Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქცია გაგრძელდება


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ჟურნალისტებისადმი სოლიდარობის მიზნით, თბილისში, საქართველოს პარლამენტთან გაიმართება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ პოლიტიკურ ძალას, "ქართულ ოცნებას" და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის დათხოვნა.

ქარტია საზოგადოებას შეახსენებს, რომ 2019 წლის 22 ნოემბერს, აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ თანამშრომლები გამოთქვამდნენ ეჭვებს, რომ ახალი დირექტორი ხელისუფლების დავალებით მათი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოისურვებდა: „მას შემდეგ გიორგი კოხრეიძის მხრიდან გადაიდგა არაერთი ნაბიჯი, რომელმაც ტელევიზიის თანამშრომელთა ეჭვები და შიშები რეალური გახადა. ამ რამდენიმე თვის
განმავლობაში, ახალმა დირექტორმა აიძულა ტელევიზია დაეტოვებინა ნათია ზოიძეს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა. ახალმა დირექტორმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ტელევიზიაში კრიტიკულ კონტენტს ქმნიან. ბოლო დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გიორგი კოხრეიძე აპირებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის პოსტიდან ჩამოცილებას. ახალმა დირექტორმა უარი თქვა ეთერში საგამოძიებო ფილმების განთავსებაზე“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, ტელევიზიის დირექტორი, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ დაკომპლექტებულმა მრჩევლებმა დანიშნეს, ყველაფერს აკეთებს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფისა და კრიტიკული აზრის ჩახშობისთვის.

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია 16 საათზე დაიწყება.

16 თებერვალს, საპროტესტო აქციები გაიმართა ბათუმსა და ქუთაისში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG