Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსთან დაკავშირებით ვიმყოფებით ინფექციის შეკავების ფაზაში


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია ვირუსის იმპორტის შეკავებაზე.

ამჟამად, მისი სიტყვებით, საქართველოს აკრძალული აქვს საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ირანთან. მისი სიტყვებით, ირანიდან ან ირანის გავლით საქართველოში შემოსულ მგზარებთან დაკავშირებით მიმდინარეობს იგივე ღონისძიებები, რაც იყო ჩინეთის შემთხვევაში.

„რა ღონისძიებებიც ხორციელდებოდა საზღვარზე ჩინეთში მოგზაურების ისტორიის მქონე ადამიანებზე, მათ უტარდებოდათ თერმოსკრინინგი და ეძლეოდათ რეკომენდაციები, ეს ვრცელდება ირანში და ირანთან დაკავშირებით, უკანასკელი 2 კვირის ისტორიის მქონე ადამიანებზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, ასევე მსჯელობენ, განხორციელდეს თუ არა იგივე მოქმედებები სხვა მაღალდასნებოვნებულ ქვეყნებთან მიმართებით. კონკრეტული სამოქმედი გეგმა, ამირან გამყრელიძის სიტყვებით, ხვალ იქნება ცნობილი, როდესაც სამოქმედო გეგმას მთავრობა მოაწერს ხელს.

„ახალი განკარგულება, იმედია, ხვალ იქნება ხელმოწერილი, ტექსტი არსებობს და მიმდინარეობს შენიშვნების გათვალისწინება. გადაიდგმება რიგი ნაბიჯები, რაც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და ცნობილი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ჩინეთში ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქება დაიწყო, საქართველოში 24 შესაძლო შემთხვევა აღინიშნა.

„ჩვენ გვქონდა 24 შესაძლო შემთხვევა, რომელთა ჰოსპიტალიზაცია მოხდა ინფექციურ საავადმყოფოში და შესაბამისი კვლევები ჩატარდა ლუგარის ლაბორატორიაში და არც ერთ შემთხვევაში კორანავირუსული ინფექცია არ დადასტურებულა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობამ 23 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით.

24 თებერვლიდან შეზღუდვები დაუწესეს საქართველოში მომუშავე ჩინურ კომპანიებს.

29 იანვრიდან გაურკვეველი დროით აიკრძალა ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლა.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019-nCoV დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან, სადაც 11 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდა ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან.

24 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი შეადგენს 77 262-ს. საზღვარგარეთ ინფიცირებულთა რაოდენობაა 2 101. კორონავირუსით ჩინეთში გარდაიცვალა 2 595 ადამიანი. საზღვარგარეთ - 24. გამოჯანმრთელდა 24 757.

კორონავირუსი მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაშია გავრცელებული.

ჩინეთის შემდეგ, ირანი მეორე ადგილზე დგას COVID-19-ის ვირუსის გავრცელების დინამიკით და ფატალური შედეგით. ირანში კორონავირუსს უკვე 8 ადამიანი ემსხვერპლა. მკურნალობას 43 ადამიანი გადის.

ახალი COVID-19 ტიპის ვირუსი ირანში პირველად გამოჩნდა 19 თებერვალს. ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობით, იგი სავარაუდოდ ჩინელმა მუშებმა გაავრცელეს, რომლებიც ყუმში მუშაობენ და ჩინეთში დადიოდნენ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მეცნიერები მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე. მათ შორის, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში. თუმცა, მათი განცხადებით, ვაქცინის შექმნას, შესაძლოა, წელიწადზე მეტი დასჭირდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG