Accessibility links

logo-print logo-print

მერაბიშვილი თქმით, არ გახდება პრემიერი, მინისტრი და არც უფრო დაბალი თანამდებობის პირი


საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროცესების აქტიური მონაწილე იქნება, მას არ ამოძრავებს პირადი ინტერესები. მერაბიშვილმა აღწერა, რა გარემოებებში დათანხმდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და რატომ არ მოეწონა ამ თანამდებობაზე საქმიანობა.

„მე მინდა გითხრათ, რომ, როდესაც 2012 წელს გავხდი პრემიერ-მინისტრი, ეს არ ყოფილა ჩემი პირადი სურვილი. ჩემი მეგობრები, პარტიის ხელმძღვანელობა შეიკრიბა, ეს არ ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილება. მიხეილ სააკაშვილმა, გიგა ბოკერიამ, გიგი უგულავამ, დათო ტყეშელაშვილმ [პრეზიდენტის აპარატის უფროსმა], ზურაბ ადეიშვილმა, დავით ბაქრაძემ და სხვებმა გადაწყვიტეს, რომ, რადგან იმ დროს მქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი, წინასაარჩევნოდ აუცილებელი იყო ჩემი დაყენება პრემიერ-მინისტრად, მთავარ ფიგურად კამპანიის საწარმოებლად. მე ვიყავი წინააღმდეგი, მაგრამ... მინდა გითხრათ, რომ მე არ მომეწონა პრემიერ-მინისტრობა. მე ძალიან მიყვარს კონკრეტული საქმეების კეთება, კონკრეტული რეფორმის ჩატარება, უშუალოდ მონაწილეობა რაღაც პროცესებში. იმის განცდა, რომ კონკრეტულ ადამიანებთან ერთად რაღაც საქმე აკეთო“, - აღნიშნავს ვანო მერაბიშვილი.

ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მოსწონდა, როდესაც პოლიციის რეფორმას ატარებდა და შემოიღეს სისტემა, რომელმაც საქართველო აქცია ავტომობილების ტრანზიტის ჰაბად. მერაბიშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ძალიან ზოგადია, მოითხოვს ბევრ საჯაროობასა და ფორმალურ პროცედურებს. შესაბამისად, მან განმარტა, რატომ არ სურს კვლავ ამავე თანამდებობების დაკავება.

„რადგან მე უკვე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, ეს არის უმაღლესი თანამდებობის პირი საქართველოში, როგორიც არ უნდა იყოს სიტუაცია, მე არ მომინდება პრემიერ-მინისტრობა. რადგან მე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეკავა, შეუძლებელია, მე დავბრუნდე [უფრო დაბალ თანამდებობაზე] რომელიმე მინისტრის თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე მე დღესვე შემიძლია განვაცხადო, რომ მე არ მაქვს პრეტენზია დავიკავო პრემიერ-მინისტრის, მინისტრის და მით უმეტეს, უფრო დაბალი თანამდებობა“, - განმარტა მერაბიშვილმა. მისი აზრით, თანამდებობის გარეშეც არის ბევრი საშუალება საქმეების საკეთებლად. როგორც მერაბიშვილი ამბობს, აქტიურ პოლიტიკაში იქნება არამხოლოდ მოქმედი ხელისუფლების არჩევნების გზით ჩამოცილების პროცესში, არამედ შემდეგაც.

„ჩვენ, ოპოზიციას უფრო მეტი საქმე გვექნება გასაკეთებელი მერე, რაც ხელისუფლება წავა“, - დასძენს მერაბიშვილი.

ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეცხრე დაწესებულება (ე.წ. მატროსოვის ციხე), სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.

მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG