Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ გამოეხმაურა 2019 წლის ოქტომბერის კიბერშეტევას.

გახარია დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან დომინიკ რააბს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„გასული წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფომ, მედიამ და ბიზნესსუბიექტებმა სრულიად უგუნური კიბერთავდასხმა განიცადეს. ეს შეუწყნარებელი აქტი მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას. დიდად ვაფასებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ძლიერ მხარდაჭერას“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

კიბერთავდასხმის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო განცხადებას „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და წერს:

„ჩვენ საქართველოსთან ერთად ვგმობთ მისი ხალხისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს ქმედება საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა ყველა ქვეყნის პასუხისმგებლიან ქცევაზეა დამოკიდებული".

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.

„კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამისტროს განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. პირველადი მონაცემებით, ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), 2000-მდე საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

XS
SM
MD
LG