Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი შოთაძე პროკურატურის სისტემის ხელმძღვანელად დაბრუნდა


ირაკლი შოთაძე
ირაკლი შოთაძე

საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ წარდგენილი ირაკლი შოთაძე. მას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. პლენარულ სხდომაზე ფარულ კენჭისყრამდე რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 89 წევრმა.

ირაკლი შოთაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, რომელმაც შესაბამის დადგენილებას კენჭი უყარა პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის გარეშე.

პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად 6 წლის ვადით აირჩია.

პლენარულ სხდომას არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციების წევრები, რომლებსაც პარლამენტის მუშაობისთვის ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული. ამ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა დღეს პარლამენტთან გამართეს საპროტესტო აქცია ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას ეწინააღმდეგებოდნენ უფრაქციო დეპუტატებიც.

ირაკლი შოთაძე მანამდეც იკავებდა პროკურატურის ხელმძღვანელის თანამდებობას. ის მთავარი პროკურორის პოსტიდან 2018 წლის 31 მაისს გადადგა მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს საპროტესტო აქციები მოჰყვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაურკვეველი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე, მაშინ, როცა პროკურატურას კონკრეტული ბრალდებული ჰყავდა.

ირაკლი შოთაძის ბიოგრაფია ასეთია:

2005 წელს დაამთავრა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი.

2019 წლის მარტიდან მუშაობდა „სილქნეტის“ იურიდიულ კონსულტანტად.

2018 წლის ნოემბრიდან არის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი.

2015-2918 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურორი.

2013-2015 წლებში მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.

2013 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად.

2012-2013 წლებში - ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.

2010-2012 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

2009-2010 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი.

2006-2009 წლებში იყო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი.

2006 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზღვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორი.

2006 წელს იყო გენპროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტი.

ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოს შესთავაზა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.

გენერალური პროკურორის თანამდებობა, მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 2019 წლის დეკემბერში პარლამენტმა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

XS
SM
MD
LG