Accessibility links

site logo site logo

ჟურნალისტი მიკოლა სემენა არ აპირებს ანექსირებულ ყირიმში დაბრუნებას


რადიო თავისუფლების პროექტ „Крым.Реалии“-ის უშტატო თანამშრომელმა, მიკოლა სემენამ 18 თებერვალს დატოვა ყირიმი და აცხადებს, რომ აღარ აპირებს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე დაბრუნებას.

„ვიდრე უკრაინის ტერიტორიის ეს ნაწილი ოკუპირებულია, მას ვერ ჩავთვლი საკუთარ სახლად. ასევე მიიჩნევს ჩემი ოჯახი. ვფიქრობ, რომ თუ ანექსია დიდ ხანს გაგრძელდება, მაშინ მოგვიწევს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა“, - აღნიშნა ნიკოლაი სემენამ.

მანამდე სემენამ ჩვენ რადიოს უთხრა, რომ განზრახული აქვს სამედიცინო შემოწმების ჩატარება კიევში, სამომავლოდ კი ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს.

69 წლის ჟურნალისტს ბოლო წლებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ჯერ კიდევ სასამართლო განხილვების დროს მას აღმოაჩნდა სერიოზული პრობლემები გულსა და თირკმელებზე.

2017 წლის 22 სექტემბერს, სიმფეროპოლის სასამართლომ მიკოლა სემენა სეპარატიზმში დამნაშავედ ცნო რადიო თავისუფლების პროექტის, Крым.Реалии-ს ვებსაიტზე 2015 წელს გამოქვეყნებული სტატიისთვის, რომელშიც ჟურნალისტმა დადებითად შეაფასა უკრაინელი ნაციონალისტების მიერ ორგანიზებული, ყირიმის ენერგობლოკადა. სასამართლომ სემენას შეუფარდა ორნახევარი წლით პირობითი სასჯელი და პროფესიული საქმიანობა აუკრძალა.

2020 წლის იანვარს სიმფეროპოლის სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა და ვადამდე შეწყვიტა მიკოლა სემენას მიმართ პირობითი სასჯელი და მოუხსნა ნასამართლეობა.

ამ გადაწყვეტილებას მიესალმა რდიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენი, ჯეიმი ფლაი.

„ჟურნალისტური საქმიანობა დანაშაული არ არის. მიკოლას დაპატიმრება ანექსიის შესახებ პუბლიკაციებისათვის იყო პოლიტიკურად მოტივირებული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ის თავისუფალია და მის ჟურნალისტურ ხმას კვლავ გაიგონებენ“, - აღნიშნა ჯეიმი ფლაიმ.

მოელიან, რომ სემენა კიევში 19 თებერვალს ჩავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG