Accessibility links

ხორვატიის გენერალური პროკურორი მასონობის გამო თანამდებობას დაემშვიდობა


ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა, 20 თებერვალს დააკმაყოფილა ქვეყნის გენერალური პროკურორის, დრაჟენ ელენიჩის, გადადგომის თხოვნა, რასაც წინ უძღოდა ფართო საზოგადოებრივი აჟიოტაჟი ქვეყნის მთავარი სახელმწიფო ბრალმდებლის მასონთა ლოჟის წევრობის თაობაზე.

დრაჟენ ელენიჩი
დრაჟენ ელენიჩი

„ამ ლოჟის წევრობა კანონიერია, მაგრამ იგი ტვირთად აწვება ჩემი, როგორც სახელმწიფო ბრალმდებლის, მოვალეობას“, - განაცხადა დრაჟენ ელენიჩმა მას შემდეგ, რაც საგაზეთო სკანდალი სერიოზულ სამართლებრივ დრამაში გადაიზარდა. მასონი ექიმის შანტაჟის საქმე

ხორვატიის გენერალური პროკურორის გადადგომა კიდევ უფრო დააჩქარა ერთმა სკანდალურმა ამბავმა.

გასული კვირის დასაწყისში პოლიციამ დააკავა ტაბლოიდ Dnevno.h-ისა და მისი დობილი კვირის გამოცემა 7Dnevno-ს რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც, სავარაუდოდ, აშანტაჟებდნენ ცნობილ ხორვატ ოფთალმოლოგ ნიკიცა გაბრიჩს, თავისუფალ მასონთა ორგანიზაციის წევრს.

ნიკიცა გაბრიჩმა განაცხადა, რომ ჟურნალისტები მას სთხოვდნენ საკვირაო გამოცემაში განეთავსებინა 25 ათასი ევროს ღირებულების რეკლამა, რის სანაცვლოდაც ისინი აღარ დაბეჭდავდნენ მასონთა ცერემონიებში ფარული მონაწილეობის ამსახველ ფოტოებს.

გენერალურმა პროკურორმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ექიმი, რომელიც მასონთა ლოჟის ერთ-ერთი ლიდერია, მას სთხოვდა გავლენა მოეხდინა გამოძიებაზე. პასუხად ნიკიცა გაბრიჩმა აღნიშნა, რომ ჩაწერილი აქვს საუბარი, რომლის დროსაც გენერალური პროკურორი ექიმს შანტაჟის მსხვერპლს უწოდებს და დახმარებას თავადვე სთავაზობს.

შექმნილ ვითარებაში ხორვატიის გენერალურმა პროკურორმა გადაწყვიტა, საკუთარი ნებით დაეტოვებინა პოსტი, რასაც „სწორი ნაბიჯი“ უწოდა პრემიერ- მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა, რომელმაც ჟურნალისტების შეკითხვაზე განაცხადა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ელენიჩის კანდიდატურის წარდგენის დროს მთავრობას არ ჰქონდა ინფორმაცია მისი მასონთა ლოჟის ფარული წევრობის შესახებ.

„ეს ორგანიზაცია კანონიერია და არ არსებობს ამ ასოციაციის წევრობის ამკრძალავი არავითარი ნორმატიული აქტი. ჩვენთვის ეს ფაქტი ცნობილი რომ ყოფილიყო, მას განვიხილავდით. მთავრობა არ აყენებს ეჭვქვეშ ელენიჩის დამოუკიდებლობას და პროფესიონალიზმს, მაგრამ მხარს ვუჭერთ მის გადაწყვეტილებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და ვთვლით, რომ ეს არის სწორი და პასუხისმგებლიანი საქციელი“, - განაცხადა ანდრეი პლენოვიჩმა.

რა არ ეპატია გენერალურ პროკურორს

ნებისმიერი ორგანიზაციის - მათ შორის, მასონთა ლოჟის - წევრობა ხორვატიაში სრულიად კანონიერია, მით უფრო, რომ ორგანიზაცია დარეგისტრირებულია ხორვატიის იუსტიციის სამინისტროს მიერ და, წესდების თანახმად, მიზნად ისახავს მაღალი იდეალების, „მორალის, კულტურის, ახლობლის მიმართ სიყვარულისა და შემწყნარებლობის“ პროპაგანდას.

მაგრამ კანონი ავალდებულებს თანამდებობის პირს, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, განაცხადოს, რომ საზოგადოებრივი გაერთიანების წევრია, რაც ელენიჩს არ გაუკეთებია.

როგორც გაირკვა, თავისუფალ მასონთა ლოჟაში გაწევრიანების მიწვევა ელენიჩმა 2018 წლის მარტში მიიღო - ერთი დღით ადრე, ვიდრე გენერალური პორკურორის პოსტზე დანიშნავდნენ - და მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი საზოგადოებას უმალავდა ამ ორგანიზაციის წევრობას.

მეტიც, როდესაც გასულ კვირაში ადგილობრივი მედია დაინტერესდა გენერალური პროკურორის მასონთა ლოჟის ფარული წევრობით, ელენიჩმა თავდაპირველად განაცხადა, რომ მას „დიდი ხნის წინ“ შესთავაზეს მასონებთან გაერთიანება, მაგრამ უარით უპასუხა.

მასონური საქმიანობა ხორვატიაში სათავეს იღებს მე-18 საუკუნის შუა წლებიდან. მასონთა პირველი დიდი ლოჟა 1770 წელს დაარსდა, მაგრამ თავისი გასაიდუმლოებული ბუნების გამო, იგი ხშირად აღძრავდა ეჭვებს და არაერთხელ იყო აკრძალული. მასონთა გაერთიანება სრულიად განადგურდა ყოფილ იუგოსლავიაში კომუნისტური მმართველობის დროს და მხოლოდ 1990-იან წლებში აღორძინდა.

მაგრამ გარკვეული კლიშეები და უნდობლობა მასონთა მიმართ კვლავაც არსებობს, რაც სკანდალის ფონზე ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის, სიტყვებმა დაადასტურა.

„მასონთა გაერთიანება სინამდვილეში წარმოადგენს გასაიდუმლოებულ ორგანიზაციას და თუ თქვენ სახელმწიფო მოხელე, განსაკუთრებით კი, რეპრესიული სახელმწიფო აპარატის თანაშრომელი ხართ, ამ ორგანიზაციის წევრობით მეტისმეტად ეჭვქვეშ აყენებთ კონსტიტუციისა და კანონის მიმართ საკუთარ ლოიალობას და ობიექტურობას“, - განაცხადა ხორვატიის პრეზიდენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG