Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დალუქულ ყუთში გადანახული ბედნიერება


ავტორი: სალომე გასვიანი

დაკვირვებული ვარ, რომ ხშირ შემთხვევაში ქალთა უფლებებსა და ზოგადად ქალებზე, მხოლოდ მაშინ ვიწყებთ ლაპარაკს, როდესაც რაიმე ხდება. უმეტესად რაიმე ცუდი. როდესაც ვინმეს ეჭვიანობის ნიადაგზე კლავენ, ან როდესაც ვინმეს დაუმორჩილებლობის გამო სცემენ, ან როდესაც ვინმეს სახლიდან აგდებენ - „ქალია და სარფიანად უნდა გათხოვდეს“, ან როდესაც ვინმეს მაგიერ გადაწყვეტილებას იღებენ, რომ შვილად მხოლოდ ბიჭი მოიაზრება, გოგო თუა ზედმეტი ტვირთია და აუცილებელია ამ ტვირთის მოშორება, მანამ, სანამ დაიბადება, და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი რამ ხდება. დღევანდელი რეალობისა და სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე მუდმივად ვბრაზობთ, ვჩხუბობთ, გვწყინს, გული გვწყდება და იმდენად ვეხვევით ამ ემოციების კორიანტელში, რომ ვერ ვიგებთ, რომელი გრძნობა რომელს უსწრებს წინ. და სწორედ ამ დროს გვავიწყდება დალუქულ ყუთში გადანახული ბედნიერება.

როგორც სარტრი ამბობს თავის ერთ-ერთ ტექსტში : „ადამიანს მისჯილი აქვს, იყოს თავისუფალი“, ხანდახან წარმოვიდგენ, როგორ დაგვაყენა ვიღაცამ სამყაროს შუაგულში და მოგვისაჯა ქალად დაბადება, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ პირველ შემთხვევაში ზმნა „მისჯილი“ არც ისე უარყოფით კონტექსტშია გამოყენებული, მეორე შემთხვევაში კი მისი თანმდევი ზმნებია : ტანჯვა, ტვირთი, წუხილი. მგონია, რომ სწორედ ამ მომენტში ჩვენ, ჩვენ თვითონვე გამოვუტანეთ საკუთარ თავს განაჩენი - შევქმენით ლამაზი, ყავისფერი ყუთი, რომლის კუთხეშიც შევყუჟეთ ჩვენი წილი, ანუ ქალად ყოფნის ბედნიერება, ეს ყუთი დიდი ბოქლომით დავლუქეთ და გადავწყვიტეთ აღარასდროს გველაპარაკა ამ ბედნიერებაზე.

კი, სწორედ ეს ყუთი მახსენდება იმდენჯერ, რამდენჯერაც ვიღაც იტყვის, რომ ქალად არსებობა ამ ძალადობითა და უსამართლობით სავსე სამყაროში სასჯელია, რამდენჯერაც ვიღაც იტყვის, რომ ჩვენი ბედი სწორედ მაშინ გადაწყდა, როდესაც ჩვენთვის არავის უკითხავს, ისე მოვევლინეთ ამ სამყაროს განსაზღვრული გენდერით, რამდენჯერაც ვიღაც იტყვის, რომ კაცად ცხოვრება ბევრად მარტივია და ეს ყუთი მახსენდება იმდენჯერ, რამდენჯერაც გვავიწყდება და ვერ ვაფასებთ დალუქულ ყუთში გადანახულ ბედნიერებას.

ზოგადად მგონია, რომ სწორედ ჩვენ, ქალებმა უნდა ვილაპარაკოთ უფრო ბევრი ქალად ყოფნის ბედნიერებაზე, მესმის, რთულია ეს იმ ადამიანს უთხრა, რომელზეც იძალადეს, ან რომელიც მთელი ბავშვობა უყურებდა ძალადობას, ან რომელიც უბრალოდ ყოველდღიურად ადევნებს თვალს ქვეყანაში მომხდარ სიახლეებს, რთულია, მაგრამ, აბა, ის ჯობია ისედაც დამძიმებული, ძაღლის ლეშად გადაქცეული ცხოვრება, რომლებიც ადამიანებს კისერზე აქვთ ჩამოკიდებული, ჩვენი სასოწარკვეთითა და უარყოფითი შეხედულებებით კიდევ უფრო დავამძიმოთ?

არსებობს დიმიტრი უზნაძის მიერ ჩამოყალიბებული „განწყობის თეორია“, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ქცევას წინ უსწრებს განწყობა, განწყობა კი არის ფსიქოფიზიკური მზაობის მდგომარეობა, რომელიც ყველა ჩვენს ქცევას ამოძრავებს და მიმართულებას აძლევს. ხოდა ზუსტად ამიტომ ჩვენ, ჩვენი განწყობით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ :

საზოგადოება მსხვერპლად კი არა, ჩვეულებრივ ადამიანებად აღგვიქვამდეს,
გარემო პირობებიდან გამომდინარე, ქალი არ ასოცირდებოდეს შურისმაძიებელ პიროვნებასთან, რომლის თვალებშიც მხოლოდ ბრაზი და აგრესიაა,
ქალად ყოფნა და არსებობა თავისთავად არ გულისხმობდეს დაუძლეველ უსამართლობასა და აუტანელ ტანჯვას,

ჩვენ ჩვენი განწყობით უნდა მოვახერხოთ და სხვების ყურამდე მივიტანოთ, რომ :
ქალად დაბადება ბევრჯერ წარმოუდგენლად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ უმეტესად მაინც მშვენიერია,
ქალად დაბადება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს უფლება აქვს ჩვენი წილი თავისუფლება და დამოუკიდებლობა წაგვართვას,
და ბოლოს, ქალად დაბადება სასჯელი კი არა - ბედნიერებაა.

და სწორედ ჩვენ, ქალებმა უნდა ვილაპარაკოთ უფრო მეტი ამ ბედნიერებაზე, რამდენჯერაც წავიქცევით და შემდეგ წამოვგდებით, სწორედ ფეხზე წამოდგმომის ბედნიერებაზე უნდა ვილაპარაკოთ, რამდენჯერაც დასახულ მიზანს მივაღწევთ, ამ მიზნის მიღწევის ბედნიერებაზე უნდა ვილაპარაკოთ, რამდენჯერაც ჩვენი შრომითა და მონდომებით რაღაცას უკეთესობისკენ შევცვლით, კმაყოფილების ბედნიერებაზე უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ვილაპარაკოთ, რადგან მაშინ, როდესაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ, შეიძლება ჩვენ მიერ თქმული ერთი სიტყვა მაინც ვიღაცისთვის ინსპირაციისა და სტიმულის წყარო გახდეს, უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს ბედნიერებაზე, რადგან პატარა გოგონებმა ადრეულ ასაკში თავიანთი სქესი არ შეიძულონ ისე, როგორც კერპმა მამამ შეიძულა უძღები შვილი.

და ბოლოს, მჯერა, რომ საბოლოოდ ჩვენს ლაპარაკს ყველა მოისმენს და გაიგებს, რადგან ქალად ყოფნის ბედნიერება, ადამიანად ყოფნის ბედნიერებაა...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG