიანი ფარული კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის პოსტზე.

პირველი ფარული კენჭისყრის დროს, კომიტეტის წევრებმა ბიულეტინების საშუალებით პასუხი გასცეს შეკითხვას - „მიიჩნევთ თუ არა, რომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ბატონი ირაკლი შოთაძე შეესაბამება საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს?“. შემოხაზული ბიულეტინები დეპუტატებმა სპეციალურ ყუთში ჩაყარეს.

ამ პროცედურის ფარგლებში შოთაძემ 8 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. მას ასევე 8 დეპუტატმა დაუჭირა მხარი მეორე ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით.

მეორე ეტაპზე კომიტეტის წევრებს პასუხი უნდა გაეცათ შეკითხვისთვის - „უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნას, რომლითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გასცემს რეკომენდაციას - საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ბატონი ირაკლი შოთაძე არჩეულ იქნას საქართველოს გენერალურ პროკურორად?“.

17 თებერვალს, კომიტეტის სხდომაზე, ირაკლი შოთაძის მოსმენა, კითხვა-პასუხისა და დაზუსტებების ჩათვლით, თითქმის 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსმენის პროცედურის დაწყებამდე ირაკლი შოთაძეს „ივანიშვილის მონა“ უწოდეს „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატებმა.

ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა კომიტეტის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით შევიდნენ და მწვავე განცხადებების ფონზე, გაშალეს პლაკატები წარწერით - „მონა“.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ 7 თებერვალს გამართული კენჭისყრის შედეგად შეარჩია. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. თავის მხრივ, კანდიდატად ირაკლი შოთაძის დარეგისტრირების განაცხადით საპროკურორო საბჭოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიმართა.

შოთაძე ერთხელ უკვე იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას - 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით. პოსტიდან ის მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

„ქართული ოცნება“ ირაკლი შოთაძის მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოხატავდა მანამდე, ვიდრე მისი კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნებოდა.

კომიტეტის შემდეგ, გენპროკურორობის კანდიდატს პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც მოუსმენენ და პოსტზე დამტკიცების საკითხს ასევე კენჭისყრის გზით გადაწყვეტენ. წინასწარი ინფორმაციით, ეს 18 თებერვალს მოხდება.

უფლებადამცველები, მე-3 სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შოთაძის დაბრუნებას გენერალური პროკურატურის, როგორც ინსტიტუციის, იმიჯის დამაზიანებლად მიიჩნევენ.

შეთანხმების მიუხედავად, თალიბანმა ხუთი ავღანელი სამხედრო დახოცა

ავღანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სულ მცირე ხუთი ჯარისკაცი იქნა მოკლული, როცა თალიბანის ექსტრემისტებმა იერიში მიიტანეს ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ბაზაზე - მიუხედავად "ძალადობის შემცირების" მოლოდინისა, აშშ-თალიბანის შეთანხმების მიღწევის წინ.

თავდასხმა მოხდა 16 თებერვალს, ყუნდუზის პროვინციის შორა ხაკის რეგიონში, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა თქვა, თალიბანთან შეთანხმება პირობებზე დაფუძნებით გაითვალისწინებს ძალადობის ერთკვირიან შემცირებასო.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ იერიშისას მსხვერპლი თალიბანის რიგებშიც იყო.

ამ ეტაპზე გაურკვეველია როდის უნდა ამოქმედებულიყო ძალადობის შემცირების პერიოდი. დოჰაში მყოფმა თალიბანის წარმომადგენელმა თქვა, აშშ-სთან შეთანხმებას ამ კვირაში მოეწერება ხელიო.

პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლით და ხშირი ძალადობა - ლომჯარიამ თბილისის ფსიქიკური ჯან. ცენტრი მოინახულა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მოინახულა. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ლომჯარიამ დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს.

ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით:

  • არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები;
  • განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი;
  • თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან;
  • შენობაში დგას მძაფრი სპეციფიკური სუნი;
  • პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას;
  • სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ზრდა.

შოთაძე ივანიშვილთან შეხვედრაზე: ეს არ იყო პროკურორის ეთიკასთან შეუსაბამო

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, მას სრული უფლება ჰქონდა სოლოლაკის ბიზნესცენტრში შეხვედროდა ბიძინა ივანიშვილს. დასმული შეკითხვების საპასუხოდ, ეს განცხადება შოთაძემ გააკეთა 17 თებერვალს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც მიმდინარეობდა მისი მოსმენა გენერალური პროკურორობის კანდიდატის რანგში.

„მთავარ პროკურორს, გენერალურ პროკურორს აქვს სრული უფლება აწარმოოს კერძო შეხვედრები, როდესაც ეს შეხვედრები არ ეხება მის სამსახურეობრივ საქმიანობას, არ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეებთან, არ არის დაკავშირებული ბრალდებასთან. ეს არის გენერალური პროკურორის, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები... ამ უფლებებს ვერავინ შეზღუდავს“.

შოთაძის განმარტებით, შეხვედრის დეტალებზე მან ვრცლად ილაპარაკა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე და საკითხის უფრო ღრმად განხილვას არ აპირებს. თუმცა, მისი თქმით, პროკურორის ეთიკასთან შეუსაბამოს ვერაფერს ხედავს იმ ფაქტში, რომელიც საზოგადოებამ „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მონათხრობით შეიტყო.

„ამ შეხვედრაზე მოვხვდი შემთხვევით, მე ამ საუბრებში მონაწილეობა არ მიმიღია. ეს ჩემი სიტყვები არ არის, შეგიძლიათ იმ მხარეებსაც ჰკითხოთ, ვინც მონაწილეობდა ამ შეხვედრაში. მე არ მახსოვს, ხაზარაძის სასარგებლო რა ვთქვი იქა, მაგრამ, მე როგორც მახსოვს, საერთოდ არ ჩავრეულვარ ამ საუბარში. რაიმე რომ ყოფილიყო ისეთი ამ შეხვედრაზე, რომელიც მე მაფიქრებინებდა, რომ ეს შესაძლებელია წინააღმდეგობაში მოვიდეს პროკურორის ეთიკასთან, მე ამ შეხვედრას დავტოვებდი...

მსგავსი არ ყოფილა. იყო მეგობრული შეხვედრა. შესაბამისად, მე ვერ დავინახე ვერაფერი ისეთი, რაც მე მაიძულებდა დამეტოვებინა შეხვედრა. აქ მთავარი საკითხი ის არის, რომ მე არანაირი ქმედება არ ჩამიდენია - არც ვერბალური და არც არავერბალური. არავიზე არანაირი ზეწოლა არ განმიხორციელებია და საერთოდ არ მიმიღია მონაწილეობა დისკუსიაში“, - განაცხადა შოთაძემ.

„ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს შორის დავას სოლოლაკში, საკუთარ სახლში „პატარა სახელმწიფოს“ როლში მყოფი არჩევდა და ამ შეხვედრაში მონაწილეობდა იმხანად მოქმედი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე. ხაზარაძე ასევე ამბობს, რომ იმ შეხვედრაზე შოთაძემ მათთვის სასარგებლო შეფასება გაახმოვანა და ამით ამოიწურა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისთვის 30 მილიონი დოლარის უკანონოდ გადახდის მოთხოვნა.

ხაზარაძის მიერ ამ ამბის გასაჯაროებას მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში და მათ შორის - იურისტებსა და უფლებადამცველებს შორის.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 7 თებერვალს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

შოთაძე ერთხელ უკვე იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას - 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით. პოსტიდან ის მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

„ქართული ოცნება“ ირაკლი შოთაძის მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოხატავდა მანამდე, ვიდრე მისი კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნებოდა. უფლებადამცველები, მე-3 სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შოთაძის დაბრუნებას გენერალური პროკურატურის, როგორც ინსტიტუციის, იმიჯის დამაზიანებლად მიიჩნევენ.

შოთაძე უგულავას საქმეზე: ეს იყო უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ „უდიდესი კორუფციული ფაქტი“ უწოდა საქმეს, რომლისთვისაც დედაქალაქის ყოფილი მერი, ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს. ამ თემაზე შოთაძემ ილაპარაკა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

„როდესაც საუბარია 50 მილიონამდე ლარის გაფლანგვაზე, 14 მილიონი გაიფლანგა ხელფასებზე, ხოლო დანარჩენი - პარტიას მოხმარდა... ის 16 მილიონიც და დარჩენილი თანხაც, საბოლოო ჯამში, მოხმარდა ხსენებულ პარტიას, პარტიულ მიზნებს... და ის ფაქტი, რომ ვიღაცეებზე დამზადდა პლასტიკური ბარათები, სადაც ჩაირიცხა ეს 14 მილიონი, უბრალოდ იყო ამ გაფლანგვის ჩადენის ხერხი.

დანარჩენი თანხა გამოტანილ იქნა პირდაპირ ბანკიდან მაღალი თანამდებობის პირების მიერ - ნაღდი ვალუტის სახით გამოტანილ იქნა „ლიბერთი ბანკიდან“ და დახარჯული იქნა პარტიული მიზნებისთვის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს იყო და არის, ალბათ, უდიდესი კორუფციული ფაქტი, საქართველოს ისტორიაში რაც ყოფილა და რაზეც დღესდღეობით უკვე განაჩენია დამდგარი“, - განაცხადა შოთაძემ.

მან ჩამოთვალა ბრალდებები, რომელთა გამოც გიგი უგულავამ უკვე მოიხადა სასჯელი და ასევე ახსენა საქმე, რომელზეც განაჩენი ჯერ არ დამდგარა. შოთაძის თქმით, ეს საქმე „სითი პარკს“ უკავშირდება და ამჟამად მისი არსებითი განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

„მერიის მიერ შესაბამისი დარღვევებით ხდებოდა თანხების არამიზნობრივი ჩარიცხვა „სითი პარკისთვის“. აქ საუბარია 2 მილიონ ლარამდე (თანხაზე)“, - განაცხადა შოთაძემ.

დასმული შეკითხვის საპასუხოდ, გენერალური პროკურორობის კანდიდატმა მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზებზეც ილაპარაკა. შოთაძე ფიქრობს, რომ არსებობს სრული სამართლებრივი საფუძველი არამიზნობრივად გახარჯული თანხების ბიუჯეტისთვის დასაბრუნებლად, ამ შემთხვევაში - გიგი უგულავას საქმესთან მიმართებითაც.

„ამისი შესაბამისი სამართლებრივი გზა არსებობს, რაც, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა განხორციელდეს... იმ უწყებას, რომელსაც, შესაბამისად, დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი - და დღეს საკმაოდ ხმამაღლა შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ეს იყო დანაშაული, რადგან სამივე ინსტანციის განაჩენია უკვე დამდგარი... იმ უწყებას, რომლის საბიუჯეტო ასიგნებები არამიზნობრივად გაიხარჯა, უფლება აქვს სამოქალაქო წესით იდავოს იმ არაკეთილსინდისიერი მოხელეების მიმართ, რომლებმაც მოახდინეს ამ თანხების არამიზნობრივი გახარჯვა და სამოქალაქო წესით, რეგრესის გზით მოითხოვოს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება“, - განმარტა შოთაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 10 თებერვალს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დააპატიმრეს. ის დამნაშავედ ცნეს „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში. უზენაესმა სასამართლომ მას მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით.

ოპოზიციურმა პარტიებმა გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს და შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება. გიგი უგულავას დაპატიმტების მისამართით არაერთი შეკითხვა დაისვა საქართველოს ევროპელი თუ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. განცხადებებში ლაპარაკია პოლიტიკურ დევნაზე. „ქართული ოცნება“ ყველანაირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 7 თებერვალს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

შოთაძე ერთხელ უკვე იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას - 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით. პოსტიდან ის მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

„ქართული ოცნება“ ირაკლი შოთაძის მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოხატავდა მანამდე, ვიდრე მისი კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნებოდა. უფლებადამცველები, მე-3 სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შოთაძის დაბრუნებას გენერალური პროკურატურის, როგორც ინსტიტუციის, იმიჯის დამაზიანებლად მიიჩნევენ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG