Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახიძე "ოცნებას" 20 ოლქის შექმნაზე: 40 ოლქად რომ დაყოფენ, მერე შეაერთონ 2-2 და გამოვა 20


ოთარ კახიძე, დეპუტატი
ოთარ კახიძე, დეპუტატი

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, დეპუტატი ოთარ კახიძე ხელისუფლებას ქვეყნის 20 საარჩევნო ოლქად დაყოფის „მარტივ“ ხერხს სთავაზობს:

„თავიანთი შემოთავაზება ხომ არის, 40 იყოს მაჟორიტარი. 40 ოლქად რომ დაყოფენ, მერე შეაერთონ 2-2 ოლქი და გამოვა 20. მარტივია ძაან“, - უთხრა ჟურნალისტებს ოთარ კახიძემ „ქართული ოცნების“ ლიდერთა იმ კომენტარების პასუხად, რომლის თანახმადაც, ქვეყნის 20 საარჩევნო ოლქად დაყოფა გეოგრაფიულადაც შეუძლებელია.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება, ეს არის 130/20-ზე, რომ საგრძნობლად და მნიშვნელოვნად იყოს მიღწეული პროპორციული სისტემა. ამასთან, ჩვენ გვაქვს პირობად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის ნორმალიზება და ცივილური ოპონირების რეჟიმში დავბრუნდეთ და განიმუხტოს კრიზისი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრები აღნიშნავენ, რომ თუ პოლიტპატიმრების საკითხზე ხელისუფლება უკან არ დაიხევს, პარლამენტში არსებითად პროპორციული სისტემის კანონპროექტის დაყენების შემთხვევაში, პარტია მზადაა მას მხარი დაუჭიროს. თუმცა, მეორე მხრივ, პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, პოლიტიკური კრიზისი ამოწურულად ვერ ჩაითვლება.

პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრი და ვიცე-სპიკერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ შეუძლებელია ქვეყნის 40-ზე ნაკლებ მაჟორიტარულ ოლქად დაყოფა. შესაბამისად, უმრავლესობა ოპოზიციას 110 დეპუტატის პროპორციული წესით და 40 დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას სთავაზობს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ერთობას შორის საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს პარლამენტში ჩავარდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები.

ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ერთობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების 4 რაუნდი ჩატარდა. დიალოგი მხარეებს შორის 2019 წლის 20 დეკემბრის შემდეგ აღარ გამართულა.

უზენაესი სასამართლოს მიერ „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, 10 თებერვალს ოპოზიციური პარტიების სახელით „ლეიბორისტულ პარტიაში“ გაკეთდა განცხადება მმართველ ძალასთან დიალოგის შეწყვეტის შესახებ.

ამ ეტაპზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით არაოფიციალურ შეხვედრებზე გრძელდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით გამართვის წინადადების უარყოფის შემდეგ, ხელისუფლებამ ოპოზიციას თავისი ვარიანტი შესთავაზა, რაც 100/50-ზე პროპორციას გულისხმობდა. ოპოზიციისთვის შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა. არსებული ინფორმაციით, არაოფიციალურად, მმართველი პარტიის ახალი შეთავაზება 110/40-ზე პრინციპს ეფუძნება. წერილობითი სახით შეთავაზების პროექტი არ არსებობს.

XS
SM
MD
LG