Accessibility links

logo-print logo-print

კობახიძე: იმედი მაქვს, ჩვენი მოდელის შესახებ საბოლოო ჯამში შეთანხმება იქნება მიღწეული


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან გამართული არაფორმალური შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა საინტერესო და ორიგინალური იდეები.

კობახიძის თქმით, მმართველი პარტიის იდეები ქმნის საფუძველს, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური პარტიები „რაციონალური და სამართლიანი დოზით“ იყვნენ წარმოდგენილები.

„შეთანხმებული ვართ, რომ დეტალებზე არ ვისაუბრებთ. თუ ოპოზიციის წარმომადგენლები არ დაიწყებენ საბაბის ძებნას, ამ შემთხვევაში შეთანხმება იქნება მიღწეული“, - თქვა კობახიძემ, თუმცა „ქართული ოცნების“ წინადადების რამდენიმე პრინციპი დაასახელა.

„საბოლოო ჯამში ის იდეები, რომლებიც გავაჟღერეთ დღევანდელ შეხვედრაზე, იძლევა იმის საშუალებას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ მანდატების კუთხით მიიღოს იგივე შედეგი, რასაც ის მიიღებდა სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში. ეს დავამტკიცეთ ჩვენ კონკრეტული ციფრებით. ის მოდელი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, არის ბოლომდე დაახლოებული პროპორციულ სისტემასთან, ერთადერთი დარჩა ის, რომ თუ ვინმეს უნდა საბაბის მოძებნა, ეს ყოველთვის შეიძლება. არგუმენტები ამ იდეების წინააღმდეგ შეუძლებელია, რომ მოიძებნოს. ეს უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტში მაქსიმალურად სწორი მოდელის ჩამოყალიბებას და იმედი მაქვს, რომ ამ მოდელთან დაკავშირებით საბოლოო ჯამში შეთანხმება იქნება მიღწეული“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის ყოფილი სპიკერი შეთანხმებისთვის აუცილებელ ვადასაც ასახელებს.

„ვფიქრობთ, რომ ოთხშაბათს უნდა დაინიცირდეს კანონპროექტი იმისთვის, რომ სათანადო პროცედურით მთლიანად საკანონმდებლო პაკეტის მიღება ივნისის ბოლომდე მოხერხდეს. იგულისხმება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც მთლიანობაში სჭირდება სამი თვე, საყოველთაო-სახალხო განხილვებითა და სამი მოსმენით. ასევე, რა თქმა უნდა, საუბარია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რასაც დაახლოებით ერთ თვემდე დასჭირდება, შესაბამისად, ჩვენ რეალურად რამდენიმე დღე გვაქვს იმისთვის, რომ შევჯერდეთ კონკრეტულ მოდელზე და ამის ყველანაირი საფუძველი არსებობს“, - აღნიშნავს კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრას „მეგობრული“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი კონკრეტულ შეთანხმებამდე არ მისულან.

„ნაბიჯები გადადგმულია ყველა მხრიდან, რომ შეთანხმება შედგეს“, - შენიშნავს თალაკვაძე. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ დიალოგის პოზიტიური შედეგით დასრულება სურს.

„რა თქმა უნდა, კარგი იქნება რომ მოხდეს შეთანხმება გარკვეულ კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს ჩვენს არჩევნებს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად“, - განაცხადა თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ რიცხვებსა და პროცენტებზე შეხვედრაზე არ უსაუბრიათ.

პარლამენტის სპიკერის თქმით, მომდევნო შეხვედრის მოსამზადებლად გარკვეული დრო იქნება საჭირო.

ამერიკის ელჩის მოადგილისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე რეზიდენციაში უმასპინძლა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.

შეხვედრის შემდეგ ილაპარაკეს ოპოზიციის წარმომადგელნებმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG