Accessibility links

 სტალინის გარდაცვალების 67-ე წლისთავი, ადგილნაცვალი ძეგლი და დახურული მუზეუმი 


67 წლის წინ საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი გარდაიცვალა. 67 წლის შემდეგ მისი სახლ-მუზეუმი კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გამო დაკეტილია. გაყოფილი კომუნისტური და სტალინური პარტიების წევრები ამ დღეს ცალ-ცალკე აღნიშნავენ. კომუნისტებმა ადგილი მუზეუმის წინ მდებარე ძეგლთან დაიკავეს და მცირე მიტინგი გამართეს, ძეგლის უკან სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი სტალინური მშრომელთა პარტიის წევრებმა სამგლოვიარო მუსიკა ჩართეს. კომპარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ნაზი სტეფანიშვილს, სტალინის მუზეუმი სახლში აქვს მოწყობილი. დღეს იგი საბჭოთა ბელადის ძეგლთან ყვავილებით მივიდა და გაიხსენა მისი გარდაცვალება და ის პერიოდი, როცა გორში სტალინის ძეგლს დგამდნენ:

„სტალინის დაღუპვა რადიომ გადმოსცა. ყველა ტიროდა, ყველა სახლიდან დროშები გადმოფინეს შავი არშიებით. ეს ბავშვობიდან კარგად მახსოვს. ძეგლის გაკეთება რომ დაიწყეს, სკოლიდან მანდ მივდიოდი ხოლმე. ისე იყო შეღობილი, რომ ჭუჭრუტანაც არსად ჩანდა, მაგრამ ბავშვი რის ბავშვია, მაინც ვიპოვე პატარა ჭუჭრუტანა და იმ ჭუჭრუტანასთან საათობით ვიდექი და ვუცქეროდი, როგორ კეთდებოდა ძეგლი. მახსოვს, ორი დიდი შავი ბოთლი ჩაფლეს საძირკველში და დაასხეს დიდი რაოდენობით ბეტონი. ბავშვები ამბობდნენ, რომ ვინც ძეგლს ხელს ახლებს, ეს შავი ბოთლები ბომბებია და მთელი ქალაქი აფეთქდებაო. ახლა ამ ძეგლს დაატარებენ აქეთ-იქით. ის, ვიცით, რომ ბერბუკშია და შეფუთულია. ჩვენმა მერმა შეაფუთინა, რამდენადაც ვიცით. მერის ნებართვის გარეშე ვერც ჟურნალისტი შევა იქა და ვერც ვერავინ“.

სტალინის პატივსაცემად წელსაც შეიკრიბნენ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:33 0:00

საბჭოთა დიქტატორის ძეგლი ახლა სოფელ ბერბუკში, მელიორაციის სამსახურის ტერიტორიაზე, შეფუთული დევს. მერის ნებართვა მის მონახულებას არ სჭირდება, ტერიტორიაზე ერთი ყარაულია მხოლოდ. საბჭოთა დიქტატორის ძეგლი ქალაქის ცენტრალური მოედნიდან 2010 წელს მოხსნეს. მას შემდეგ ერთ-ერთი კერძო სამშენებლო კომპანიის ტერიტორიაზე იდო, ბოლო დროს კი ადგილი კიდევ ერთხელ შეუცვალეს და უკვე ბერბუკში გადაიტანეს. ათი წელია, სტალინისტები ამ ძეგლის დადგმას ითხოვენ. ამჟამინდელ ხელისუფლებას მისი მუზეუმის ტერიტორიაზე დადგმის მცდელობა ჰქონდა კიდეც, მაგრამ საერთაშორისო რეზონანსი იმდენად უარყოფითი იყო, რომ კვარცხლბეკის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდა.

სტალინისტებმა ძეგლის ქალაქის ცენტრში დადგმა დღესაც მოითხოვეს. საქართველოს მშრომელთა პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი, თენგიზ კანთელაშვილი, ამბობს, რომ თუ ძეგლს შემოდგომამდე არ დადგამენ, მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს:

„არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, თუ ძეგლი არ დაიდგმება. მუშებსა და გლეხებსაც მოვუწოდებთ ნელ-ნელა. აქამდე სტალინის თაყვანისმცემლებს მოვუწოდებდით, რომ არ მისულიყვნენ არჩევნებზე. საქართველოს მასშტაბით ახლა მუშები და გლეხებიც ჩაერთვებიან ამ საქმეში და რომელი სოციალისტური პარტიაც მიიღებს მონაწილეობას, ის თავის თავს გამოავლენს, რომ არ არის სოციალისტური მიმართულებისა“.

სტალინის შენახული ძეგლი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:21 0:00

მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმი დაკეტილია, ტურისტული ჯგუფები სტალინის სკვერში მაინც მიდიან, მომიტინგეებთან ჩერდებიან და კითხულობენ, რატომ დადიან კომუნისტები ბელადის პორტრეტებით და ყვავილებით. ტურისტებმა ესტონეთიდან, რუსეთიდან, ტაილანდიდან, ყირგიზეთიდან და ინდოეთიდან არ იცოდნენ, რომ მუზეუმი დაკეტილი იყო. მუზეუმის შესასვლელთან განთავსებულ განცხადებასთან, სადაც სამ ენაზე წერია, რომ კორონავირუსის გამო მუზეუმი გაურკვეველი ვადით დახურულია, ტურისტები ფოტოს იღებდნენ.

სტალინის მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი, ქეთევან ახობაძე, ამბობს, რომ სტალინის მუზეუმი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტ ტურისტს მასპინძლობს, მათ შორის იმ ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. მისი თქმით, მუზეუმი პრევენციული ღონისძიებების გამო დაიკეტა.

„იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვიღებთ ძალიან ბევრ ტურისტს და გვაქვს შეხება, ამიტომ მიღებული იქნა პრევენციული ზომები და მუზეუმი რამდენიმე ხნით დაიკეტა. როცა მსოფლიო ამ საშიშროების წინაშე დადგა, ჩვენ უკვე გვქონდა შესაბამისი ზომები მიღებული ანტიბაქტერიული საპნებისა და სპირტიანი ხელსაწმენდების სახით. ახლა ველოდებით, რომ სპეციალური სამსახური მუზეუმის გახსნამდე სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს. ყოველდღე უამრავი შემოსავალი გვაქვს და ახლა ეს იკარგება“.

ტურისტებმა სტალინის მუზეუმი ვერ დაათვალიერეს
please wait

No media source currently available

0:00 0:00:42 0:00

ჯერ არავინ იცის, როდის გაიხსნება საბჭოთა დიქტატორის სახლ-მუზეუმი. მისი სახელობის სკვერში სტალინურმა და კომუნისტურმა პარტიებმა 50-მდე ადამიანის მობილიზაცია ძლივს მოახერხეს. ისინი, ათი წელია, ძეგლის დადგმას ითხოვენ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი თაყვანისმცემელი ჰყავს გორში ბელადს, ეს მხოლოდ ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის ცვლილებაზე იქნება დამოკიდებული. ამას კომუნისტებიც კარგად აცნობიერებენ და ძეგლის დადგმის იმედი არა აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG