Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო: რუსეთმა დაიპყრო ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები


მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ „დასავლეთი იმარჯვებს“, რითიც უპასუხა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონი უკან იხევს გლობალური ჩართულობისგან და გერმანიის პრეზიდენტის გაფრთხილებას ახლებურ კონკურენციაზე „მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს“ შორის.

ამ გამოსვლაში პომპეომ სხვა თემებთან ერთად ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების დაპყრობაზეც. "ზოგიერთ ქვეყანას კვლავ იმპერია სურს. მოდით, ვისაუბროთ ტერიტორიულ მთლიანობაზე, ან, უფრო სწორად, ქვეყნებზე, რომლებისთვისაც ის მიუღებელია. რუსეთმა დაიპყრო ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები" - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

პომპეოს განცხადებას ტვიტერით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი. "ვაფასებ აშშ-ის წვლილს რეგიონში უსაფრთხოების დამყარებაში და მყარი კავშირების შენარჩუნებას საქარტველოს მსგავს მოკავშირეებთან. მადლობელი ვარ, რომ მაიკ პომპეო ჩვენს გვერდით არის, რათა შეჩერდეს რუსეთის მხრიდან ოკუპაცია და დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ძირის გამოთხრას საქართველოს პროდასავლური ინტეგრაციის პროცესისთვის" - წერს ზალკალიანი.

ბავარიის ქალაქში ეს ყოველწლიური კონფერენცია უკვე წლებია თავს უყრის მსოფლიოს ლიდერებს და ზოგჯერ ჩატარებულა აშშ-ისა და ევროპის ურთიერთობაში დაძაბულობის პირობებში, მაგალითად, 2003 წელს, როცა ერაყის ომის შესახებ მიმდინარეობდა დებატები.

ვაშინგტონსა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის დაძაბულობა ამჟამად ნატოზე ახდენს გავლენას. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხმამაღლა აკრიტიკებს ნატოს ევროპელ წევრებს - აცხადებს, რომ ისინი საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვის ბიუჯეტებში. ამასთან, ტრამპმა ეჭვი გამოთქვა ალიანსის ფუნდამენტურ პრინციპზეც, რომ ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს ალიანსის ყველა წევრზე იერიშს.

კონფერენციის პირველ დღეს გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გამოვიდა განცხადებით, რომ გლობალურ არასტაბილურობას ხელს უწყობენ რუსეთი და ჩინეთი, აშშ-სთან ერთად, და ისაუბრა საფრთხეზე, რომ ეს სამი ქვეყანა შესაძლოა ჩაერთოს „წამყვანი სახელმწიფოების“ ახლებურ კონკურენციასა და გამალებულ ბირთვულ შეიარაღებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG