Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში შეტაკებები მოხდა მიგრანტებს და პოლიციას შორის


ბოსნია-ჰერცეგოვინაში შეტაკებები მოხდა ასობით მიგრანტს და პოლიციას შორის, მაშინ, როცა მიგრანტები ცდილობდნენ გამოეღწიათ ბანაკიდან, იქ არსებული პირობების და ახლოს მდებარე ხორვატიის სასაზღვრო დაცვის წევრების მხრიდან სასტიკი მოპყრობის გასაპროტესტებლად.

შეტაკებები მოხდა 15 თებერვალს, მირალის მიგრანტთა ბანაკში, დასავლეთ ბოსნიაში, დაახლოებით 10 კილომეტრით მოშორებით ხორვატიის საზღვრიდან. ბანაკში 1000-მდე მიგრანტი ცხოვრობს, რაც 300-ით აჭარბებს შენობაში განსაზღვრული ადგილების რაოდენობას. დაშავებულების შესახებ ცნობები არ არის, თუმცა თვითმხილველებმა როიტერსს უთხრეს, რომ დაინახეს, როგორ მოხდა შეტაკება და როგორ დააკავა პოლიციამ რამდენიმე, ძირითადად მამაკაცი მიგრანტი, რომლებიც სკანდირებდნენ "თავისუფლება", "დაგვიბრუნეთ ჩვენი ფული", "შეწყვიტეთ ჩვენი ცემა".

მიგრანტებიდან ბევრი ჩივის ხორვატიის საზღვრო დაცვის წევრებზე, რომლებსაც ისინი ბრალს სდებენ ძალადობრივ მოპყრობაში, როცა საზღვარზე გადასვლა სცადეს. ბანაკში მცხოვრებმა მიგრანტმა, სალამ ბატუმ სააგენტო როიტერსს უთხრა: "ხორვატიის პოლიცია ძალიან, ძალიან ცუდია. ჩვენ გვსურს საზღვარი გაიღოს. გთხოვთ აღარ დაგვარტყათ. ნუ გაგვხდით ქურთუკებს, ფეხსაცმელს და წინდებს. ისინი ყველაფერს გვართმევენ". პაკისტანელი მამაკაცის სიტყვებით, "საზღვართან თუ მივალთ, ხორვატიის პოლიცია ჩვენს ქურთუკებს და ფეხსაცმელებს ცეცხლს უკიდებს, გვართმევენ მობილურ ტელეფონებს".

ხორვატიის მხარე უარყოფს ბრალდებებს, რომ პოლიცია სასტიკად ეპყრობა მიგრანტებს. ბოსნიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2019 წელს ქვეყნის ტერიტორია გადაკვეთა 50,000-მდე მიგრანტმა, ძირითადად პაკისტანიდან, ავღანეთიდან, ერაყიდან, მაროკოდან და სირიიდან, რომლებიც ევროკავშირის წევრ ხორვატიის გავლით დასავლეთ ევროპაში ცდილობდნენ ჩასვლას.

ბოსნიის ტერიტორიაზე 6000-მდე მიგრანტი რჩება, მათი უმრავლესობა სახელდახელოდ აგებულ ბანაკებშია განთავსებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG