Accessibility links

site logo site logo

პოლიტიკოსი ქალები ფემიციდის გახშირებულ ფაქტებს ერთობლივი განცხადებით გმობენ


პოლიტიკური პარტიების ქალი წევრები ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებს საქართველოში ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის უკიდურეს გამოვლინებად მიიჩნევენ. ერთობლივ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ სანამ ქალებს ასე მარტივად კლავენ, ქვეყანა ვერ ჩამოყალიბდება დემოკრატიულ საზოგადოებად, სადაც ყველა ადამიანი თანასწორია.

"2020 წლის პირველი თვენახევრის განმავლობაში ფემიციდის უკვე სამი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს საგანგაშო სტატისტიკაა. ოჯახური ძალადობა, ისევე როგორც ქალთა მიმართ ძალადობა, წარმოადგენს არა მხოლოდ ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოებისა და ქვეყნის ტრაგედიას",- ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტიკოსი ქალები აღნიშნავენ, რომ სქესთა შორის უთანასწორობას საზოგადოების მენტალიტეტში აქვს ფესვები გადგმული და მის აღმოსაფხვრელად საკმარისი არ არის სახელმწიფოს მიერ მხოლოდ კანონმდებლობის შექმნა ან მისი აღსრულება.

„ვფიქრობთ, ეს ის საკითხია, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური აქტორი და თავიანთი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში გადადგან შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები:

სახელმწიფომ მისი ყველა შტოსათვის გააძლიეროს პრევენციული და ეფექტური პოლიტიკა. კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.“ სწორედ ამ სულისკვეთებით უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებათა გაცილებით ფართო სპექტრი, როგორც საკანონმდებლო, ისე ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო, კულტურული და სხვა, რათა დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობის და უთანასწორობის პრობლემა საქართველოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თავის მხრივ, პოლიტიკოსი ქალები მზად არიან გაიზიარონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა.

ჩვენ მზად ვართ დავგეგმოთ და გავატაროთ/გავაძლიეროთ შიდაპარტიული ღონისძიებები, ასევე საჯარო აქტივობები იმგვარად, რომ ხელი შევუწყოთ თანასწორობის, როგორც უმნიშვნელოვანესი ღირებულების დამკვიდრებას როგორც საკუთრივ პარტიებში, ისე საჯარო პოლიტიკაში და საზოგადოებრივ პროცესებში“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ქალთა პოლიტიკური გაძლიერების პროგრამის“ მონაწილე პარტიები: „გირჩი“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", „კონსერვატიული პარტია“, „ლელო საქართველოსთვის“, „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო“, „სამართლიანობისთვის“, „სამოქალაქო მოძრაობა“ , „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG