Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში კორონავირუსით დაავადების შემთხვევები იკლებს, სხვა ქვეყნებში შედარებით მატულობს


ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ დღეს, 26 თებერვალს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით (COVID-19) დაავადდა 406 ადამიანი, რაც 102-ით ნაკლებია წინა დღის მაჩვენებელზე. კორონავირუსით გარდაიცვალა 52 ადამიანი, რაც ბოლო სამი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი რიცხვია.

დაავადებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა სამხრეთი კორეა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების 169 ახალი შემთხვევა დაადასტურდა. საერთო რიცხვმა 1140-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 10 ადამიანი.

იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე კორონავირუსით დაავადების 35 შემთხვევაა, რაც ტოკიოს მიღმა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 27 თებერვლიდან კუნძულზე რამდენიმე დღით დაიხურება დაწყებითი და საშუალო სკოლები. იაპონიაში სულ დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 164 შემთხვევა და კიდევ 691 - იაპონიის ტერიტორიულ წყლებში მყოფ საკრუიზო გემზე. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნდა გაუქმდეს ან შემცირდეს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილი სპორტული და კულტურული ღონისძიებები. იაპონიაში იზრდება შეშფოთება იმის გამო, რომ კორონავირუსმა შესაძლოა ტოკიოს წლევანდელი ოლიმპიადა ჩაშალოს.

სავარაუდოდ, კორონავირუსის პირველი შემთხვევაა ბრაზილიაში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი დიაგნოზით, ვირუსი აქვს სან-პაულუში მცხოვრებ 61 წლის მამაკაცს, რომელიც ორი კვირით იტალიაში იმყოფებოდა. საკუთარ სახლში იზოლირებულ პაციენტს საბოლოო დიაგნოზისთვის მეორე ტესტი ჩაუტარეს. ბრაზილიამ გააძლიერა ქვეყანაში იტალიიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან ჩასული მგზავრების კონტროლი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევებია გერმანიის კიდევ ორ რეგიონში. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის ქალაქ ჰაინსბერგში კორონავირუსით დაავადებულია 47 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობა მძიმეა. კორონავირუსი დაუდგინდა ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის ქალაქ გეპინგენში მცხოვრებ 25 წლის მამაკაცს, რომელიც იტალიის ქალაქ მილანში იმყოფებოდა. დღემდე გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევები იყო მხოლოდ ბავარიაში.

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ყველაზე რთული ვითარებაა იტალიის ჩრდილოეთში. 26 თებერვლის დილის მონაცემებით, იტალიაში სულ გარდაცვლილია 11 ადამიანი და 300-ზე მეტი დაავადდა.

კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა ავსტრიაში, ერთი შვეიცარიაში, ერთი ესპანეთსა და ერთი ხორვატიაში. ხუთივე დაავადებული იტალიის ქალაქ მილანში იმყოფებოდა. ამ შემთხვევების დადასტურებამდე ესპანეთის კუნძულ ტენერიფეს ერთ-ერთ სასტუმროში კორონავირუსი აღმოაჩნდა იტალიელ ექიმს. სასტუმროს ათასამდე მცხოვრები იზოლირებულია.

კორონავირუსი აღმოაჩნდა ალჟირში ჩასულ იტალიის მოქალაქესაც.

იტალიის გარდა, სარისკო ზონად მიჩნეულია ირანი, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილია 16 ადამიანი და ასამდე დაავადდა. ვირუსი აღმოაჩნდათ ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და პარლამენტის დეპუტატსაც.

პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

კორონავირუსით მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში დაავადებულთა საერთო რიცხვი 80 000-ს აჭარბებს, გარდაცვლილების - 2700-ს. ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთზე მოდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG