Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩმა ოპოზიციის ლიდერებს უმასპინძლა


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს.

შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო განიხილეს.

„ელჩმა დეგნანმა ოპოზიციის ლიდერებს გასაცნობად და საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე სასაუბროდ უმასპინძლა. ელჩმა დეგნანმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ყველა მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგსა და ფართო საარჩევნო რეფორმის პროცესში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე ოპოზიციის ლიდერები ელჩის რეზიდენციაში მიღებაზეც იმყოფებოდნენ, თუმცა შეხვედრა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრების გამო მალე დატოვეს.

10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG