Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველ მეზღვაურებთან ერთად მეკობრეთა ტყვეობაში უკრაინელები და ფილიპინელები არიან


საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი შეხვდა ნიგერიის სანაპიროდან გატაცებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრებს და ინფორმაცია მიაწოდა იმ ზომების შესახებ, რასაც გემთმფლობელ კომპანიასთან ერთად სახელმწიფო მიმართავს მეზღვაურების გასათავისუფლებლად.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ოთხი ქართველი მეზღვაურის ვინაობას და სხვა დეტალებს მათივე უსაფრთხოების გამო არ ასახელებს.

თამარ იოსელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მეზღვაურები არიან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოდან. ბათუმში, სადაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მდებარეობს, თამარ იოსელიანი დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მეზღვაურების ოჯახის წევრებს შეხვდა, დანარჩენებს კი ტელეფონით ესაუბრა.

ბერძნული კომპანიის კუთვნილ, ლიბერიის დროშით მცურავ ტანკერს შეიარაღებული პირები თავს 20 თებერვალს დაესხნენ ნიგერიის საპორტო ქალაქ ლაგოსთან და 10 მეზღვაური გაიტაცეს. 4 ქართველის გარდა, ტყვეობაში არიან უკრაინელები და ფილიპინელები. ტანკერს ტვირთი ნიდერლანდიდან ნიგერიაში მიჰქონდა.

თამარ იოსელიანის განცხადებით, მეზღვაურების გასათავისუფლებლად, პირველ ყოვლისა, მუშაობს ტანკერის მფლობელი ბერძნული კომპანია და მასთან კომუნიკაციით პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საქართველოს საკონსულო საბერძნეთში. მათ კონტაქტი აქვთ დროშის მფლობელ ქვეყანასთანაც.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის განმარტებით, მეზღვაურების გასათავისუფლებლად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ გემის მფლობელი კარგი რეპუტაციის და პასუხისმგებლიანი კომპანიაა და ყველა ზომას მიმართავს მეზღვაურების უვნებლად დასაბრუნებლად.

თამარ იოსელიანის განცხადებით, მოლაპარაკების მიმდინარეობის და პროგრესის შესახებ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებენ, რათა ზიანი არ მიადგეს პროცესს და თავად მეზღვაურებს. სააგენტოს დირექტორი მედიასაშუალებებსაც სთხოვს, თავი შეიკავონ რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გავრცელებისგან.

თამარ იოსელიანმა რადიო თავისუფლებას ისიც უთხრა, რომ 2019 წლამდე, დასავლეთ აფრიკაში მეკობრეები, ძირითადად, ტვირთზე ნადირობდნენ და მეზღვაურებს თითქმის არასოდეს იტაცებდნენ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, 20 თებერვლამდე, ამ რეგიონში ქართველი მეზღვაურის გატაცების ბოლო შემთხვევა ჰქონდათ 2019 წლის ნოემბერში. შეიარაღებულმა პირებმა მაშინ გაიტაცეს 4 მეზღვაური, მათ შორის, საქართველოს ერთი მოქალაქე. მის გათავისუფლებას და სამშობლოში დაბრუნებას 40 დღე დასჭირდა.

XS
SM
MD
LG