Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ვალერი გელაშვილის უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ ცნო ვალერი გელაშვილის უფლებამოსილება.

გელაშვილი „ქართული ოცნების“ სიით არჩეული დეპუტატის, კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლე გახდა.

პარლამენტმა კარლო კოპალიანს უფლებამოსილება 5 თებერვალს შეუწყვიტა, მას შემდეგ, რაც ის ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი გახდა.

კოპალიანის უფლებამონაცვლე ვალერი გელაშვილი სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია.

2005 წელს, იმჟამად დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე რამდენიმე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირს შეფარდებული აქვს სასჯელი.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2018 წლის 22 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისს გამამტყუნებელი განაჩენი. მიხეილ სააკაშვილი დამაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ძალადობით და იარაღის გამოყენებით. რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 6 წლის ვადით. 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის გია სირაძის მიმართ.

2016 წლის სექტემბერში ვანო მერაბიშვილს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების აკრძალვა შეეფარდა. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს 20 თებერვალს ტოვებს. ერეკლე კოდუას და გია სირაძეს 9-9-წლიანი პატიმრობა და ასევე, 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების აკრძალვა შეეფარდათ. მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

ვალერი გელაშვილს თავდასხმა დაკავშირებული იყო გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუსთან. სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ.

გამოძიების თანახმად სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის დასჯა დაავალა თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, ვისგანაც მიიღო უარი. ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, რომელმაც თავის მხრივ მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით სისრულეში მოიყვანა დავალება.

„2005 წლის 15 ივლისს. სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს.

ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, იარაღის კონდახებით სასტიკად სცემეს იგი და გაიტაცეს მის კანონიერ მფლობელობაში არსებული Heckler Koch-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა – 10 000 აშშ დოლარი და 50 000 ლარად ღირებული ბეჭედი“,- ნათქვამია 2018 წლის 22 ნოემბერს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG