Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ს პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია საარჩევნო სისტემის შესახებ ფართო კონსენსუსი


„ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს რეგიონში დემოკრატიული ლიდერის პოზიციის განმტკიცების შანსი ეძლევა“, - თქვა აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) პრეზიდენტმა დერეკ მიტჩელმა საქართველოში ვიზიტის დასრულებისას. მისი თქმით, როგორც 2020, ასევე 2021 წელს NDI გააგრძელებს ქართული დემოკრატიის მხარდაჭერას.

დერეკ მიტჩელის თქმით, საქართველოს დასავლელი მეგობრები, მათ შორის NDI, არჩევნებისთვის მზადების პროცესს ყურადღებით დააკვირდებიან.

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა ჰქონდეს. ამის უზრუნველსაყოფად აუცილებელი იქნება: ქვეყნის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დროული და ფართო კონსენსუსის მიღწევა; კანდიდატებისა და პარტიების უფლებების დაცვა, რათა მათ პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა; არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის, შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლების დაცვა; პოლიტიკურ პროცესებში ქალების უსაფრთხო და თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა; ახალგაზრდების ჩართულობისთვის კონსტრუქციული გარემოს შექმნა და პოლიტიკური პოლარიზაციის თავიდან არიდება, რაც საფრთხეს უქმნის ეროვნულ ერთიანობას და გარე არალიბერალური ძალების გავლენებს აძლიერებს“, - დერეკ მიტჩელის განცხადების ტექსტს NDI-ის საქართველოს ოფისი ავრცელებს. მიტჩელი 24-26 თებერვალს საქართველოს პირველად სტუმრობდა.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში მიტჩელი შეხვდა: პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს, მმართველი პარტიისა და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, მერებსა და საკრებულოს წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, პოლიტიკოს ქალებს, ახალგაზრდა ლიდერებსა და დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG