Accessibility links

ახალი ამბები

„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია მოითხოვს ხოშტარიამ და ნადირაშვილმა დეპუტატის მანდატები დატოვონ

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები აქციას მართავენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები მოითხოვენ პარლამენტის წევრის მანდატები დატოვონ „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა.

„დატოვონ მანდატი საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გამჟღერებლებმა“, - წერს „ფეისბუკზე" „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე და თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი ჩაკვეტაძე.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს, „ევროპული საქართველოს წევრები“ ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი დარბაზში შევიდნენ და პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

პარლამენტის სხდომათა დარბაზს მიღმა ელენე ხოშტარიამ მედიას უთხრა, რომ აქცია-პერფორმანსი იყო იმის დემონსტრირება, რომ არ შეეგუებიან საქართველოში საბჭოთა კავშირის დამკვიდრებას: „ნახევრად ცარიელ დარბაზში არჩილ თალაკვაძე, ქვეყანაში, რომელშიც არის დიდი კრიზისი, ვითომ თავმჯდომარე პარლამენტის გამოდის და ესე საუბრობს. ერთადერთი, რისი სიმბოლოცაა ეს ყველაფერი, არის საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირი".

ყველა ახალი ამბავი

მოსკოვის დომოდედოვის აეროპორტიდან პოლიციამ ქუჩაში გაყარა სამასამდე შრომითი მიგრანტი

პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა უცნობმა პირებმა 31 მარტს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის შენობიდან გაყარეს ცენტრალური აზიის წარმომადგენელი, დაახლოებით 300-მდე შრომითი მიგრანტი, მათ შორის დაახლოებით 200 ტაჯიკეთის მოქალაქე.

ამის შესახებ „ნასტოიაშჩეე ვრემია“ იტყობინება ჟურნალისტ გალია იბრაგიმოვაზე დაყრდნობით, რომელემაც ამ დარბევის ამსახველი ვიდეო თავის ფაისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.

ჟურნალისტის თანახმად, ეს ადამიანები სამშობლოში დაბრუნების მოლოდნში ორი კვირის განმავლობაში აეროპორტში აღმოჩნდნენ გამომწყვდეული კორონავირუსის შესაჩერებლად რუსეთის ხელისუფლების მიერ საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტისა და საზღვრების ჩაკეტვის გამო.

"მოვიდნენ ფორმიანი თანამშრომლები. გვკითხეს, რამდენი ხართო და გვითხრეს ყველა შევგროვებულიყავით. დაგვპირდნენ ამ საღამოს გაგამგზავრებთო. ყველანი შევგროვდით. დაახლოებით 300 კაცი. შევგროვდით თუ არა უბრალოდ გარეთ გაგვყარეს. ღამით, სიცივეში, ქუჩაში. გვითხრეს: არ შეიძლება თქვენი აეროპორტში ყოფნაო და გამოგვყარეს. ახლა ხალხი ქუჩაში იმყოფება. არ ვიცით, რა გზას დავადგეთ“, - ამის შესახებ ტაჯიკმა მიგრანტმა ფარუხმა, ტელეფონის საშუალებით აცნობა ჟურნალისტ იბრაგიმოვას.

რუსეთის ხელისუფლება და რუსეთში ტაჯიკეთის საელჩო, გავრცლებული ცნობით, გასაჭირში ჩავარდნილ მიგრანტებს არ დახმარებია. წყალი და საჭმელი მოხალისეებმა და თანამემამულეებმა მიუტანეს. მიგრანტები აცხადებენ, რომ ავიაკომპანია „სომონი აირსის“ დაპირებული ჩარტერული რეისი არ შესრულდა.

ექიმს, რომელსაც პრეზიდენტმა პუტინმა ხელი ჩამოართვა, კორონავირუსი აღმოაჩნდა

დენის პროცენკო და ვლადიმირ პუტინი

მოსკოვთან ახლომდებარე დაბა კომუნარკაში მდებარე საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს, კორონავირუსი აღმოაჩნდა. ექიმმა ამის შესახებ ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომელშიც აღნიშნავს, რომ იზოლირებულია თავის კაბინეტში, მაგრამ თავს კარგად გრძნობს და განაგრძობს თვითიზოლაციაში მუშაობას.

24 მარტს კომუნარკაში მდებარე საავადმყოფო მოინახულა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, და ხელის ჩამორთმევით მიესალმა დენის პროცენკოს.

მას შემდეგ, რაც საავადმყოფოს მთავარ ექიმს კორონავირუსი აღმოაჩნდა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ პრეზიდენტს რეგულარულად ამოწმებენ კორონავირუსზე და იგი თავს „ნორმალურად“ გრძნობს.

ტრანსგენდერ ადამიანებს, ვისთვისაც ცხოვრება კარანტინია - „თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს

ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „თბილისი პრაიდი” განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობა ხშირად სისტემურ ჩაგვრასა და დამცირებასთან არის დაკავშირებული. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას, სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის უფლებას. ტრანსგენდერ ადამიანებს არ ეძლევათ განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობა. მათი ყოფა ამ ქვეყანაში არის დამამცირებელი და გაუსაძლისი! თქვენ ალბათ არ გინახავთ დღისით ქუჩაში მოსიარულე ტრანსგენდერი ადამიანი და ვერც ნახავდით, იმიტომ რომ ეს ადამიანები ქუჩაში თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან. ოჯახის წევრების თუ თანამოქალაქეების შიშით ვერ მიდიან უნივერსიტეტში, კინოში, ბაზარში თუ პარკში, სასეირნოდ…“ - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

როგორც სამოქალაქო მოძაობა აღნიშნავს, არსებული კრიზისი უნდა გახდეს შესაძლებლობა სახელმწიფოსთვის, რომ აღიაროს ტრანსგენდერი ადამიანების არსებობა და გაატაროს ეფექტიანი პოლიტიკა მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

განცხადების ავტორები ტრანსგენდერი ადამიანების ყოფას ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების კონტექსტში წარმოაჩენენ. „ახლა როცა ყველას საგანგებო რეჟიმის პირობებში გვიწევს ცხოვრება და გვეზღუდება თავისუფლებები, გვაქვს შესაძლებლობა უფრო თვალნათლივ წარმოვიდგინოთ თუ რისი გადატანა უწევთ ჩვენ ირგვლივ მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს, ვისთვისაც მთელი ცხოვრება კარანტინია“, - ნათქვამია განცხადებაში.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი.

31 მარტის 17:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 110 შემთხვევა, მათგან 21 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 ადამიანი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 278.

იტალიაში გლოვობენ კორონავირუსის შედეგად დაღუპულებს

სამშაბათს მთელ იტალიაში დაშვებულია სახელმწიფო დროშები, ხოლო მრავალ ქალაქში წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას.

COVID-19-ით გარდაცვლილთა მხრივ იტალია მსოფლიოში პირველ ადგილზეა. წუხელ ქვეყანაში კიდევ 812 კაცი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით კორონავირუსმა იტალიაში იმსხვერპლა სულ მცირე 11500 პაციენტი.

ამასთან, იტალიაში კლებულობს კორონავირუსით დაავადების შემთხვებები. თუ კვირას დაინფიცირდა 3800 ადამიანი, ერთი დღის შემდეგ ეს რიცხვი 1600-მდე შემცირდა. ვითარების გაუმჯობესებას იტალიაში უკავშირებენ მკაცრ საკარანტინო ზომებს, რომელიც მინიმუმ 12 აპრილამდე გასტანს.

EMC მთავრობას მოუწოდებს, იზრუნოს მათზე, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მთავრობას მიმართავს, შექმნას სოციალური დაცვის მექანიზმები მათთვის, ვინც ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული საგანგებო ღონისძიებების გამო დაკარგა ან დაკარგავს შემოსავალს.

ორგანიზაციის თანახმად, აქამდე შემუშავებული ზომების დიდი ნაწილი დამსაქმებლებისთვის გათვალისწინებულ შეღავათებს მოიცავდა და მნიშვნელოვანია შემუშავდეს ისეთი სოციალური პროგრამებიც, რომლებიც პირდაპირ მიემართება შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას.

EMC-ის თანახმად, შემწეობა არ უნდა განისაზღვროს საარსებო მინიმუმის მიხედვით, რადგან ეს უკანასკნელი ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებას.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის რეკომენდაციაა, ასევე, პოსტკრიზისულ ეტაპზევე დაიწყოს უმუშევრობის შემწეობისა და დაზღვევის ეფექტური სისტემის შექმნა. ორგანიზაციის შეფასებით, ამ სისტემის არარსებობა დღევანდელ კრიზისს ერთიორად აღრმავებს.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სოციალური დაცვის მექანიზმები საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშაოს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტს კარანტინის ზონად გამოცხადდა, საყოველთაო კარანტინის რეჟიმში კი ქვეყანა 31 მარტიდან გადავიდა.

საქართველოში 31 მარტის 18 საათის მონაცემებით, კორონავირუსით COVID-19-ით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 110-ს შეადგენს.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 110-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

დანარჩენი 108-დან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 87 აქტიური შემთხვევაა.

ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა სამედიცინო დახმარება გაუგზავნეს ირანს

ვირუსით გარდაცვლილის დაკრძალვა ირანში

დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა პირველი სამედიცინო დახმარება გაუგზავნეს ირანს, სავაჭრო მექანიზმის გამოყენებით, რაც არ არღვევს აშშ-ის მიერ მისთვის დაწესებულ სანქციებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს 31 მარტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ Instex-ის მექანიზმი ერთი წლის წინ შეიქმნა აშშ-ის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების პირობებში კომპენსაციის სახით ირანთან ჰუმანიტარული ხასიათის ვაჭრობის ლეგალიზებისთვის.

„გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ადასტურებენ, რომ Instex-ის საშუალებით წარმატებით განხორციელდა პირველი ტრანზაქცია, რომელიც აიოლებს სამედიცინო დანიშნულების ნივთების ჩატანას ევროპიდან ირანში. ეს ნივთები უკვე ირანშია“, - ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში. მასში ხაზგასმულია ისიც, რომ Instex და მისი ირანელი პარტნიორი STFI შემდგომშიც იმუშავებენ ამ მექანიზმის ფარგლებში ტრანზაქციების განვითარებისთვის.

ამ განცხადების ფონია ცნობა ირანიდან, რომლის თანახმად 31 მარტისათვის ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების 3111 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანობაში ირანში კორნავირუსით დაავადებულად ითვლება 44606 კაცი. გარდაიცვალა 3110.

იმ ფონზე, როდესაც ირანში სწრაფად იზრდება კორონავირუსის პანდემია, დაახლოებით 150-მა ცნობილმა პოლიტიკურმა მოღვაწემ და პროფკავშირის აქტივისტმა მწვავედ გააკრიტიკეს ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება, რომელიც მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების შეჩერებას ვერ ახერხებს.

„Evolution Gaming Georgia“ სამსახურიდან 1300 თანამშრომელს ათავისუფლებს

ონლაინთამაშების კომპანია „Evolution Gaming Georgia“ სამსახურიდან 1300 თანამშრომელს ათავისუფლებს და ამის მიზეზად შექმნილ ვითარებას და საყოველთაო კარანტინს ასახელებს.

„გასული კვირის მოვლენებიდან და გუშინ ხელისუფლების მიერ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებიდან გამომდინარე, გვიწევს, საქართველოში ევოლუშენის ზრდის გეგმები არსებულ ვითარებას მოვარგოთ“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. განცხადების თანახმად, კონტრაქტი 1300 ადამიანს შეუწყდება:

„1300 ადამიანს, რომელიც საოპერაციო პოზიციებს იკავებდა და იმყოფებიან გამოსაცდელ ვადაში, ნაადრევად შეუწყდებათ შრომითი ხელშეკრულება. ყველა მათგანს, დამატებით 2 თვის ვადით შევუნარჩუნებთ ჯანმრთელობის დაზღვევას, რომ შეძლებისდაგვარად, შევამციროთ ნეგატიური გავლენა მათ კეთილდღეობაზე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გაგრძელდება დიალოგი მთავრობასთან, საქმიანობის მცირე მასშტაბით განახლებისთვის:

„როგორც ჩვენი წინა საკომუნიკაციო ღონისძიებებიდან ჩანს, ჩვენ შევასრულეთ ყველა მოთხოვნა, რომელიც დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხო სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით.
ბუნებრივია, გავაგრძელებთ დიალოგს საქართველოს მთავრობასთან, რომ განვსაზღვროთ, რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით, რათა ჩვენი საქმიანობა განვაახლოთ მცირე მასშტაბით და მივცეთ საშუალება ჩვენს თანამშრომლებს მიიღონ შემოსავალი“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

განცხადების გამოქვეყნების შემდეგ შეტყობინებები მეილით კომპანიის თანამშრომლებს ინდივიდუალურადაც დაეგზავნათ. მანამდე მათ სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამის შესახებ კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი "ფეისბუკში" პოსტებს აქვეყნებს. აღნიშნული პოსტების თანახმად, კომპანია მათგან ითხოვს სამუშაო უნიფორმის დაბრუნებასაც. კონტრაქტის თანახმად, კომპანიის საკუთრების, მათ შორის, ფორმის, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, თანამშრომელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.

1 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.28 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

1 აპრილისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.2816​ ლარი (31 მარტი - 3.2845);
  • 1 ევრო - 3.5960 ლარი (31 მარტი - 3.6363);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.0584 ლარი (31 მარტი - 4.0725);
  • 100 რუსული რუბლი - 4.2022 ლარი (31 მარტი - 4.1226 ​);
  • 1 თურქული ლირა - 0.5003 ლარი (31 მარტი - 0.5039).

31 მარტს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.2825 ლარი.

31 მარტიდან საქართველოში დროებით წყდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად, სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი.

31 მარტის 17:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 110 შემთხვევა, მათგან 21 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 ადამიანი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 278.

ე.წ. ამომრჩეველთა სია ჰაკერების “ვიწრო წრეს” 9 წლის წინ ჩაუვარდა ხელში

ჰაკერულ ფორუმზე ანონიმი მომხმარებლის მიერ ატვირთული მონაცემთა ბაზა, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა სიას წარმოადგენდა და 5 მილიონამდე ადამიანის პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა, ჰაკერების “ვიწრო წრეს” პირველად ხელში 9 წლის წინ ჩაუვარდა.

მონაცემთა ბაზა, რომელიც 28 მარტს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გავრცელდა ინტერნეტში, საქართველოს 4 მილიონზე მეტი მოქალაქის პირად ნომრებს, დაბადების თარიღებს, მისამართებს, მობილური ტელეფონის ნომრებს და სხვა მნიშვნელოვან პირად მონაცემებს შეიცავს. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად საინფორმაციო ტექნოლოგიებზე ორიენტირებულმა გამოცემამ, ZDNet- მა გაავრცელა. გამოცემა აღნიშნავდა, რომ მონაცემთა ბაზაში საქართველოს მოქალაქეთა რეალურ რაოდენობაზე მეტი ამომრჩევლის არსებობა იმით აიხსნებოდა, რომ მასში გარდაცვლილი ადამიანებიც იყვნენ შეყვანილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ცენტრალური საარჩევნო კომისია კი უარყოფს, რომ ინტერნეტში გავრცელებული ბაზა მათ საარჩევნო სიას წარმოადგენს.

“გამოქვეყნებული მონაცემები, რადიკალურად განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის პორტალზე განთავსებული ამომრჩეველთა სიის მონაცემებისგან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პორტალზე დაახლოებით 3,5 მილიონი ამომრჩევლის შესახებ არის ინფორმაცია მოცემული, რომელშიც ცხადია არ შედის ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ; ამასთან, ცესკოს, ამომრჩეველთა სიის ფორმირების მიზნებისთვის, არ გადმოეცემა და შესაბამისად ამომრჩეველთა მონაცემების ბაზაში არც ფლობს ინფორმაციას ამომრჩევლის მამის სახელის, ტელეფონის ნომრისა თუ პირადობის მოწმობის ნომრის შესახებ”, - ეს არის განცხადება, რომელიც 30 მარტს ცესკომ გაავრცელა.

ZDNet-ი, რომელმაც ინფორმაცია მონაცემთა დაცულობაზე მონიტორინგის ჯგუფ Under the Breach-ზე დაყრდნობით გაავრცელა, აღნიშნავდა, რომ ის მოძველებულია და სწორედ ამიტომ მოიცავს გარდაცვლილ პირებს.

„ეს ძალიან ჰგავს უამრავ რუსულ მონაცემთა ბაზას, რომლებიც არა პოპულარულ ფორუმებზე, არამედ რუს ჰაკერთა ვიწრო წრეებში ტრიალებს. საერთაშორისო მასშტაბით ეს მონაცემთა ბაზები არავის აინტერესებს, რადგან მათი მონეტიზაცია მხოლოდ ლოკალურ დონეზეა შესაძლებელი“, - განუცხადეს Under The Breach-ის წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლებას.

ZDNet-ი ინფორმაციის მიხედვით, ფორუმის მომხმარებელი, რომელმაც 1.04 გიგაბაიტი ზომის ფაილი გამოაქვეყნა, ფაილის წყაროდ საქართველოს საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა რეგისტრაციის პორტალს ასახელებდა.

ჰაკერულ საიტებზე მონაცემების გავრცელებას გამოეხმაურა ქართული ოცნების წევრი, პარლამენტარი მამუკა მდინარაძე, რომელმაც ამ თემაზე საუბარს “ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟი” უწოდა და თქვა, რომ “მითქმა-მოთქმა, რომელსაც ამ თემაზე სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი უზრუნველყოფს, არასერიოზულია”.

31 მარტს ცესკომ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკული დახმარების ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებას იწყებს.

მსახიობი ვიქტორ დაშკევიჩი გახდა ბელარუსში COVID-19-ით გარდაცვლილი პირველი პაციენტი

ვიქტორ დაშკევიჩი

ბელარუსის დამსახურებული არტისტი, 75 წლის ვიქტორ დაშკევიჩი გახდა ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი ადამიანი.

სახელმწიფო დრამატული თეატრის ხანდაზმული მსახიობი COVID-19-ის დიაგნოზით რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა საავადმყოფოში. მისი გარდაცვალება 31 მარტს დაადასტურეს ოჯახის ახლობლებმა და ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც სამძიმარი გამოხატა ცნობილი მსახიობის გარდაცვალების გამო.

ბელარუსში ამ დრომდე კორონავირუსით დაავადების 152 ფაქტია გამოვლენილი. პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ქვეყანა პანდემიის პიკში იმყოფება.

„ღმერთს ვთხოვ, რომ პიკმა გაიაროს აღდგომამდე (19 აპრილამდე)“, - განაცხადა მან. ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს 2020 წლის ბოლოსთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გადადების მიზეზი.

ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა დღითი დღე უარესდება.

ბელარუსის ცენტრალურმა ბანკმა 30 მარტს განაცხადა, რომ აპირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართოს $900 მილიონის მოცულობის საგანგებო სესხის გამოყოფის თხოვნით კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური სიძნელეების თავიდან ასაცილებლად.

მთიან ყარაბაღში ტარდება არჩევნები, საერთაშორისო კრიტიკისა და კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად

სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში დღეს დილიდან მიმდინარეობს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც უკვე მოჰყვა კრიტიკა ევროკავშირის მხრიდან. „ევროკავშირი არ აღიარებს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართული საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევას“, - ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის, პეტერ სტანოს, განცხადებაში.

სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პოსტისთვის 14 კანდიდატი იბრძვის, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს - ეროვნული კრების - 33 მანდატისათვის - 12 პოლიტიკური ძალა ეცილება ერთმანეთს.

ე.წ. არჩევნები მთიან ყარაბაღში ტარდება კორონავირუსის შესაძლო გავრცელებით გამოწვეული საერთო შიშის ფონზე. თუმცა მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ დღემდე რეგიონში არ გამოვლენილა კორონავირუსით დაავადებული არც ერთი პაციენტი. ვირუსი არ დაუდგინდა მანამდე იზოლაციაში მყოფ სამ პირს.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთთან დაპირისპირებაში იმყოფებიან სომხებით დასახლებული სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო, რომელმაც ბაქოსაგან დე ფაქტო დამოუკიდებლობას მიაღწია 1990-იანი წლების სამხედრო კონფლიქტის შედეგად. შეიარაღებულ კონფლიქტს სამი წლის განმავლობაში 30 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ათასობით კი დევნილად იქცა.

1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში კვლავ იღუპებიან ადამიანები საზღვარზე მომხდარი შეტაკებებისა თუ ორმხრივი სპონტანური საბრძოლო მოქმედებების შედეგად.

"კარდენახში ქელეხში ჩასულ ახალგაზრდას COVID-19 დაუდგინდა" - გურჯაანის მერი

„19 წლის ახალგაზრდას, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში დაკრძალვაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდგინდა“, - განაცხადა გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

მისი სიტყვებით, დაკრძალვა 19 მარტს იყო და ახალგაზრდა სოფელში თბილისიდან ჩავიდა.

ხანდამაშვილის თქმით, პირველადი ინფორმაციით, მამაკაცს კონტაქტი ჰქონდა 30 ადამიანთან და ახლა სოფელში ამ კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

კარდენახში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორი ჯგუფი მუშაობს.

საქართველოში 17:20 საათის მონაცემებით კორონავირუსით COVID-19-ით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 110-ს შეადგენს. კარდენახის შემთხვევა ამ საერთო რიცხვის ნაწილია.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 110-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

დანარჩენი 108-დან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 87 აქტიური შემთხვევაა.

სალომე ზურაბიშვილი: 29 წლის წინ რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა დამოუკიდებლობა აღადგინა

სალომე ზურაბიშვილი

„რაც არ უნდა მძიმე და დამაფიქრებელი იყოს დღევანდელი ვითარება და ყველა საკუთარ ბედზე თუ ახლობლებზე ღელავდეს, არ გვაქვს უფლება, დავივიწყოთ, რომ დღეს, 29 წლის წინ, რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა დამოუკიდებელი სახელმწიფო აღადგინა“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

მისი თქმით, საოცარია, რომ 70-წლიანი საბჭოთა ციხეგამოვლილმა ხალხმა გაიაზრა თავისუფლებისა და ერთიანობის ფასი და დამოუკიდებლობას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.

ამავე მიმართვაში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს, 31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გარდა, არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეც.

„ამ სასწაულის ინიციატორის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეც არის დღეს.
ნათელში იყოს მისი სული!
ქართველმა ერმა კი, არ დაივიწყოს ერთობის ძალა, რომელიც ყველაფერს გადაგვატანინებს და დაგვაძლევინებს!“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის დროსაც საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, 1918 წლის 26 მაისის „დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გამოხატვის თავისუფლების პატივისცემა უმნიშვნელოვანესია ამ შფოთიან დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, მოუწოდებს ევროკავშირში შემავალ იმ ქვეყნებს, რომლებმაც კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს, დაიცვან ფუნდამენტური ფასეულებები და პატივ სცენ გამოხატვის თავისუფლებას.

„ევროკავშირი ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენესობის და ადამიანის უფლებათა პატივისცემის ფასულობებს. ეს ფასეულობები საერთოა ყველა ჩვენგანისათვის. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ ისინი თუნდაც ასეთ რთულ დროს“, - ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენის სპეციალურ განცხადებაში.

უფრო ადრე, ევროპარლამენტართა ჯგუფმა მოუწოდა კავშირის ლიდერებს, რათა საპასუხო ზომები დაუპირისპირონ რუსეთიდან და ჩინეთიდან დაძრულ დეზინფორმაციას, რაც კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებელად ევროკავშირის მიერ განხორციელებული ქმედებების ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო ზომები არ იყოს წინააღმდეგობაში იმ ფუძემდებლურ პრინციპებსა და ფასეულებებთან, რასაც ემყარება ევროკავშირის შეთანხმება. დემოკრატია არ მუშაობს თავისუფალი და დემოკრატიული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გარეშე. გამოხატვის თავისუფლების პატივისცემას და სამართლებრივ სიცხადეს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ასეთ მშფოთვარე დროში. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა თავისუფლად და ზუსტად შეასრულონ თავიანთი სამუშაო, წინ აღუდგნენ დეზინფორმაციას და უზრუნველყონ ჩვენი მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა“, - ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ საგანგებო მდგომარეობის წესები უნდა იყოს „მკაცრად პროპორციული“, უნდა „შემოიფარგლებოდეს“ აუცილებელი მოთხოვნებით და არ უნდა გაგრძელდეს „უსასრულოდ“. ხოლო მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ ამ ზომების რეგულარული კონტროლი.

„ევროკომისია, თანამშრომლობის სულისკვეთებით, ყურადღებით დააკვირდება ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ საგანგებო წესების გამოყენებას. ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა გავუმკლავდეთ ამ კრიზისს. ამ გზაზე ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპული ფასულობები და ადამიანის უფლებები“, - ხაზგასმულია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.

საქსტატი: 2019 წელს საქართველოში 48 300-მდე ბავშვი დაიბადა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2019 წელს საქართველოში 48 296 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წელთან შედარებით 5,6 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის მიხედვით, 2019 წელს დაბადებულთა შორის ბიჭების რაოდენობა 1762-ით აღემატება ახალშობილი გოგოების რაოდენობას. კერძოდ, 2019 წელს საქართველოში დაიბადა 25 029 ბიჭი და 23 267 გოგო.

საქსტატის თანახმად, ყველაზე მეტი ბავშვი 2019 წელს დაიბადა თბილისში (16 0220), ხოლო ყველაზე ცოტა - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (284 ბავშვი).

2019 წელს დედის საშუალო ასაკი საქართველოში პირველი ბავშვის დაბადებისას 25.9 წლით განისაზღვრა.

კორონავირუსით COVID 19-ით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მე-5 მოქალაქე გარდაიცვალა

აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, კორონავირუსით COVID-19-ით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მე-5 მოქალაქე გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის უკვე მე-5 შემთხვევა საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულის გარდაცვალების. ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები 64 წლის მამაკაცი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან კავშირზე, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, რომელიც ესპანეთში დაფიქსირდა, ორივე შემთხვევაში, გარდა კოვიდისა, ასევე იყო თანხმლები სხვა ქრონიკული დაავადებები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ ოჯახთან ხაზზეა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო.

უფრო ადრე კოროვანივირუსით COVID-19-ით საქართველოს 3 მოქალაქე ესპანეთში, ხოლო 1 დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა, რადიო თავისუფლება ეყრდნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

საქართველოში 15:30 საათის მონაცემებით 110-მდე გაიზარდა კორონავირუსით COVID-19-ით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი. მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 110-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

დანარჩენი 108-დან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 87 აქტიური შემთხვევაა.

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

ირაკლი ოქრუაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი. პროცესს, რომელიც 31 მარტს გაიმართა, ციხიდან დისტანციურად ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. სხდომაზე ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა, კიდევ ერთხელ დააყენა ირაკლი ოქრუაშვილის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმების საკითხი, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

როგორც მამუკა ჭაბაშვილმა რადიო თავისუფლებას განუმარტა, დაცვის არგუმენტები ემყარებოდა იმას, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და ხელახალი დანაშაულის ჩადენის ობიექტური შესაძლებლობა პრაქტიკულად აღარ არსებობს:

„აღვნიშნეთ, რომ მოწმეები დაკითხულები არიან და მათზე ზემოქმედება დამთავრებული ამბავია;

მსოფლიოში არსებული ვითარების გამო ქვეყნის ყველა საზღვარი ჩაკეტილია და მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილება აკრძალულია. შესაბამისად, ვამბობდით, რომ მიმალვის საფრთხე არ არსებობს;

რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენას, ახლა სპეციფიკიდან გამომდინარე, 20 ივნისს მიტინგი იყო და უამრავი ხალხი იყო გამოსული და ამას მოჰყვა ეს ყველაფერი და დღეს, როცა 3 ადამიანზე მეტის შეკრება უკვე აკრძალულია კანონით, შესაბამისად, ამისი ჩადენის ალბათობაც აღარ არსებობს-მეთქი, მაგრამ არ გაიზიარა“, - გვითხრა მამუკა ჭაბაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 აპრილს ბრალდების დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება.

ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. მას პროკურატურა ადანაშაულებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში.

ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 ივლისიდან აქვს შეფარდებული. მისი დაფუძნებული პარტია „გამარჯვებული საქართველო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკური ნიშნით იდევნება.

სოხუმი: იზოლირებულია ყველა პირი, ვინც კონტაქტში იმყოფებოდა დაავადებულთან

„იზოლირებულია ყველა პირი, რომელიც კონტაქტში იმყოფებოდა კორონავირუსით დაავადებულ გალის რაიონის მკვიდრ ქალთან“, - ამის შესახებ განაცხადა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დეპუტატმა ალხას ჯინჯოლიამ, რომელიც საგანგებოდ შექმნილ მოსახლეობის კორონავირუსის ინფექციისაგან დაცვის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობს.

„ყველა პირი, ვინც კონტაქტში იყო დაავადებულ ქალთან, გამოვლენილი და იზოლირებულია. დღეისთვის გალის რაიონში მუშაობენ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები“, - განაცხადა ჯინჯოლიამ.

სოხუმში ამბობენ, რომ უკვე ცნობილია დაავადებული ქალის ზუსტი მარშრუტი.

„ის ჩამოვიდა მოსკოვიდან, 29 მარტს, სოჭის აეროპორტში 10.50-ზე „ურალის ავიახაზების“ რეისით U6 407. არც ქორწილთან და არც გასვენებასთან დაკავშირებულ რიტუალურ ღონისძიებაში მას მონაწილეობა არ მიაუღია. 29 მარტსვე, გვიან ღამით, გადაკვეთა საბერიოს გამშვები პუნქტი და გადავიდა ზუგდიდში“. - განაცხადეს აფხაზეთის ოპერატიულ შტაბში.

  • გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრ, 50 წლის ქალს კორონავირუსით დაავადების ფაქტი დაუდასტურდა 30 მარტს. ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ის მიიყვანეს 29 მარტს, გვიან ღამით. როგორც კლინიკაში ამბობენ, ქალის მდგომარეობა სტაბილურია.
  • თვითაღიარებლი რესპუბლიკის მთავრობა თავდაპირველად აცხადებდა, რომ მდინარე ენგურზე დე ფაქტო რესპუბლიკის საზღვარი არავის გადაუკვეთავს.
  • გუშინ გვიან ღამით დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გადაკეტოს მოძრაობა გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის.
  • თბილისი კვლავ აცხადებს, რომ მზად არის მიიღოს პაციენტები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკებიდან.

დე ფაქტო მთავრობა აცხადებს, რომ გალელი პაციენტის ტესტირების საბოლოო შედეგს ელოდება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ დადგენილია ყველა პირი, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა COVID-19-ით დაავადებულ, გალის რაიონში მცხოვრებ ქალს.

კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გალის რაიონის მცხოვრები 29 მარტს დილით, ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავით, რეისით U6 407 მოსკოვიდან ჩავიდა სოჭში და ფსოუს გამშვები პუნქტიდან გაემგზავრა გალის რაიონის სოფელ საბერიოში.

შტაბის მტკიცებით, დადგენილია ქალის ხანგრძლივი და მოკლევადიანი შეჩერების ყველა ადგილი - ნათესვების სახლი და მაღაზიები და პირთა წრე, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ყველა ეს პირი იზოლაციაშია, დეზინფექცია ჩატარდა ფსოუს და საბერიოს გამშვებ პუნქტებზე და დაიკეტა საბერიოდან გალისკენ მიმავალი გზა.

შტაბის განცხადებით, რომელსაც სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს, 30 მარტს, 20:30 საათისთვის მიიღეს ინფორმაცია, რომ გალის რაიონის მცხოვრების წინასწარი დიაგნოზი კორონავირუსია. ინფორმაციის წყარო მითითებული არ არის.

ამასთან, ე.წ. შტაბმა წინა დღის, 30 მარტისგან განსხვავებით, დღეს, 31 მარტს დაადასტურა, რომ გალის რაიონის მცხოვრებმა ქალმა ე.წ. გამშვები პუნქტი გადაკვეთა სოფელ საბერიოსთან და ზუგდიდში გაემგზავრა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შექმნილი შტაბი იმასაც აცხადებს, რომ ამ პაციენტის ტესტირების საბოლოო შედეგს ელოდება და მას ოფიციალური რესურსებით გაავრცელებს. ვისგან ელოდებიან საბოლოო შედეგს, მითითებული არც ეს არის. ე.წ. ოპერატიული შტაბის განცხადებიდან არ ჩანს, აუღეს თუ არა სინჯი პაციენტს ზუგდიდში გამგზავრებამდე და სად უნდა ჩატარდეს საბოლოო ტესტირება. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დღემდე გავრცელებული ცნობებით, აფხაზეთმა ტესტირების საშუალებები რუსეთიდან მიიღო.

დე ფაქტო მთავრობა მიმართავს ყველა მგზავრსაც, ვინც მოსკოვიდან სოჭში იმავე რეისით იმგზავრა, თვითიზოლაციაში იყვნენ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ.

გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი, რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნებული ქალი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმავე ღამით გადაიყვანეს. 30 მარტს, თბილისის „ლუგარის ლაბორატორიამ“ დაადასტურა, რომ პაციენტს COVID-19 აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

რუსეთში ძლიერდება კორონავირუსის ეპიდემია. ხელისუფლება ამკაცრებს სასჯელს კარანტინის დარღვევისთვის

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 500-ით გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა რუსეთში, სადაც მთლიანობაში საშიში სენი აღმოაჩნდა სულ მცირე 2000-ს ადამიანს.

ამის შესახებ ნათქვამია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის ცნობაში.

ახალი შემთხვევების უმრავლესობა - 387, გამოვლენილია მოსკოვში, სადაც მეორე დღეა მოქმედებს „საყოველთაო თვითიზოლაციის“ რეჟიმი.

კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების შემდეგ რუსეთში მთლიანად გამოვლინდა 2337 შემთხვევა. 17 პაციენტი გარდაიცვალა, 121 - გამოჯანმრთელდა.

31 მარტს რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ - სახელმწიფო დუმამ, სასწრაფო წესით მიიღო კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით აწესებს ადმინისტრაციულ სასჯელს - ფულად ჯარიმებს და, ასევე, სისხლისსამართლებრივ სანქციას - კარანტინის წესების დარღვევისა და „ფეიკ ნიუსების“ გავრცელებისთვის.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებით, კარანტინის წესების დამრღვევი კერძო პირისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური ფულადი ჯარიმა 150 ათას რუსულ რუბლს შეადგენს.

სისხლისსამართლებრივი კოდექსის თანახმად, კარანტინის წესების დარღვევა, რომელსაც შესაძლოა სხვა პირის დაღუპვა მოჰყვეს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7 წლამდე ვადით, ხოლო „ფეიკ ნიუსის“ გავრცელებისათვის მაქსიმალური სასჯელის ვადა განისაზღვრა 5 წლამდე პატიმრობით.

პაატა იმნაძე: განსაკუთრებული მადლობა სოფელ კაპანახჩის ექიმს

კორონავურსზე COVID-19-ზე ტესტირება 2200 ადამიანზე მეტს ჩაუტარდა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

31 მარტის 14:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 110 ადამიანი.

„ბოლო მონაცემებით, ეს არის 110 შემთხვევა. ეს 110 შემთხვევა არის 2200-ზე მეტი ტესტირებულიდან მიღებული, რომ ვიცოდეთ. დღეისათვის 2200 ადამიანი არის გატესტილი „პისიარ“ მეთოდით“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამ საკითხზე საუბრისას მან ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბოლნისის რაიონის ერთ-ერთი სოფლის ექიმს.

„პერსონალურად მინდა მადლობა გადავუხადო, სოფელ კაპანახჩის, ბოლნისის რაიონის სოფლის ექიმს, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დიდი ხანია დევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. მშვენივრად თავისი ალგორითმი გამოიყენა, ის რაც მას ჰქონდა ჩვენი ვებგვერდიდან, მე მისთვის პერსონალური ტრენინგი არ ჩამიტარებია, მაგრამ მან წაიკითხა ის, რაც ეწერა ჩვენს გვერდზე, მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა, ასევე ამ რაიონის საზოგადოებრივი ცენტრის ჯანდაცვის დირექტორი, ქალბატონი მაკა, რომელთანაც ასევე პერსონალური ტრენინგი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ის, რაც იყო ჩვენთან, ყველაფერი მშვენივრად იცოდა და ასე იპოვეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი შემთხვევა, რომლის შემდეგ ჩვენ, ისევ მათი დახმარებით, დავადგინეთ ძალიან ბევრი მათი კონტაქტები და ეს კონტაქტები იყო ათეულობით“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში 14:30 საათის მონაცემებით 110-მდე გაიზარდა კორონავირუსით COVID-19-ით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი. მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 110-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

დანარჩენი 108-დან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 87 აქტიური შემთხვევაა.

აშშ-მა დაგმო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ "ძალაუფლების უზურპაცია"

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

აშშ-ის კონგრესის ორმა წამყვანმა წევრმა დაგმო უნგრეთში COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოწოდებული ახალი კანონის მიღება, რომელიც მემარჯვენე პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ფართო უფლებამოსილებებს ანიჭებს საგანგებო ვითარების პირობებში.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ნიუიორკელმა დემოკრატმა კონგრესმენმა ელიოტ ენგელმა, რომელიც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეა, და რესპუბლიკელმა სენატორმა აიდაჰოდან, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატეს იმის თაობაზე, რომ ნატოში აშშ-ის მოკავშირე და ევროკავშირის წევრი განახორციელებს იმას, რასაც ენგელმა „ხელისუფლების აშკარა უზურპაცია“ უწოდა.

ენგელის თქმით, „ორბანი ცდილობს, პირადი გამორჩენა ნახოს თავისი მოქალაქეების უბედურებაში“.

ენგელი და რიში განსაკუთრებით უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ 30 მარტს მიღებულ კანონში არ არის მუხლი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა, როდის წყდება ორბანის დამატებითი უფლებამოსილებები.

ლევან გოფოძე: მკაცრად ვაკონტროლებთ სამედიცინო პერსონალის დაცვას ვირუსისგან

ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე აცხადებს, რომ სამედიცინო პერსონალი ყველა იმ დამცავი საშუალებით სარგებლობს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული. მისი განმარტებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების საეჭვო პაციენტებთან სრული ეკიპირებით შედიან როგორც ექიმები, ასევე სანიტრები და მედდები და ეს მოთხოვნა სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მკაცრად კონტროლდება:

„დამერწმუნებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მთელ მსოფლიოში რამდენიმე ათეული და ასეული ექიმია დაავადებული. ამიტომ, ამას ძალიან მკაცრად ვიცავთ. ჯერჯერობით, მთლიანად ვართ აღჭურვილი ყველა იმ საშუალებით, რაც ამ წესის დასაცავად გვჭირდება და ვფიქრობთ, რომ ასე გავაგრძელებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან გოფოძემ. მისი შეფასებით, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების ყველაზე დიდი რისკი ჩნდება მაშინ, როდესაც ექიმებს ექსტრემალურ სიტუაციაში უწევთ საქმიანობა.

ლევან გოფოძის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ ჰყავთ, დაკვირვების ქვეშ კი 46 პირი იმყოფება. მათგან 7 პაციენტს გუშინ ჩაუტარდა ტესტირება და შვიდივე უარყოფითი აღმოჩნდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეისთვის ახალ კორონავირუსზე 13 პირის ტესტირების შედეგებს ელოდებიან.

გუშინ, 30 მარტს, ახალი კორონავირუსით ინფიცირება ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მედდას დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მედდის დაინფიცირების მიზეზი, სავარაუდოდ, დაუმორჩილებელი პაციენტი გახდა. მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელი მკაცრად იცავდა პროტოკოლით დადგენილ წესებს, თუმცა სამედიცინო პერსონალი მაღალი რისკის ქვეშაა და ამისგან არ არის დაცული.

31 მარტის 13 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 21.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 110-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

დანარჩენი 108-დან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 87 აქტიური შემთხვევაა.

ბილი ჯო სონდერსი ცოლის ცემის ვიდეოგაკვეთილის გამო დასაჯეს

WBO-ს (მსოფლიო კრივის ორგანიზაციის) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ბილი ჯო სონდერსი კრივიდან მოკვეთეს. ბრიტანელ საშუალოწონოსან მოკრივეს ლიცენზია ჩამოართვეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, რომელშიც სონდერსმა მაყურებლებს ასწავლა, როგორ უნდა სცემონ მეუღლეს კარანტინის დროს. მაგალითად კი სპეციალური სავარჯიშო ტომარა გამოიყენა.

30 წლის მოკრივის გაკვეთილს ტვიტერში ისეთი კრიტიკა მოჰყვა, სონდერსმა ვიდეო წაშალა და ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ ბრიტანეთის კრივის კავშირის მკაცრ სანქციას მაინც ვერ გადაურჩა.

ბილი ჯო სონდერსს პროფესიულ რინგზე ოცდაცხრა ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მოიგო. აქედან თოთხმეტი ნოკაუტით. 2 მაისს მექსიკელ საულ ალვარესთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ შეხვედრა კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამ სკანდალის შემდეგ შეიძლება საერთოდაც გაუქმდეს, თუკი ბრიტანეთის კრივის კავშირი სონდერსს ლიცენზიას არ დაუბრუნებს.

საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდება თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებშიც

საკონტროლო გამშვები პუნქტები თელავისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებშიც ამოქმედდება. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მიაწოდა. მისი თქმით, გადაწყვეტილება 2 ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტის დამატების შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს 31 მარტის სხდომაზე იქნა მიღებული:

„ამ პუნქტებზე ხდება მკაცრი კონტროლი იმ შეზღუდვებისა, რომელიც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. და, რა თქმა უნდა, ასევე მიმდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეების თერმოსკრინინგი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. ​

საქართველოს 7 ქალაქის, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე მოეწყო.

აღნიშნული პუნქტების მეშვეობით ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებენ.

31 მარტის დილის 8 საათიდან საქართველოში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 6:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

31 მარტის 13 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 21.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 110-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

დანარჩენი 108-დან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 87 აქტიური შემთხვევაა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG