Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კირბალში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს არ უშვებენ


ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში არ უშვებენ. სამართალდამცავებმა სოფლის შესასვლელი პოლიციის მანქანებით გადაკეტეს და დავით ქაცარავას გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

ქაცარავას ინფორმაციით, პოლიციელებმა ეს ქმედება უსაფრთხოების მიზნით ახსნეს, თუმცა, მისი თქმით, სახელმწიფო საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას მალავს და ანტისაოკუპაციო მოძრაობას გადაადგილების თავისუფლებასაც ამიტომ უზღუდავს.

დავით ქაცარავა კირბალში არასრულწლოვნის, ალეკო შიუკაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრას აპირებდა. შიუკაშვილი (მარტში გახდება 17 წლის) საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს 22 თებერვალს, სოფლის მიმდებარე ტყეში.

დავით ქაცარავა კირბალის მცხოვრებლებთან შეხვედრას ასევე ე.წ. SOS ღილაკის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად აპირებდა. ეს არის მოწყობილობა, რომელსაც მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლია. ქაცარავას აზრით, თუკი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ასეთი ტექნიკური მოწყობილობა ექნება, გატაცების შემთხვევაში, მათი მიგნება იოლად იქნება შესაძლებელი.

სოფელ კირბალში 2008 წლიდან დღემდე სტაციონარული საგუშაგო არ არსებობდა და იქ შესვლა პრობლემას აქამდე არავისთვის წარმოადგენდა. პოლიცია მხოლოდ მანქანებით პატრულირებდა საოკუპაციო ხაზთან. ახლა კი მათ სოფლის გზა მანქანებით აქვთ გადაკეტილი. ჟურნალისტებმა კირბალში შესვლა და იქ მოსახლეობასთან გასაუბრება მოახერხეს.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის ტყეში, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოზარდი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი - ასეთ ინფორმაციას ფლობენ მისი ახლობლები და თანასოფლელები.

ალეკო შიუკაშვილი ტყეში შეშის შესაგროვებლად თანასოფლელებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. თანმხლებმა პირებმა გამოქცევა შეძლეს, ხოლო შიუკაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და ჯერ ოკუპირებულ ღრომის სამხედრო ბაზაზე წაიყვანეს, ხოლო იქიდან - დე ფაქტო უშიშროების სამსახურს გადასცეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

„ჩემი ინფორმაციით, გატაცებული ახალგაზრდა ტყეში, სადაც საოკუპაციო ხაზია გავლებული, შეშის მოსაპოვებლად იყო გადასული. ბიჭი სოციალურად დაუცველია“, - განაცხადა გორის მერის წარმომადგენელმა სოფელ კირბალში, დავით ცერცვაძემ.

ალეკო შიუკაშვილი 22 თებერვალს გაიტაცეს. ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 23 თებერვალს დილით დაადასტურეს.

„ვადასტურებთ ერთი პირის უკანონო დაკავების ფაქტს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად“, - განაცხადეს უწყებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG