Accessibility links

ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ ზელენსკის შეუძლია „ქვეყნის გაერთიანება“


ვიქტორ იანუკოვიჩი

„მაიდნის“ მოვლენების მეექსვე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის დევნილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა, გაავრცელა მიმართვა, რომელშიც იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის „შეუძლია ქვეყნის გაერთიანება“ .

„ზელენსკის პირველი ნაბიჯები მშვიდობის, სამართლიანობისა და სტაბილურობის დამყარების იმედს იძლევა... მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა ქვეყანამ ხელიდან არ გაუშვას ეს იმედი და რომ ამ მიწას მშვიდობა ეღირსოს“, - ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში.

ამასთან ვიქტორ იანუკვიჩი კვლავ სახელმწიფო გადატრიალებას უწოდებს 2014 წლის თებერვლის მოვლენებს და უკრაინის მეხუთე პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს, ადანაშაულებს დონბასში „კონფლიქტის გაღვივებაში“.

2014 წლის 18 თებერვალს კიევში ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებსა და სამთავრობო უშიშროების ძალებს შორის შეტაკება მოხდა კიევის დამოუკიდებლობის მოედნის, „ევრომაიდნის“, მახლობლად. თვითმხილველთა თანახმად, გამოყენებულ იქნა საბრძოლო ტყვიები. თებერვლის მოვლენების დროს დაიღუპა ასზე მეტი აქტივისტი, „ზეციური ასეული“, როგორც მათ ხალხმა უწოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, რუსეთში გაიქცა. უკრაინის სასამართლომ 2019 წლის იანვარში იანუკოვიჩს დაუსწრებლად მიუსაჯა 13-წლიანი პატიმრობა უმძიმესი ბრალდებებით, როგორიცა: სახელმწიფოს ღალატი, უკრაინის საზღვრების შეცვლის მცდელობა და ომის წარმოებისა და, აგრეთვე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის ხელის შეწყობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG