Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველა მოლოდინის რეჟიმში - ტურიზმი საქართველოში კორონავირუსის აფეთქების დროს 


უცხოელი ტურისტები სვანეთში
უცხოელი ტურისტები სვანეთში

კორონავირუსი მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიას „ურტყამს“. საქართველომ უკვე შეაჩერა პირდაპირი ავიამიმოსვლა ჩინეთსა და ირანთან, ვერავინ გამორიცხავს ფრენების შეზღუდვას იტალიის მიმართულებითაც. დაზარალდება თუ არა საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად?

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვარში საქართველოში ირანიდან 9 467 ვიზიტორი ჩამოვიდა, ჩინეთიდან - 3 051, იტალიიდან - 1 895. თებერვლის სტატისტიკა მხოლოდ მომდევნო თვის დასაწყისში გახდება ცნობილი.

„ყველა მოლოდინის რეჟიმშია“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი. მისი თქმით, უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ირანული ახალი წლის, „ნოვრუზის“, დღეებში შემოსავალი დაკარგა:

„ირანული ახალი წლის პერიოდში, 16 მარტიდან თვის ბოლომდე, ივსებოდა ხოლმე თბილისი ტურისტებით ირანიდან. წელს ეს 2-კვირიანი პერიოდი ჩავარდება. რაც შეეხება ჩინეთს, ამ ქვეყნიდან ჯავშნები თითქმის არ გვქონდა. თუმცა, მსოფლიო ტენდენციით, უკვე ყველა იკავებს თავს ფრენისა და მოგზაურობისგან“.

ვირუსი ქართველი მოგზაურების გეგმებზეც ახდენს გავლენას. იტალია მათთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, ბოლო მონაცემებით კი, იტალიის ჩრდილოეთში კორონავირუსის 200-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, 4 - ლეტალური შედეგით.

„იანვრის დასაწყისში დავგეგმეთ მოგზაურობა მილანში. 28 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით უნდა წავსულიყავით. ბილეთიც შევიძინეთ და ადგილებიც სასტუმროში. და ახლა ამ ყველაფრის გამო აღარ მივდივართ. მაღაზიებია დაკეტილი, კაფეები, „ლა სკალა“, „დუომო“. პანიკაა, რომლის გარემოცვაში ნამდვილად ვერ ისიამოვნებ დასვენებით. სავარაუდოდ, გადახდილი თანხის დიდ ნაწილსაც დავკარგავთ“, - გვეუბნება თათა ხაჩიძე, რომელიც იტალიაში მეუღლესთან ერთად გეგმავდა მოგზაურობას. „იუვენტუსი“-„ინტერისა“ და „იუვენტუსი“-„მილანის“ საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებად ტურინში ჩასვლას გეგმავდა ანა ტრედიჩი, მაგრამ მილანის მიმართულებით 26 თებერვლისთვის დაგეგმილი მოგზაურობა მანაც გადადო.

„როგორც ვიცით, ტურინში არ მუშაობს სკოლები და ბაღები, დაიკეტა მუზეუმები. ასევე, მილანში დაიკეტა საკათედრო ტაძარი და მუზეუმები. ფეხბურთს რაც შეეხება, კონკრეტულად არ გვაქვს ინფორმაცია, გადაიდო თუ არა ეს თამაშები, თუმცა სხვა რამდენიმე შეხვედრა გაუქმდა“, - ამბობს ანა.

საბოლოო გადაწყვეტილება მოგზაურობის თაობაზე ჯერ არ მიუღია ნინო ცერაძეს: „ოთხნი ვაპირებდით მოგზაურობას ბოლონიაში, ვენეციაში, ფლორენციასა და რომში. 21-29 მარტის ბილეთები გვაქვს. უნდა შევიკრიბოთ და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ“.

თავად იტალიაში რაიმე განსაკუთრებული პანიკა არ ჩანსო, გვეუბნება ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, რომელიც ქუთაისელ მსახიობებთან ერთად მოგზაურობს. მისი ინფორმაციით, იტალიაში მკაცრად მოწმდება აეროპორტები და მატარებლები.

„გუშინ დავესწარით ვენეციის კარნავალს, დღეს უკვე ბოლონიაში ვართ. პანიკაში „ფეისბუკმა“ ჩაგვაგდო და არა სიტუაციამ ადგილზე. ტურისტები ძირითადად ნიღბებით დადიან, განსაკუთრებით, ჩინეთიდან ჩამოსულები. ვერ ვიტყვი, რომ პანიკაა და საჭმელები მაღაზიებიდან დაიტაცეს, როგორც ეს გავრცელებულ ფოტოებზეა. ყოველ შემთხვევაში, ვენეციაში ასე არ იყო. თუმცა ტყუილი იქნება იმის თქმაც, რომ არ არის მიღებული უსაფრთხოების ზომები“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოს მოქალაქეებს ურჩევენ, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. ორკვირიანი დაკვირვება იქნება მოქალაქეებზე, რომლებიც სარისკო ქვეყნებს სტუმრობდნენ. საქართველოში ახალი კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG