Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO: კორონავირუსის გავრცელებას გლობალური პანდემიის სახე ჯერჯერობით არ მიუღია


მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია(WHO) გლობალურ პანდემიად ჯერჯერობით არ აფასებს პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მხრივ არსებულ ვითარებას, თუმცა, მიიჩნევს, რომ პანდემიისთვის მზადება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეისუსმა განაცხადა.

მისი თქმით, იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში კორონავირუსის შემთხვევები საკმაოდ შემაშფოთებელია, თუმცა, პანდემია ნიშნავს მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის გავრცელებას.

საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებითვე, ჩინეთში, საიდანაც კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, ეპიდემიის პიკი უკვე გავლილია. მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მონაცემებით, ამ ეტაპზე კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები დაავადების საერთო რაოდენობის 0,7%-ს შეადგენს. შედარებით რბილი სიმპტომების მქონე პაციენტების გამოჯანმრთელებას ორი კვირა სჭირდება, გართულების შემთხვევაში კი, 3-7 კვირა.

25 თებერვლის დილის მდგომარეობით, კორონავირუსით მსოფლიოში დაავადებულთა საერთო რიცხვი 80 000-ს აჭარბებს. მათგან 77 600-ზე მეტი ჩინეთში დაავადდა. მსოფლიოს კიდევ 36 ქვეყანაში დაავადების, საერთო ჯამში, 2400-ზე მეტი შემთხვევაა.

დღემდე კორონავირუსით გარდაცვლილია 2698 ადამიანი. მათგან 2600-ზე მეტი - ჩინეთში.

სამხრეთ კორეამ დაადასტურა კორონავირუსით გარდაცვალების მერვე შემთხვევა. დაავადებულია 890-ზე მეტი ადამიანი.

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილია 7 ადამიანი და დაავადებულია 220-ზე მეტი.

ირანი ოფიციალურად ადასტურებს გარდაცვალების 12 და დაავადების სულ მცირე 60 შემთხვევას.

პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. ეპიდაფეთქების გამო მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG