Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული НТВ-ს გამო ბრიტანეთში რეგისტრირებული მედიაჰოლდინგი დააჯარიმეს


დიდი ბრიტანეთის მედიარეგულატორმა Ofcom-მა 20 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა მედიაჰოლდინგი Baltic Media Alliance, რომელიც ევროპაში ავრცელებს რუსული ტელეარხების საერთაშორისო ვერსიებს, მათ შორის "НТВ-Мир Балтия"-ს.

სანქცია უკავშირდება ამ ტელეკომპანიის ეთერში 2018 წლის 2 აპრილს გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მცხოვრები, რუსეთის და ბრიტანეთის ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლას.

Ofcom-მა დაადგინა, რომ სატელევიზიო სიუჟეტის ავტორებმა დაარღვიეს მიუკერძოებლობის პრინციპი, რადგან გააშუქეს მხოლოდ კრიტიკა დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიციის მიმართ, კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის განცხადება და არაფერი უთქვამთ ფართო სპექტრის სხვა მოსაზრებებზე. შესაბამისად, დაირღვა ბრიტანული მედიარეგულატორის მიერ დადგენილი მაუწყებლობის წესები.

ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა, როცა Ofcom-მა დაადგინა ტელეარხების "НТВ-Мир Балтия"-ს და "НТВ-Мир Латвия”-ს მიერ მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა. ევროპაში მათი მაუწყებლობის ლიცენზია აქვს დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ მედიაჰოლდინგ Baltic Media Alliance-ს. მისი მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეა რუსეთის ქალაქ უფაში დაბადებული, ბიზნესმენი ოლეგ სოლოდოვი.

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი, პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 2018 წლის 4 მარტს, ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით.“ მათ გამოჯანმრთელებას რამდენიმე თვე დასჭირდა.

ბრიტანელი გამომძიებლების მიერ დანაშაულში ეჭვმიტანილნი არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ ალექსანდრ პეტროვის და რუსლან ბოშიროვის სახელზე გაცემული პასპორტებით.

გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი Bellingcat-ი ირწმუნება, რომ ამ სახელების მიღმა იმალებიან რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრები ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა. მოსკოვი სკრიპალების მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG