Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი უარყოფს წინადადებას, საფრანგეთის ბირთვული არსენალი გახდეს ევროპის უსაფრთხოების ცენტრი


ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უარყო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინადადება, საფრანგეთის ბირთვული შესაძლებლობები განთავსდეს ევროპის თავდაცვის სტრატეგიის ცენტრში და განაცხადა, რომ აშშ და ბრიტანეთი უკვე უზრუნველყოფენ უსაფრთხოების ეფექტიან სისტემას.

"უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს გვაქვს ევროპული ბირთვული შემაკავებელი - მას 28 მოკავშირე ყოველდღიურად უზრუნველყოფს, და ეს არ არის მხოლოდ დაპირება, ეს სისტემა ათწლეულებია არსებობს", - უთხრა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს 15 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. "ეს ნაცადია და გამოცდილი, ჩვენ მას ვიყენებთ, ინსტიტუციონალიზებულია და ევროპისთვის წარმოადგენს უსაფრთხოების მთავარ გარანტიას", - თქვა სტოლტენბერგმა, რომელმაც საფრანგეთს უწოდა "დიდად დაფასებული მოკავშირე", რომლის ბირთვული შესაძლებლობები ხელს უწყობს ნატოს მთლიან უსაფრთხოებას.

მაკრონი გამოდის ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის სისტემების ცვლილების იდეით, ბრექსიტის, ანუ ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლის პასუხად. ბრექსიტის შემდეგ, საფრანგეთი დარჩა ევროკავშირის ერთადერთ სახელმწიფოდ, რომელსაც ბირთვული არსენალი აქვს. მაკრონი გამოდის ევროპული "სტრატეგიული ავტონომიის" იდეით - ანუ შესაძლებლობის, კონტინენტმა თავი დაიცვას ვაშინგტონზე დაყრდნობის გარეშე, თუმცა თან აცხადებს, რომ ნატოს ერთგული რჩება.

გასულ კვირაში წარმოთქმულ მნიშვნელოვან სიტყვაში მაკრონმა გამოთქვა წინადადება, ევროკავშირის ქვეყნებს შორის გაიმართოს დიალოგი იმის შესახებ, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს საფრანგეთის ატომურმა შემაკავებელმა, და, ამავე დროს, გამოვიდა ევროპაში თავდაცვის ბიუჯეტების მნიშვნელოვანი გაზრდის წინადადებით.

საფრანგეთი ნატოს წევრია, მაგრამ მისი ატომური იარაღი ალიანსისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ის დიდი ხანია ამაყობს თავისი დამოუკიდებელი ბირთვული შესაძლებლობებით. გერმანია განსაკუთრებით ეწინააღმდეგება დამოკიდებულების გაზრდას საფრანგეთის არსენალზე, როგორც შემაკავებელზე და თვლის, რომ აშშ-ის ბირთვული ქოლგა უსაფრთხოების მთავარ სისტემას წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG