Accessibility links

ისრაელის „ქართული“ პარტია შემდეგ არჩევნებზე ფიქრობს


„ა-ხაზონიმ“, პოლიტიკურმა პარტიამ, რომლის სიის ათეულში ხუთი ქართველი ებრაელია, ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. მემარჯვენე, ლიბერალური მიდგომების მქონე პარტიის ლიდერი, თბილისში დაბადებული ციონ ალონი, ამბობს, რომ საარჩევნო ბარიერის (3.25%) გადალახვა პარტიის მიზანი ამ ეტაპზე არც ყოფილა, შემდეგ არჩევნებს კი უფრო მომზადებულად შეხვდებიან.

„ჩვენი პარტია დაფუძნდა არჩევნებამდე ორი თვით ადრე. არის ეტაპები, რომელთა გავლა უწევს ახალ პარტიას. ეს არის რეგისტრაცია, სხვა საორგანიზაციო საკითხები. რა თქმა უნდა, ორ თვეში ამ ყველაფრის მოსწრება და შესაბამისი შედეგის დადება წარმოუდგენელი იყო“, - ეუბნება ალონი რადიო თავისუფლებას.

2 მარტს ისრაელში ბოლო ერთ წელიწადში რიგით მესამე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგებით, მდგომარეობა გაიუმჯობესა მოქმედი პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, პარტიამ, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის „ლიკუდს“ მაინც არასაკმარისი მანდატები აქვს.

„არც მემარჯვენე, არც მემარცხენე ბანაკს კვლავ არა აქვს უმრავლესობა პარლამენტში“, - ამბობს „ა-ხაზონის“ ლიდერი, ციონ ალონი.

პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ისრაელში სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე მოლაპარაკებები ისევ ჩაიშალოს და მორიგი არჩევნები 4-5 თვეში გაიმართოს. „სუსტი“ მთავრობის ჩამოყალიბების შემთხვევაში კი ალონი ვარაუდობს, რომ ახალი არჩევნების ჩატარება 1-1.5 წელიწადში აუცილებელი გახდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG